თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
„კუბის რევოლუციის ლიდერი დღეს 22:29 (თბილისის დროით შაბათს, 07:29 საათზე) გარდაიცვალა“, — განაცხადა კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
მისი თქმით, ფიდელ კასტროს, მისივე სურვილის თანახმად, შაბათს, ადრიანი დილით გაუკეთებენ კრემაციას.
ფიდელ კასტრო 1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. 1976 წლის დეკემბრიდან 30 წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე კუბაში, რევოლუციური სამხედრო ძალების მთავარსარდალი და ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 2006 წლის 31 ივლისს ფიდელ კასტრომ უფლებამოსილება საკუთარ ძმას, რაულ კასტროს გადასცა.