„შირაკი – აფრიკელი“, „შირაკი – სამურაი“... უბრალოდ, ჟაკ შირაკი

© AP Photo / Francois Moriსაფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი
საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, გუშინდელი ეპატაჟური დღისგან განსხვავებით, ქალბატონებს ვთხოვ, მკაცრად დავიცვათ კლასიკური, თანაც ცოტა თავშეკავებული სტილი, რადგან ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ, პირველ რიგში, პრეზიდენტი, თანაც ორგზის, თანაც საფრანგეთის, თანაც ღირსების ლეგიონის დიდი ჯვრის, შავი ვარსკვლავის, სპორტში დამსახურების ორდენის, ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში ორდენის, ავიაციის მედლის, ჩეხეთის თეთრი ლომის ორდენის, ნორვეგიის წმინდა ოლაფის ორდენის, მალტის ორდენის, ლიტვის დიდი თავადი გედიმინასის ორდენის, ჰეიდარ ალიევის ორდენის კავალერი… და, რაც მთავარია, საოცრად მომხიბვლელი ფრანგი – ჟაკ რენე შირაკი, რომელსაც უწოდებდნენ „შირაკ – აფრიკელს“ – აფრიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის და „შირაკ — სამურაის კორეზიდან“ – რადგან გადასარევად ერკვეოდა იაპონურ კულტურაში და თაყვანს სცემდა მას. კორეზიდან კი იმიტომ, რომ შირაკი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 29 ნოემბერს წარმოშობით საფრანგეთის სამხრეთით მდებარე კორეზის დეპარტამენტიდან გახლავთ.

ჟაკ შირაკმა ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლო. მსახურობდა საფრანგეთის არმიაში, მონაწილეობდა ალჟირის ომში, სადაც დაიჭრა. უმაღლესი განათლება მიიღო საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში — პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტსა და ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში. 

თავისი პოლიტიკური კარიერა შირაკმა დაიწყო შარლ დე გოლისა და ჟორჟ პომპიდუს საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობით. პომპიდუმ მას, მტკიცე ხასიათისა და ეფექტურობის გამო, „ბულდოზერიც“ კი შეარქვა.

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი სოჭში
საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი სოჭში - Sputnik საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი სოჭში

ჟაკ შირაკი ორჯერ იკავებდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს, თანაც ამ პოსტს უთავსებდა პარიზის მერობასაც. 1995 წლიდან 2007 წლის მაისამდე კი ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო.

მას ახასიათებენ როგორც გამოჩენილ პოლიტიკოსს, შესანიშნავ მსახიობს, გამოცდილ ლიტერატორს, დახვეწილ ინტელექტუალს. მისი თანამედროვეების შეფასებით, ის თავიდან საკმაოდ რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სინამდვილეში არასდროს, არც ერთი ნაბიჯით არ იხევდა უკან მთავარ საკითხებში, მათ შორის, როდესაც საქმე ეხებოდა ფრანგული სოციალური მოდელისა და ადამიანთა და მთელი ხალხების უფლებების დაცვას. ის ვერ იტანდა რასიზმისა და დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლენას. შირაკი არა მხოლოდ სიმპათიით იყო განწყობილი, არამედ კონკრეტული საქმეებითაც ეხმარებოდა აფრიკის ეროვნულ კონგრესს, რომლის ლიდერი ნელსონ მანდელა იმ პერიოდში ციხეში იმყოფებოდა. უფრო მეტიც, პოლიტიკური კარიერის პიკზე მყოფმა შირაკმა განაცხადა, რომ ის ფეხს არ დადგამს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სანამ იქ აპარტეიდის პოლიტიკა გრძელდება. 

© photo: Sputnik / RIA NOVOSTI / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოსა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები
საქართველოსა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
საქართველოსა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები

აღსანიშნავია, რომ „შირაკი – აფრიკელი“ საკმაოდ გულგრილად იყო განწყობილი აშშ-ის მიმართ, აცხადებდა, რომ ცუდად იტანს ისეთი ფირმების ჰეგემონიას, როგორიცაა Coca-Cola და გარკვეული პრობლემები ექმნება ამერიკელებთან, რომლებიც ყველას თავს ახვევენ საკუთარ აზრს. სხვათა შორის, მან უარი განაცხადა დასწრებოდა კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის აღსანიშნავ ცერემონიას და თვლიდა, რომ ამერიკა სინამდვილეში აღმოაჩინეს ვიკინგებმა კოლუმბზე 5 საუკუნით ადრე, მაგრამ, ამერიკელებისგან განსხვავებით, ისინი იქიდან „წყნარად და ელეგანტურად წავიდნენ“.

ცნობილია, რომ ჟაკ შირაკი გატაცებული იყო აღმოსავლეთის კულტურით და ისე კარგად ერკვეოდა მასში, რომ ჩინეთის ლიდერთან ძიან ძემინთან ვახშმის დროს მათ სერიოზული შეკამათება მოუვიდათ ჩინეთის დინასტიების ისტორიასთან დაკავშირებით. გვიან ღამით კი ჩინეთის ლიდერმა დაურეკა შირაკს და უთხრა, რომ მან კონსულტაცია გაიარა ისტორიკოსებთან და შირაკი მართალი აღმოჩნდა…

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი
გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი - Sputnik საქართველო
გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი

ჟაკ შირაკს განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდა ებრაელი ხალხის მიმართ. ის თვლიდა, რომ ერთადერთი, რაშიც შეიძლება ბრალი დასდო ებრაელებს, არის ის, რომ ისინი ხშირად სხვაზე ჭკვიანები არიან და იმასაც ამატებდა, რომ როდესაც ებრაელები ითვისებენ ახალ მიწებს, ისინი პირველ რიგში აშენებენ სკოლას და შემდეგ – სინაგოგას.

შირაკს ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნდა, რომელსაც არ მალავდა. მაგალითად, მან შოკში ჩააგდო ყველა თავისი ცნობილი გამოთქმით იმასთან დაკავშირებით, რომ ლიბერალიზმი ისეთივე საშიშია, როგორც კომუნიზმი, და მას შეუძლია საზოგადოების მიყვანა ისეთივე სავალალო შედეგებამდე. შირაკის აზრით, პრობლემის გადაწყვეტა ამ ორი სისტემის შუაშია მოსაძებნი.

როდესაც თქვენთან შესახვედრად ვემზადებოდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ რამდენადაც ადამიანი უფრო თავისუფალია, მიმტევებელი, ფართოდ მოაზროვნე, სხვა ერების და მათი პრობლემების მიმართ არაგულგრილი, მით უფრო პატრიოტია საკუთარი ქვეყნის, და ეს ბუნებრივია, რადგან თუ ადამიანს სხვისი შესტკივა, საკუთარი და ახლობელი ხომ მით უმეტეს. ამიტომაც არ მჯერა, რომ შოვინისტმა და ნაციონალისტმა ლიდერებმა შეიძლება ღირსეულად მართონ საკუთარი ქვეყანა.

ჟაკ შირაკი ითვლება საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პატრიოტად. ის ახალგაზრდობიდან იზიარებდა შარლ დე გოლის იდეებს და გოლისტი იყო. დღემდე ის ყოველ წელს გენერალ დე გოლის გარდაცვალების დღეს, 9 ნოემბერს ყვავილებით ამკობს დიდი ფრანგის საფლავს და არც ერთხელ ეს ტრადიცია არ დაურღვევია.

© AP Photo / Jacky Naegelenსაფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი "შირაკის ფონდის" გადაცემის ცერემონიაზე.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი შირაკის ფონდის გადაცემის ცერემონიაზე. - Sputnik საქართველო
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი "შირაკის ფონდის" გადაცემის ცერემონიაზე.

იცით, მე კიდევ მინდოდა მომეყოლა თქვენთვის რამდენიმე საინტერესო და პიკანტური ისტორია პრეზიდენტ შირაკის საკმაოდ მდიდარი პირადი ცხოვრებიდან, მაგრამ გადავწყვიტე, რომ 20 წელიწადზე მეტხანს მასთან მძღოლად მომუშავე ადამიანის სკანდალური წიგნიდან ამონაკრეფი ისტორიები დღევანდელ დღეს არ მოუხდებოდა. ვიტყვი ერთადერთს – ჟაკ შირაკს ძალიან უყვარდა ქალები, რასაც არასდროს მალავდა, მაგრამ უდიდეს პატივს სცემდა საკუთარ მეუღლეს, ყოველთვის იყო არაჩვეულებრივი მამა და მეოჯახე, და ახლა ვაპატიოთ, თუ რამე შეეშალა, მთავარია, რომ მეუღლემ აპატია.

ერთი კი ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავიმახსოვროთ – პირადი მძღოლი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა პოლიტიკოსის და არა მხოლოდ პოლიტიკოსის ცხოვრებაში, ამიტომ ყურადღებით უნდა შევარჩიოთ…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0