26 ნოემბერს, დღის პირველ საათზე მოსკოვის „ვინოტეკა „მასანდრას“ კარი ღვინის მოყვარულთათვის გაიღო. სადეგუსტაციო დარბაზი ხალხით გაივსო — ასეთ აჟიოტაჟს ორგანიზატორები არ ელოდებოდნენ. „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი ალიონა საველიევა ესაუბრა ღვინის ქარხნების წარმომადგენლებს, სომელიეებს და, უბრალოდ, საქართველოს თაყვანისმცემლებს და გაარკვია, რაში მდგომარეობს ამ პოპულარობის საიდუმლო.
მოსკოვის „ვინოტეკაში“ ასეთი ღონისძიებები ხშირად ტარდება. ფესტივალის მთავარ იდეას ღვინის კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. ალექსანდრა უშაკოვა, „ვინოტეკის“ დირექტორი: „მოსკოვში ასეთი ღონისძიებები დახურულ ფორმატში და მხოლოდ ღვინის სფეროს მუშაკებისთვის ტარდება, თუმცა ბევრი მომხმარებელი ოცნებობს იქ მოხვედრას. ამიტომაც გადავწყვიტეთ ფესტივალის ჩატარება პროფესიულ დონეზე, თუმცა მოყვარულთათვის. პირველი შეხვედრა რუსულ ღვინოს მიეძღვნა, მეორე ესპანეთი იყო. დღეს ეს საქართველოა, და აქ ყველაზე მეტი სტუმარი მოვიდა. ბევრ სტუმარს უარიც კი ვუთხარით, რადგან სტუმრების რაოდენობა შეზღუდული იყო“.
ფესტივალზე ღვინის ათამდე მწარმოებელი იყო წარმოდგენილი: „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „შუხმანი“, „ბაგრატიონი“, „თელიანი ველი“ და სხვა. მეღვინეებმა ექვსი მასტერ-კლასი ჩაატარეს, სადაც წარმოების საიდუმლოებები და კომპანიების ფილოსოფია სტუმრებს გაუზიარეს.
მატვეი სელივანოვი, „ვინოტეკის“ კავისტი: „წელს საქართველოს მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო პერიოდში ბევრი ჩემი ნაცნობი და ჩვენი სტუმარი საქართველოს ესტუმრა და მისი ღვინით დაინტერესდა. ჩვენ ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონს შევეხეთ, მაგრამ ძირითადად კახეთი და რაჭა არის წარმოდგენილი, ასევე უნიკალური ქვევრის ღვინო. დეგუსტაციაზე ქარხნული ღვინო იყო წარმოდგენილი და ასევე კერძო კოლექციებიც, მაგალითად, ერთმა გოგონამ თავისი სახლის ღვინო მოიტანა დასაგემოვნებლად“.
ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს. საქართველოსთვის რუსეთი ამ პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს. იანვარ-ოქტომბერში ღვინის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა. თითქმის ნებისმიერ რუსულ სუპერმარკეტში იყიდება „საფერავი“, „ხვანჭკარა“, „ალაზნის ველი“, „ქინძმარაული“.
რატომ არის დიდი მოთხოვნა ქართულ ღვინოზე რუსეთში? ექსპერტებთან და ფესტივალის სტუმრებთან ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე მიზეზი გამოვყავით. პირველი მიზეზია ის, რომ, ქართული ღვინის თაყვანისმცემლები საბჭოთა თაობის წარმომადგენლებს შორის არიან, რომლებსაც ქართული ღვინის გემო საბჭოთა პერიოდიდან ახსოვთ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის „ღვინის დედაქალაქად“ ითვლებოდა.
ანა შარონოვა, ფესტივალის სტუმარი: „ქართულ ღვინოს დიდი ხანია ვსვამ. პირველად ის 20 წლის წინ გავსინჯე. ეს იყო „ალაზნის ველი“. იმ დროიდან ჩემი სადღესასწაულო სუფრის უცვლელი ატრიბუტია ქართული ნახევრადტკბილი ღვინო“.
მეორე მიზეზი ის არის, რომ ქართული ღვინის კულტურას ახალგაზრდა თაობაც აქტიურად ეზიარება, რომლისთვისაც აქამდე ქართული ღვინო უცნობი იყო (2013 წლამდე არსებული ემბარგოს გამო). რუსები საქართველოს ძირითადად გასტრონომიული კულტურის წყალობით ეცნობიან — ქართული რესტორნები მსხვილ რუსულ ქალაქებში ყოველ ნაბიჯზეა, ასევე ტურიზმის წყალობით — საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
ეკატერინე სიომკინა, ფესტივალის სტუმარი: „ახლახან მეუღლესთან ერთად თბილისში ვიყავი და აქამდე ჩვენთვის უცნობი ქართული ღვინის მთელი სამყარო აღმოვაჩინეთ. საქართველოში „მარნის“ ღვინო გავსინჯეთ, აქ, ფესტივალზე მეღვინეობა „ივერიულის“ ღვინო. მოსკოვში უშედეგოდ ვეძებდით „ბადაგონის“ ღვინოს, რომელიც საქართველოშიც ძალიან უყვართ. მიმაჩნია, რომ ქართული ღვინის თემა რუსეთში უნდა განვითარდეს, რადგან მობეზრებულ იტალიურ და ესპანურ პროდუქციას ის კარგ კონკურენციას გაუწევს“.
და, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ღვინო კულტურის შემდეგ შეიყვარეს. ნატალია სოროკინას თქმით, რომელმაც ჩაატარა მასტერ-კლასი Взгляд из России, ქართველებისთვის ღვინო ცხოვრების წესია, რომელიც თავისუფლებისა და დღესასწაულის შეგრძნებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ბაზარზე მხოლოდ ქარხნული ღვინოა წარმოდგენილი და არა ის განთქმული ჯიშები, რომლებსაც მცირე მეურნეობები აწარმოებენ, ნებისმიერი ქართული ღვინო — სტუმართმოყვარე ქვეყნის თბილი ასოციაციებია.
ნატალია სოროკინა, სომელიეების სკოლის Wine People მასწავლებელი: „ღვინის მიმართულებით ხუთი წელია ვმუშაობ. რატომ ავირჩიე ქართული ღვინო? იმიტომ, რომ ამ ქვეყანას შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს ცხოვრება, ღვინო კი კულტურის განუყოფელი ნაწილია. როდესაც საქართველოში პირველად მოვხვდი, შინაგანი თავისუფლების განცდა გამიჩნდა — ქართველებს არ უყვართ იმის კეთება, რაც არ მოსწონთ, ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც მიაჩნიათ სწორად. ამ ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ მივხვდი, რომ მინდა ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. ღვინის სკოლაში სასწავლებლად წავედი და, რა თქმა უნდა, საქართველო ავირჩიე. ქართული ღვინიდან მომწონს ძლიერი ტანინიანი კახური ღვინო, ქართველები მას თეთრს უწოდებენ, ჩვენ კი ქარვისფერს. სამწუხაროდ, რუსულ ბაზარზე მხოლოდ მასობრივ მომხმარებელზე გათვლილი, ქვედა სეგმენტის ქარხნული სასმელებია წარმოდგენილი. მხოლოდ რამდენიმე ქარხანა მიდის რისკზე და ზედა სეგმენტის პროდუქცია ჩამოაქვს, მაგალითად, „მარანი“.
ქართული ღვინო ფასების საშუალო სეგმენტს იკავებს — „ქინძმარაულის“ ბოთლი 900 რუბლი (15 აშშ დოლარი) ღირს. თუმცა მოსკოვის სპეციალიზირებულ მაღაზიებში კარგი ღვინის ბოთლი 2000 რუბლსაც კი აღწევს (30 დოლარი), სასურსათო მაღაზიებში კი ფასები გაცილებით დაბალია. ქართული ღვინის ფასი მარკაზე და ხარისხზეა დამოკიდებული. ქართული ღვინო ფრანგულ და იტალიურ ღვინოზე გაცილებით იაფია, რაც მომხმარებლებისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის. ქართული ღვინო ხარისხისა და დაძველების მხრივ კონკურენციას ბაზრის ლიდერებსაც კი გაუწევს (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი).
ანდრეი პოლოსკინი, ღვინის სპეციალისტი: „დღეს საქართველო ხარისხის ევროპულ სტანდარტებზე გავიდა, თუმცა თავისი ძველი წარმოება შეინარჩუნა. პირველ რიგში, ეს ყურძნის ადგილობრივი ჯიშებია, რომლებიც რუსეთში და სხვა ქვეყნებში არ ხარობს, მაგალითად ალექსანდროული (გამოიყენება „ხვანჭკარაში“). მაგრამ ზოგადად კონკურენტუნარიანობა ღვინის დაძველებაზეა დამოკიდებული. ხშირად მეკითხებიან, „საფერავი“ მუხის კასრში დიდხანს ძლებს თუ არა და რა ემართება მას. მაგალითად, ქარხანა „შუხმანი“ აწარმოებს ძველი წესით დაყენებულ ღვინოს — ქვევრში, ფრანგულ მუხაში დაძველებით. დღეს მათ 2011 წლის ღვინის ბოთლი წარმოადგინეს, რომელიც 2020 წლამდეც კი გაძლებს“.
ფესტივალის დასასრულს ჩატარებულ კენჭისყრაზე სტუმრებმა საუკეთესო ღვინო დაასახელეს.
პირველ ადგილზე კომპანია „ჩელტის“ 2008 წლის „საფერავი“ აღმოჩნდა, მეორეზე — „ქართული ვაზის“ 2015 წლის „ქინძმარაული“, მესამე პოზიცია „ვაინმენის“ 2015 წლის „ქინძმარაულმა“ და „ქვევრის“ 2012 წლის „ქისმა“ გაინაწილეს.