უსახლკარო გერმანელებზე ქართველი რეჟისორის ფილმს „არტდოკფესტზე“ აჩვენებენ

© © "Артдокфест"კადრი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმიდან "ეს ცხოვრებაა"
კადრი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმიდან ეს ცხოვრებაა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორ ვახტანგ კუნცევი-გაბაშვილის სურათი Life is Be დოკუმენტური კინოს ფესტივალ „არტდოკფესტზე“ ძირითად კონკურსში არ მონაწილეობს, მას სექციის После Союза.DOC ფარგლებში უჩვენებენ.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევი-გაბაშვილის დოკუმენტური ფილმი Life is Be („ეს ცხოვრებაა“) იქნება წარმოდგენილი დოკუმენტური კინოს ფესტივალზე „არტდოკფესტი“, რომელიც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 1-9 დეკემბერს მიმდინარეობს. ფილმი აღმოსავლეთ საქართველოში უსახლკარო გერმანელების ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

„არტდოკფესტი“ საავტორო დოკუმენტური კინოს რუსული ფესტივალია, რომელიც ყველა ჟანრისა და მიმართულების დოკუმენტურ ფილმებს წარმოადგენს.

რეჟისორისა და ოპერატორის კუნცევი-გაბაშვილის ქართული დოკუმენტური ფილმი Life is Be ძირითად კონკურსში არ იღებს მონაწილეობას. ის სექციის После Союза.DOC ფარგლებში იქნება ნაჩვენები. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ყოფილი საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ენაზე შექმნილი ფილმები.

„ჩვენი ახალი და, ვიმედოვნებთ, ტრადიციული პროგრამა შორსაა ნოსტალგიური ოცნებებისგან, მაგრამ, ამავე დროს, აჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა ყველა ჩვენგანზე საბჭოთა სახელმწიფოს დაშლამ, რამდენი მსგავსი პრობლემა და ტკივილი დარჩათ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, ესტონეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობამ დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება“, — აღნიშნულია ფესტივალის ვებ-გვერდზე.

ფილმში, რომელიც 2016 წელს არის გადაღებული, ხუთი გმირია და თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს.

ფილმის გმირები თელაველი უსახლკარო გერმანელები არიან. ერთი ყაზახეთიდან არის გადმოსახლებული, ყოფილი მეხანძრე, რომელიც ოდესღაც საქართველოს ღირსშესანიშნაობების გადასარჩენად იბრძოდა. ახლა ის მოხუცებულთა სახლში ფორტეპიანოზე უკრავს და საკუთარი მეურნეობის გაშენებას ცდილობს, მაგრამ მუდმივად ქურდავენ. მამაკაცი მიტოვებული საკონსერვო ქარხნის შენობაში ცხოვრობს, სადაც თავის პირად თავისუფლებას პოულობს.

ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე - Sputnik საქართველო
ქეთი დოლიძე GIFT-ს შესახებ: ჩვენ ჭეშმარიტად კეთილი ნების ელჩები ვართ

მეორე გერმანელს ოცი წელია ელექტროენერგია არა აქვს, მან ღუმელი გააკეთა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. თავის ნახევრადდანგრეულ სახლს ის დანგრეული საბჭოთა კავშირის სიმბოლოს უწოდებს, საკუთარ თავს კი — სამუზეუმო ექსპონატს.

მესამე პერსონაჟი 80 წლისაა, კავშირგაბმულობის უფროსი. მისი სახლი არქიტექტურის ისტორიული ძეგლია, მაგრამ — ავარიულ მდგომარეობაში. როგორც კი სახლის რემონტს იწყებს, ქალაქის მერია მაშინვე აჯარიმებს.

მეოთხე ყოფილი ინჟინერი და ლექტორია. ზის სახლში, ცოლის კმაყოფაზეა, უსმენს როკ-მუსიკას, ჩივის ცხოვრებაზე და სოფელში ელიტური აუზის აშენებაზე ოცნებობს, რისთვისაც მას მილიონი აშშ დოლარის სასტარტო კაპიტალი სჭირდება. სურათის მეხუთე გმირი კი წარმატებული მეწარმე, ფერმერია. მას მეურნეობაში დამხმარე სჭირდება, მაგრამ მუშაობა არავის უნდა. მამაკაცი ახალგაზრდების სიზარმაცესა და უტვინობაზე წუწუნებს. ფერმაში კი პატარა სამლოცველო აქვს, სადაც უკეთესი მომავლისთვის ლოცულობს.

© © "Артдокфест"კადრი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმიდან "ეს ცხოვრებაა"
კადრი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმიდან ეს ცხოვრებაა - Sputnik საქართველო
კადრი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმიდან "ეს ცხოვრებაა"

„ამ ფილმს 30 წელი ვამზადებდი. ფაქტობრივად, მათთან ერთად გავიზარდე. მე თელაველი ვარ და ისინი ჩემი მეზობლები არიან თელავში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ფილმის გაკეთება, რადგან, მიუხედავად გლობალური ცვლილებებისა, დრო თითქოს გაირინდა ამ ქალაქში. ანუ, თელავი გარდაისახა, ძალიან ლამაზი გახდა, ტურისტული. მაგრამ ამ სილამაზესთან ერთად არსებობს აბსოლუტურად სხვა სამყარო — ამ ჩემი გმირების სამყარო“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ფილმის რეჟისორმა.

ფილმის Life is Be ქართული პრემიერა თბილისის საერთაშორისო მე-17 კინოფესტივალის ფარგლებში 2 და 4 დეკემბერს გაიმართება. ავტორის განცხადებით, ამის შემდეგ ფირი სხვა კინოფესტივალების დასაპყრობად გაემართება.

ვახტანგ კუნცევი-გაბაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 2000-იან წლებში სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოსკოლაში.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ გახდა ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს ლექციებს ბგერისა და მუსიკის შესახებ კინოში, დოკუმენტურ კინოზე და ჟურნალისტიკაზე. ტექნიკური კოორდინატორის რანგში უკვე 20 წელია მიუნხენის კინოფესტივალთან თანამშრომლობს.

ამჟამად რეჟისორი ახალ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელიც 25 წლის აუტისტ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს, რომელიც აუტისტების შესახებ ფილმს იღებს და ამ დაავადებაში გარკვევას საგულდაგულოდ ცდილობს. ეს პროფესია ყმაწვილმა მამის დამსახურებით მიიღო, რომელმაც თავის ვაჟს მონტაჟი და კამერით მუშაობა ასწავლა.

ყველა ახალი ამბავი
0