თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტმა მიზანშეუწონლად ჩათვალა იმ კანონპროექტის განხილვის გაგრძელება, რომელიც ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვის აკრძალვას ეხებოდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს. კანონპროექტების ნუსხა, რომელთა განხილვაზეც საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი უარს აცხადებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარმოადგინა.
ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ კანონპროექტი კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ–ერთი პირველი განსახილველი კანონპროექტი გახდა პარლამენტში. სკანდალური კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაც მოასწრეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის საზოგადოებაში დაცინვის საგანი გახდა, „წარმატებით“ დაივიწყეს.
კანონპროექტი ახლა, ოთხი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ გაიხსენეს.
ახალ პარლამენტში ოთხშაბათს იმ რიგი კანონპროექტების განხილვის მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს, რომლებიც ადრე პარლამენტმა ერთი ან ორი მოსმენით მიიღო.