თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 18 დეკემბერს სათნოების სახლ „კათარზისში“ ხელნაკეთი ნივთების ერთდღიანი საშობაო-საახალწლო ბაზრობა გაიმართება. გამოფენას ჯგუფი „კრაფთისი“ მართავს, რომელიც აერთიანებს ოსტატებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი საჩუქრები და სუვენირები — თექის სათამაშოები და ტანსაცმელი, დეკუპაჟის საოცრებები, საშობაო ნამცხვრები, ნაირფეროვანი ბარათები, ხელნაკეთი საპონი და ბევრი სხვა, იუწყებიან ორგანიზატორები.
ბაზრობის თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება იმ ოსტატს მისცეს ხმა, რომელიც მას მოეწონება. საღამოს ფინალში გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.
სტუმრებს ასევე ელოდებათ საინტერესო მასტერ-კლასები დეკუპაჟზე, საშობაო ბარათების დამზადებაზე და სხვა. სემინარი გათვლილია როგორც უფროსებზე, ისე ბავშვებზე.
ეს ჯგუფ „კრაფთისის“ უკვე მესამე საქველმოქმედო ბაზრობაა. შემოსული თანხა „კათარზისს“ გადაეცემა.