ამ ნოემბერმიწურულ ორშაბათ დღეს მინდა შემოგთავაზოთ, რომ „გავიფერადოთ“ საკუთარი თავი და ცოტა იმპროვიზაციის უნარი გამოვიჩინოთ. გასაგებია, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონი გარკევულ თავშეკავებას ითხოვს ჩვენი ჩაცმულობის ფერთა გამაში, მაგრამ განა ჩვენზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული? რა უნდა ამ ნაცრისფერობის გამოცოცხლებას რაიმე პატარა, სულ უმნიშვნელო აქსესუარებით, მაგალითად, მხიარულად შემოხვეული შარფით ან ძალიან ფერადი ხელთათმანებით და ჩანთით, ან, თუნდაც პალტოზე მიკერებული არასერიოზული ბაფთით. დამიჯერეთ, გუშინწინ მაღაზიაში ჩასვლის წინ, ჩალისფერ ქურთუქზე იმისთანა წიწილისფერი შარფი შემოვიხვიე, თავადაც გამეცინა, მაგრამ გაცილებით მხიარულად ჩავედი ქვაფენილიან დაღმართზე…
მთავარია, ექსპერიმენტების არ შეგვეშინდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი არის ეპატაჟის მეფე, მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძალიან საინტერესო შემოქმედი, რომელიც თვლის, რომ „ჯობს ცუდი გემოვნება გქონდეს, ვიდრე საერთოდ უგემოვნებო იყო“. სხვათა შორის, ძალიან სწორი სიტყვებია. კაცმა არ იცის – რა არის ცუდი ან კარგი გემოვნება. მე მყავს მეგობარი, რომელიც ისე იცვამს, მთელ მსოფლიოში ასე რომ ვინმე სხვამ ჩაიცვას, გამორიცხულია, ფუფალა მონაგონი იქნება, მაგრამ მას ეს საშინლად უხდება. მე ის სხვანაირად ჩაცმული საერთოდ ვერც კი წარმომიდგენია. აი, როდესაც სურვილიც კი არა გაქვს, რაღაც მოიგონო ან ცოტა შეიცვალო, ეს კი უკვე ცუდი ნიშანია.
მაშ ასე, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ცნობილ ინგლისელ მოდელიერს, მიმართულება glamour-ის და მოდის ჯადოსნურ სამყაროში კიდევ ბევრი სიახლის ფუძემდებელს, საოცარი კოლექციების ავტორს, 1987, 1994, 1995, 1997 წლებში წლის საუკეთესო მოდელიერად გამოცხადებულ, ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსან ჯონ გალიანოს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1960 წლის 28 ნოემბერს გიბრალტარზე. მამით ის ინგლისელ-იტალიელია, ხოლო დედით — ესპანელი.
პროფესიონალების აზრით, ჯონ გალიანო ბევრი რამით განსხვავდება კოლეგებისგან. ის განსაკუთრებული მოწიწებით, სერიოზულობითა და გამოწვლილვით უდგება ახალი კოლექციების შექმნას. გააჩნია უსაზღვრო ფანტაზია და ინტუიცია, არ ერიდება ექსპერიმენტებს და, ამავე დროს, სადღაც სულის სიღრმეში არის ტრადიციული. ალბათ სწორედ ამიტომაც ის, ინგლისელი მოდელიერი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფრანგების სიამაყეს, კონსერვატულ მოდების სახლ Christian Dior-ს, რომელსაც შეუნარჩუნა ის მშვენიერი ტრადიციები, რაც მას გააჩნდა და ამასთან ერთად დაამატა ახალი შტრიხები, რამაც ის გაათანამედროვა და გამოაცოცხლა. Christian Dior-ს გალიანოს მოსვლამდე გახსნილი ჰქონდა 20 საფირმო მაღაზია, ხოლო მოდის სახლიდან მისი წასვლის წინ მათი რიცხვი უკვე 200-ს აჭარბებდა.
ერთხელ გალიანოს დაუსვეს შეკითხვა, რა აქვს მას საერთო კრისტიან დიორთან, რაზეც მან უპასუხა — „მეც მასავით ძალიან მიყვარს ყვავილების მოვლა, მეც მასავით ძალიან მიყვარს ქალები და სილამაზე. ჩვენ ორივე რომანტიკოსები ვართ და ამავე დროს ორივეს გვიზიდავს სიახლეები“.
გალიანო თავის პირველ კოლექციად თვლის 1985 წლის სადიპლომო ნამუშევარს, რომელიც მან ლონდონის პრესტიჟული ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის დასრულებისას წარმოადგინა. ეს კოლექცია — „წარმოუდგენლები“ ფრანგული რევოლუციის მოტივებზე იყო შესრულებული. კოლექციას ყურადღება მიაქციეს ავანგარდული ტანსაცმლის მაღაზია Browns-ის მფლობელებმა და ახალგაზრდა მოდელიერის 8 ნამუშევრით მორთეს მაღაზიის ვიტრინა.
მაგრამ ჯონ გალიანოს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთმა პატარა შემთხვევამ — ამერიკელი მომღერალი დაიანა როსი, ლონდონში გასტროლების დროს, ქუჩაში სეირნობისას მოიხიბლა ერთ-ერთ ვიტრინაში გამოკიდებული ჟილეტით, რომელის ავტორიც გალიანო იყო. მომღერალმა ის შეიძინა საკუთარი გარდერობისთვის და ეს გახდა სწორედ ის პატარა დეტალი, რომელიც, სავარაუდოდ, აკლდა დაიანას გარდერობს და გალიანოს გაპიარებასაც.
ჯონ გალიანო გახდა დიდი ბრიტანეთის მოდის მეფე და სულ მალე დაარეგისტრირა საკუთარი ბრენდი John Galliano.
1987 წელს გალიანომ შექმნა კოლექცია „ბლანშ დიუბუა“, რომელიც აწყობილი იყო ტენესი უილიამსის პიესა „სურვილის ტრამვაის“ მოტივებზე. თანაც, მისი თქმით, გალიანომ გამოიყენა იაპონელი მოდელიერების მუშაობის გაცნობისას მიღებული ემოციები და შემოიტანა ჭრილის ე.წ. ასიმეტრიულობა.
90-იანი წლების დასაწყისში გალიანო გაემგზავრა პარიზში, სადაც შემთხვევით გაიცნო ამერიკული ჟურნალი Vogue-ს რედაქტორი ანა ვინტური, რომელიც ასევე მოიხიბლა მისი ხელოვნებით და პარიზში ცნობილ პორტუგალელ ქალბატონ საო შლიუმბერჟეს სთხოვა, რომ ამ ახალგაზრდა დიზაინერის კოლექციის საჩვენებლად დაეთმო პარიზის შუაგულში განთავსებული თავისი სასახლე. კოლექციას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ის შეიცავდა სულ 17, თანაც შავი ფერის ტანისამოსს, რომლის დემონსტრირებაც მოახდინეს კეიტ მოსმა, ლინდა ევანგელისტამ, ნაომი კემპბელმა… კოლექციამ კი გალიანოს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
ასევე ძალიან ცნობილია ჯონ გალიანოს კოლექცია სახელწოდებით „ნორჩი პრინცესა ლუკრეციას გაქცევა ბოლშევიკური რუსეთიდან“, რომელიც მან შექმნა XIX საუკუნის ლიტერატურის ქალების სახეებზე დაყრდნობით. რუს ქალთა შორის გალიანო ასახელებდა სონიჩკა მარმელადოვასა და ანა კარენინას.
თავად გალიანოს საყვარელი კოლექცია კი გახლავთ „დაცემული ანგელოზები“, რომლის დროსაც, პოდიუმზე გასვლის წინ, მოდელებს წყლით ასველებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გალიანოს ერთ-ერთი მთავარი „ფიშკა“ არის კოლექციის ბოლოს თავად მისი გამოსვლა სცენაზე, რომელსაც მაყურებელი ყოველთვის მოუთმენლად ელის — არავიან არასდროს არ იცის, რა ახალ როლში მოგვევლინება მაესტრო ამჟამად…
1995 წლიდან გალიანო იკავებდა ცნობილი მოდების სახლი Givenchy-ს შემოქმედებითი დირექტორის პოსტს, 1996 წელს კი სათავეში ჩაუდგა Christian Dior-ს.
დიზაინერმა ასევე გახსნა საკუთარი ბრენდის მოდის სახლი ნიუ-იორკში. მისი თქმით, ეს ქალაქი ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მის თავშეუკავებელ ფანტაზიებს.
2011 წელს ჯონ გალიანო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში პარიზის ერთ-ერთ ბარში გაკეთებული ანტისემიტური განცხადების გამო Christian Dior-დან გაათავისუფლეს. ეს მისთვის სერიოზული დარტყმა გამოდგა. შემდგომში ის იტყვის, რომ დაუშვა შეცდომა და რომ მთელი ცხოვრება მოუწევს ამ შეცდომაზე აგოს პასუხი.
ის რამდენიმე წლით გაქრა ყურადღების ცენტრიდან. მისი დაბრუნება მოდის ინდუსტრიაში იყო ძალიან რთული და მტკივნეული. ჰყვებიან, რომ მას გვერდში ედგა და მხარს უჭერდა მისი მეგობარი, მოდელი კეიტ მოსი, რომლისთვისაც გალიანომ შექმნა ცნობილი საქორწინო კაბა შლეიფით.
ამჟამად გალიანო მოდების სახლი Maison Martin Margiela-ს კრეატიული დირექტორის პოსტს იკავებს. დაბრუნების შემდეგ გამართულმა მისმა პირველმა კოლექციის ჩვენებამ წარმატებულად ჩაიარა. ხალხს ის მოენატრა და უმრავლესობა თვლის, რომ მან გამოისყიდა თავისი დანაშაული. პროფესიონალებმა მის ნამუშავრებს მაღალი შეფასება მისცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ახალ კოლექციას ოდნავ აკლდა გალიანოსთვის ჩვეული ეპატაჟი, თუ არ ჩავთვლით მოდელს, რომელიც პოდიუმზე გამოვიდა სახეზე მთლიანად მარგალიტებისგან დამზადებული ნიღაბაფარებული.
ვუსურვოთ მას მომავალი წარმატებები, რადგან ადამიანებს ძალიან სჭირდებათ ცხოვრების გალამაზება, რასაც ეს ნიჭიერი ხელოვანი ნამდვილად ახერხებს.
მთავარია, მუზა ბოლომდე არ გაუფრინდეს, რადგან, გალიანოს თქმით: „მე სულ დავდევ ჩემს მუზას, მაგრამ მისი დაჭერა სინამდვილეში არ მსურს, რადგან სწორედ ეს მისი დევნა მაიძულებს შევქმნა რაღაც ახალი“…
გთავაზობთ ჯონ გალიანოს 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას:
როგორც ხედავთ, მუზამ თავის მაესტროს არ უღლატა…
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და მუზებით სავსე დღეს!
ლელა ანჯაფარიძე