თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩაერთონ წინასაახალწლო კამპანიაში „ნუ მოჭრი — მორთე“, რომლის ფარგლებში აქტივისტებს შეუძლიათ, თავად მორთონ ნაძვის ხეები ქუჩებში, პარკებში, სკვერებში, საცხოვრებელ სახლებთან და ა.შ.
ახალი კამპანიის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მხარდამჭერია თბილისის მერია.
აქციის მიზანია ქვეყანაში წიწვოვანი ხეების შენარჩუნება.
საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ნაძვის ხედ გამოიყენება აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis) და კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), რომელთა ზრდაც 100-120 წელს და უფრო მეტხანსაც გრძელდება, სიმაღლეში 50 მეტრამდე აღწევენ. როგორც ნაძვი, ასევე სოჭი 150-300 წელს ცოცხლობს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ გააძლიერებს კონტროლს ქვეყნის მასშტაბით – წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.