„შენ არ გჯეროდა, რომ სიყვარულისგან კვდებიან... იცოდე, მე მოვკვდი“...

© AP Photoმარია კალასი
მარია კალასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, სუსხიანი დეკემბრის მიუხედავად, მე აივანიდან გადმოგხედავთ, როგორც ბენუარის ლოჟიდან, თანაც საკონცერტო კაბაში გამოწყობილი, თავისი წაულის მოსასხამით (იქნებ ვინმემ მათხოვოს), მკლავებამდე აკაპიწებულ ატლასის ხელთათმანებში და, რა თქმა უნდა, პატარა, მარგალიტებით მორთული ჩანთით, რომელშიც მთავარ ადგილს ბინოკლი დაიკავებს… მერე რა, რომ გავიყინები, დღეს ღირს, რადგან ჩვენ აივანზე ამობრძანდება სულ სხვანაირი შარმის და პეწის მატარებელი, ოპერის უპირობო დედოფალი, შესანიშნავი მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულუ…

თუ ვინმე ვერ მიხვდა, ახლა ჩავრთავ ჩანაწერს…

ალბათ, ასეთი ქალბატონი მართლაც კარმენი უნდა ყოფილიყო და რამდენიმე ათეული ხოზე მაინც უნდა დაეღუპა თავისი ტორეადორებითურთ… მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ცხოვრება უფრო მეტად კერუბინის ოპერა „მედეას“ მთავარი გმირის ცხოვრებას ჩამო.გავდა, რომელშიც სიყვარული და ღალატი ებრძოდნენ ერთმანეთს.

მარია ნიუ-იორკში დაიბადა ბერძენი ემიგრანტების ოჯახში. ის 3 წლიდან ეზიარა კლასიკურ მუსიკას, 5 წლის ასაკში ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა, ხოლო 8 წლის ასაკში უკვე ვოკალის ხელოვნებას ეუფლებოდა.

© AP Photoმარია კალასი იტალიაში 1955 წელი.
მარია კალასი იტალიაში 1955 წელი. - Sputnik საქართველო
მარია კალასი იტალიაში 1955 წელი.

1936 წელს მარიას დედა ათენში გაემგზავრა, რათა მარიას იქ გაეგრძელებინა თავისი მუსიკალური განათლება. 14 წლის მარიამ დაიწყო სწავლა ათენის კონსერვატორიაში, ცნობილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს კლასში. 1941 წელს კი გერმანელების მიერ ოკუპირებული ათენის ოპერის თეატრში შედგა მისი დებიუტი ტოსკას როლში.

© AP Photoმარია კალასი პრიმა-ბალერინა მარგო ფონტეინთან ერთად
მარია კალასი პრიმა-ბალერინა მარგო ფონტეინთან ერთად - Sputnik საქართველო
მარია კალასი პრიმა-ბალერინა მარგო ფონტეინთან ერთად

თავად კალასის თქმით, მისი კარიერის რეალური დასაწყისი და პირველი წარმატება შედგა ვერონაში, Arena di Verona-ს ამფითეატრში, ოპერა „ჯოკონდაში“ ცნობილი დირიჟორის ტულიო სერაფინის ხელმძღვანელობით. სწორედ სერაფინიმ გაუხსნა კალასს გზა დიდი ოპერისკენ. 1950 წელს გაიმართა მარია კალასის დებიუტი „ლა სკალას“ სცენაზე. 1953 წელს კი ფირმა EMI-მ გამოუშვა მისი საოპერო პარტიების ჩანაწერთა სრული კრებული.

© AP Photo / Michel Lipchitz მარია კალასი პარიზში
 მარია კალასი პარიზში - Sputnik საქართველო
მარია კალასი პარიზში

ვერონაში მარია კალასმა გაიცნო ადგილობრივი მაგნატი, ოპერის დიდი მოყვარული ჯოვანი ბატისტა მენეგინი, რომელსაც იმდენად შეუყვარდა მარია, რომ გაყიდა საკუთარი ბიზნესი და მთელი თავისი სახსრები მის კარიერაში ჩადო. ისინი 1949 წელს დაქორწინდნენ. მარია ჰყვებოდა, რომ ჯოვანი, მისი სოლიდური ასაკის გათვალისწინებით, მისთვის გახდა მოსიყვარულე მეუღლეც, მზრუნველი მამაც, ნიჭიერი მენეჯერიც და ხელგაშლილი პროდიუსერიც. ცნობილია, რომ კარიერის დასაწყისში მარიას სერიოზული პრობლემები ჰქონდა ზედმეტ წონასთან დაკავშირებით, იყო დრო, როდესაც ის 105 კილოგრამსაც კი იწონიდა. მაგრამ მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლის ხელში მან შეძლო დაეძლია ეს პრობლემაც და შემდგომში, ცხოვრების ბოლომდე მისი წონა 55-დან 64 კილოგრამამდე მერყეობდა.

© AP Photoმარია კალასი მაკბეტის როლში
მარია კალასი მაკბეტის როლში - Sputnik საქართველო
მარია კალასი მაკბეტის როლში

ახლა კი მინდა გადავიდე მარია კალასის ცხოვრების იმ ნაწილზე, რომელიც მისთვის, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ძვირფასი და, ამავდროულად, უსაშველოდ მტკივნეულიც იყო…

1957 წლის სექტემბერში ვენეციაში მოწყობილ მეჯლისზე მარია კალასმა გაიცნო თავისი თანამემამულე, ბერძენი მილიარდერი არისტოტელე (არი) ონასისი… და ეს შეხვედრა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ონასისი სულაც არ იყო ოპერის მოყვარული, მაგრამ მომხიბვლელმა და მზესავით მიუწვდომელმა მარიამ მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მას საოცარ საჩუქრებს უძღვნიდა, მარიას გამოსვლის შემდეგ ონასისის მიერ გამოგზავნილი ყვავილებით სცენა ისე ივსებოდა, რომ მსახიობებიც კი არ ჩანდნენ… ერთხელაც მან მარია და მისი მეუღლე თავის ცნობილ იახტა „კრისტინაზე“ მიიწვია.

© AP Photoგანუმეორებელი მარია კალასი სცენაზე
განუმეორებელი მარია კალასი სცენაზე - Sputnik საქართველო
განუმეორებელი მარია კალასი სცენაზე

არავინ იცის ბოლომდე, რა მოხდა იმ იახტაზე და რითი შეძლო ონასისმა მარიას მოხიბვლა, მაგრამ ერთ საღამოს მარიას მეუღლის კაიუტას ესტუმრა არისტოტელეს მეუღლე ტინა და მოუყვა მას იმ სასიყვარულო სცენის შესახებ, რომლის მომსწრეც ის უნებლიედ გახდა. ამის შემდეგ ტინამ შვილებთან ერთად დატოვა იახტა.

მარიას მეუღლე კი ცდილობდა მის შენარჩუნებას და არ აქცევდა ყურადღებას ონასისის წინადადებებს. მილიარდერი კი მას მარიას თავისუფლებისთვის 5 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

მეუღლისაგან განსხვავებით, მარიამ ონასისს დაუჯერა. მან მიატოვა მეუღლე და ბრმად გაჰყვა თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს… სიყვარულს, რომელმაც შემდგომში არნახული ტკივილი მიაყენა.

ონასისი მას ჰპირდებოდა მთელ მსოფლიოს, მაგრამ ამ მსოფლიოში მათი შეუღლების სცენა გათვალისწინებული არ ყოფილა. მარია ითმენდა, მაგრამ ონასისს ის არასდროს წარმოედგინა თავისი მომავალი მეუღლის როლში. ერთხელ მარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი მალე დაქორწინდებიან, რაც ონასისმა მაშინვე უარყო და აღნიშნა, რომ ეს „მხოლოდ მარიას ფანტაზიები“ იყო. 

43 წლის ასაკში მარია დაფეხმძიმდა. ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა შვილზე, მაგრამ ონასისმა კატეგორიულად მოითხოვა ბავშვის მოცილება და ულტიმატუმიც წაუყენა – „ან მე ან ეს ბავშვი“… მარიამ ონასისი აირჩია. არისტოტელემ კი, მადლობის ნიშნად, მას წაულის პალანტინი აჩუქა…

ორი წლის შემდეგ იახტა „კრისტინაზე“ ონასისმა და მარიამ ისე იჩხუბეს, რომ არისტოტელემ მარიას დაუყვირა – „გაეთრიე აქედან!“ კალასმა კი უპასუხა, რომ ის მას ვეღარასდროს ნახავდა.

როგორც ჩანს, ონასისს მაინც და მაინც არ უდარდია, რადგან ერთი თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მისი და ჯონ კენედის ქვრივის ჟაკლინ კენედის დანიშვნის შესახებ. მარიამ კი ეს ამბავი გაზეთებიდან შეიტყო…

ერთ-ერთ თავის ბოლო წერილში კალასი ონასისს სწერდა: „მართალია, მე ვეღარ ვმღერივარ, მაგრამ შენ არასდროს არ მიგატოვებს ჩემი ხმა. ის სიზმრებშიც კი გამოგყვება და შენ მას დანებდები, რადგან მას ნებისმიერი ციხე-სიმაღლის აღება შეუძლია. ის შურს იძიებს ჩემ ნაცვლად, ჩემი შეურაცხყოფისთვისაც და ჩემი დღევანდელი მარტოობისთვისაც, რისთვისაც შენ გამწირე, როდესაც შვილი დამაკარგვინე“…

გავა დრო, სავარაუდოდ, მარია კალასის ხმა მართლაც იძიებს შურს, რადგან ონასისი სულ მალე მიხვდება, რომ ჟაკლინ კენედის მხოლოდ მისი სიმდიდრე აინტერესებდა და რომ არავის არასდროს არ ეყვარებოდა ის ისე, როგორც ეს მარიას შეეძლო – უანგაროდ და ბოლომდე.

© AP Photoმარია კალასის კაბები და სხვა ნივთები Sotheby's აუქციონზე მილანში
მარია კალასის კაბები და სხვა ნივთები Sotheby's აუქციონზე მილანში - Sputnik საქართველო
მარია კალასის კაბები და სხვა ნივთები Sotheby's აუქციონზე მილანში

ჰყვებიან, რომ არისტოტელე სერიოზულად ფიქრობდა იმაზე, რომ დაშორებოდა ჟაკლინს და ცოლად მოეყვანა მარია, მაგრამ ამ დროს ავიაკატასტროფაში დაიღუპა მისი საყვარელი შვილი. მან ამ ტრაგედიას ვერ გაუძლო და ორ წელიწადში, 1975 წელს გარდაიცვალა.

ზუსტად ორი წლის შემდეგ კი, 1977 წელს გულმა მარია კალასსაც უმტყუნა…

რატომღაც მგონია, რომ ისინი ბოლო წუთებში ერთმანეთზე ფიქრობდნენ.

მოდით, მოვუსმინოთ Ave Maria-ს საოცარი მარია კალასის შესრულებით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ იმაში, რომ შემოქმედება, სილამაზე და სიყვარული მარადიულია…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და მარია კალასის ხმასავით განუმეორებელ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0