თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნება უნდათ. თქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კვირას სამების ტაძარში გამართული ქადაგებისას.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი გასულ კვირას რუსეთში იმყოფებოდა და მოსკოვში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
”თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდით მოსკოვიდან. დიდი მოკითხვა გადმოგვცეს ქართველებმა. ბევრი ქართველია რუსეთში, თითქმის ერთი მილიონი, თუმცა ყველას უნდა საქართველოში დაბრუნება”, — ციტირებს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 18 ნოებერს გაემგზავრა მოსკოვში რუსეთის პატრიარქის კირილის დაბადების 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
გიორგობის დღეს — 23 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ილია მეორე თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდა.