მან ქართული ესტრადის ერთი ლამაზი პერიოდი შექმნა. მისი მელოდიური სიმღერებით საყვარელ ადამიანებს სიყვარულს უხსნიდნენ, დღეს კი მათ სიამოვნებით ასრულებენ ახალგაზრდებიც. 1966 წელს მან საგუნდო დირიჟორის სპეციალობით ხარკოვის ხელოვნების ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება დაამთავრა. გადაღებულია კინოფილმებში: "წარსული ზაფხული", "შეხვედრა მთაში". ჩვენ დავუკავშირდით იუბილარს, რათა თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო, დაუვიწყარი მომენტები მან კიდევ ერთხელ გაიხსენოს.
-ბატონო სოსო, ვუერთდებით თქვენს ძალიან ბევრ გულშემატკივარს და იუბილეს გილოცავთ…
— დიახ, ძალიან ბევრმა ადამიანმა მომილოცა სოციალური ქსელით თუ ტელეფონით, მაგრამ სამწუხაროდ ოფიციალური წრეებისგან ყურადღება ნაკლები ყურადღება იყო. საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც საზოგადოებრივია და მეც საზოგადოების ნაწილი ვარ, თანაც, ქართული ესტრადის ერთ-ერთი წარმომადგენელი, არც გავხსენებივარ… მაგრამ საზოგადოებრივმა რადიომ კი დიდი პატივი მცა, მიმიწვია გადაცემაში, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მომილოცა… ახლა რადგან ჩემს შემოქმედებაზეა საუბარი, მინდა გავიხსენო სცენაზე პირველი გამოსვლა, რომელიც იყო 1952 წელს, რუსთაველის საკონცერტო დარბაზში. მაშინ ედუარდ სეფაშვილს ჰყავდა გიტარისტების ანსამბლი, რომლის თანხლებითაც შევასრულე გოგი ცაბაძის სიმღერა „საქართველო, საქართველო შენ გენაცვალე“, რასაც დარბაზში ძალიან დიდი მოწონება ხვდა. მერე ბისზეც გამომიყვანეს და სიმღერა კიდევ ერთხელ შემასრულებინეს. ეს სიმღერა მუსიკალური კომედიის თეატრის სპექტაკლიდან ჟღერდა.
- თქვენი შემოქმედების მოსკოვური პერიოდი როდის იწყება?
— ეს იყო 1955 წელი. ამის მერე ორი წლის განმავლობაში ტრიომ, რომელშიც შედიოდნენ: ედუარდ სეფაშვილი და გიული ჩოხელი და სოსო ებრალიძე არსებობა მოსკოვის ესტრადაზე გააგრძელა. ჩვენს გამოსვლებზე სრული ანშლაგი იყო, ხანდახან დღეში სამი, ოთხი კონცერტი გვქონდა. ამას ყველა ვერ ახერხებდა, იმიტომ, რომ იმ პერიოდში მუსიკალური ტრიო ასე მრავლად არ იყო. ჩვენი ტრიო მოსკოვის ესტრადაზე ძალიან პოპულარული გახდა. კარგად მახსენდება დიდი კონცერტი მოსკოვის სვეტებიან დარბაზში, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს. როცა აქ კონცერტი იმართებოდა, ყოველთვის ბევრი ხალხი მოდიოდა. მაშინ აკომპანიმენტი საკავშირო რადიოს ორკესტრმა გაგვიწია. შესანიშნავად ვიმღერეთ და შევასრულეთ: შოთა მილორავას, გოგი ცაბაძის, შალვა მირიანაშვილის სიმღერები, რომელთა გამეორებაც დიდი ტაშით გვთხოვეს. 1960-1961 წლებში მოსკოვში ოლეგ ლუნდსტრემის ცნობილ ჯაზ-ორკესტრში ვმღეროდი.
- დაუვიწყარი იყო ქართულ ესტრადაზე ანსამბლის „დიელო“ გამოსვლა, როდის ჩამოაყალიბეთ ის?
— სანამ ჩემს ანსამბლს ჩამოვაყალიბებდი, ცნობილ საორკესტრო ანსამბლში „რერო“ ვმღეროდი. შემდეგ ვიყავი მოსკოვის ჯაზ-ორკესტრში, რის შემდეგაც საქართველოში დავბრუნდი და ანსამბლი „დიელო“ ჩამოვაყალიბე. ერთი წლის მერე ანსამბლის ხელმძღვანელობა ჩემს ძმას, ამირან ებრალიძეს გადავეცი.
- თქვენს მიერ დაარსებულ ანსამბლებში ბევრი, დღეს უკვე პოპულარული მომღერალი აღზარდეთ…
— 1967 წელს ჩამოვაყალიბე ანსამბლი „ციცინათელა“, სადაც ნიჭიერი ხალხი შეიკრიბა. აქ იყვნენ დღეს უკვე პოპულარული მომღერლები: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, დათო აბულაძე, ავთო შარაშენიძე, ესენი ჩემი გაზრდილები არიან. მათ ხუთი წლის განმავლობაში იმღერეს ჩემთან, მერე ყველაფერს თავისი დრო აქვს და „ივერიაში“ გადავიდნენ. ამ წლების მანძილზე მათ დიდი სითბო მივეცი და გამოცდილება გავუზიარე, სიმართლე გითხრათ, მიფასებენ კიდეც და ჩემი ძალიან დიდი სიყვარული აქვთ.
- ცალკე აღნიშვნის ღირსია თქვენი საოცარი სიმღერებიც, რომლებიც დღესაც უყვარს ქართველ მაყურებელს, რაც მთავარია, მათ ახალგაზრდებიც მღერიან..
— ეს ფაქტი ძალიან მახარებს. აი, რამდენიმე დღის წინ კონცერტი იყო „მუზაში“, სადაც დამპატიჟეს. მომღერალ გია ნაცვლიშვილის არაჩვეულებრივი ანსამბლია „ნონაკორდი“, რომელმაც ჩემი სიმღერა „რა ყოფილა გურია“ შეასრულა. ამ სიმღერის შემდეგ ისეთი ტაში იყო დარბაზში, ისეთი, რომ სიხარულის აღმაფრენა მქონდა.
- ბატონო სოსო, იქნებ, ვცდები, მაგრამ თქვენი სავიზიტო ბარათი-სიმღერაა- „რა დაგიშავე ქალო“…
— დაგეთანხმებით, ამ სიმღერას მთელი საქართველო და ყველა თაობის ადამიანი მღეროდა და დღესაც მღერის. სიმღერის ლექსი ვახტანგ გოგოლაშვილს ეკუთვნის. ის განუმეორებელი პოეტი და უნიჭიერესი კაცი იყო. საქართველოში არ არსებობს კომპოზიტორი, რომ მის ლექსზე სიმღერა არ ჰქონდეს დაწერილი. ჩემი მეორე, არანაკლებ პოპულარული სიმღერის „სად იყავი რომ არ ჩანდი ოციოდე წლის წინ“ ლექსიც ვახტანგ გოგოლაშვილს ეკუთვნის. ისეთი ნიჭიერი იყო, ორ სიტყვას რომ ვეტყოდი და მელოდიას წავუღიღინებდი, ლექსი იმ წუთას დაწერილი ჰქონდა…
- შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები ამ სიმღერით ქალბატონებს დაგვიანებულ სიყვარულში უტყდებიან?
— ჰოოო, ზუსტად მასე იყო და ეს ამბავი ძალიან მახარებდა. მერე უკვე წლები მომემატა და სხვა სახის სიმღერები შევქმენი: ერთი მათგანია ამირან შალიკაშვილის ლექსზე დაწერილი „სააღდგომო სიმღერა“. დღეს როდესაც ჩემი შემოქმედების გზას ვიხსენებ, ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მასში ყველაზე დიდი კვალი დატოვა ერთმა ადამიანმა და ეს იყო გუგული ყიფიანი, რომელიც ფილარმონიის დირექტორი გახლდათ. ქართული ესტრადა მისი წყალობით აყვავდა, ეს ადამიანი ყველა შემოქმედს ეხმარებოდა. ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც შემოქმედებით ცხოვრებას იწყებს: ინსტრუმენტები, აპარატურა, კონცერტების დაგეგმარება და ბევრი რამ სჭირდება და ამას ყველაფერს გუგული ყიფიანი აკეთებდა. იმიტომაც იყო ქართული ესტრადა მისი დირექტორობის დროს აყვავებული. მერე ფილარმონიის მუსიკალური ხელმძღვანელი გოგი ცაბაძე გახდა. შემდეგ მოვიდნენ პროფესიონალები და უკარგესი ადამიანები: ბაჯული გელოვანი, გაიოზ ქართველიშვილი, სანდრო მირიანაშვილი, შოთა მილორავა, ოთარ თევდორაძე…
- ბატონო სოსო, დღეს ცხოვრებას რომ გადახედავთ, რამეზე ხომ არ გწყდებათ გული?
— მახარებს ის ამბავი, რაც კი შევქმენი, პოპულარობა რომ ყველაფერმა მოიპოვა. გულის დაწყვეტას რაც შეეხება, არაფერზე მწყდება, იმიტომ, რომ იგივე გზას გავივლიდი და იგივეს გავიმეორებდი. გარდა ერთისა… იცით, რაზე მწყდება გული? სიბერეში რომ დავიწყე სოლო სიმღერები, ადრე სხვებს ვეხმარებოდი, სხვებს ვამღერებდი, მე კიდევ ანსამბლებში ვიყავი ჩართული და ჭაღარა რომ შემეპარა, მერე მივხედე ჩემს თავს და 15 სიმღერაც მერე ჩავწერე..
- თავმდაბლობის გამო თუ?…
— ალბათ თავმდაბლობის გამო…კიდევ, იმის გამოც, რომ ანსამბლური სიმღერა მიყვარდა…
- უჩვეულო მაყურებელი ხომ არ გყოლიათ რომელიმე კონცერტზე?
— მე ოქროს უბანში დავიბადე და პლეხანოვზე ვცხოვრობდი. ფილარმონიაში 60 წელი ვმუშაობდი. პირველი კონცერტი მინდა გავიხსენო. მახსოვს, საზაფხულო თეატრის სცენაზე პირველად რომ გამოვდიოდით: მე, გიული ჩოხელი და ედუარდ სეფაშვილი, ჩემმა პლეხანოველმა ძმაკაცებმა ისეთი ტაში ატეხეს, ისეთი ტაში, რომ დარბაზი კინაღამ დაანგრიეს. ყველა ერთმანეთს გაოცებული უყურებდა: რა ხდებაო? იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ არავინ გვიცნობდა. მე კი ვთქვი: რა გიკვირთ? ჩემი პლეხანოველი ძმაკაცები არიან მეთქი, ეს იყო ყველაზე ორიგინალური კონცერტი ჩემს ცხოვრებაში…