კუბის რევოლუციის ლიდერი და ქვეყნის 30 წლიანი მმართველი ფიდელ კასტრო 1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა კუბის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ბირანში, შაქრის ლერწმის მცირე პლანტაციის მფლობელის ოჯახში.
1941 წელს კასტრო კოლეჯში შევიდა და ფრიადზე დაამთავრა. ამის შემდეგ ჰავანის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და მისი დამთავრების შემდეგ, 1950 წელს კერძო პრაქტიკა წამოიწყო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რევოლუციური განწყობა იმდენად მძლავრად ჰქონდა გამჯდარი, რომ საბოლოოდ კუბის რევოლუციის ლიდერად და კომანდანტედ იქცა.
საინტერესო ფაქტები
ფიდელ კასტრო, როგორც ყველაზე მგზნებარე ორატორი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მისი ცნობილი სიტყვა 27 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
კასტროს ცხოვრება გამუდმებით იდგა საფრთხის ქვეშ. ხელისუფლების სათავეში ყოფნის განმავლობაში მას 600-ჯერ დაესხნენ თავს განადგურების მიზნით.
ოფიციალურად ფიდელ კასტრო ხუანა დიას ბალარტზე გახლდათ დაქორწინებული, მაგრამ თანამედროვეთა ინფორმაციით, მას ყოველთვის უამრავი ქალი ეხვია გარს.
ფიდელ კასტროს შვიდი შვილი ჰყავს.
ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ფიდელ კასტრო პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახლდათ. მისი პირადი ქონება 550 მილიონ დოლარს შეადგენს.
კასტრო და საქართველო
1963 წელს საბჭოთა კავშირის ცეკა-ს გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ფიდელ კასტრო საქართველოში ჩამოიყვანა.
მაღალ სტუმრებს ქვეყნის მიღწევები გააცნეს, მცირე ელექტროსადგურები და ღვინის ქარხანა დაათვალიერებინეს და ბოლოს კახეთის ერთ-ერთ სოფელსაც აწვიეს.
კახელებმა მეფური სუფრა გაუშალეს კასტროს: შვლის მწვადებით, შემწვარი გოჭებით, ხაშლამით, ნიორწყალში ჩაწყობილი ტაბაკა-წიწილებით, ნიგვზით შეზავებული ალაზნის ლოქოთი…
მასპინძლობით კმაყოფილ საბჭოთა ლიდერს კუბელი ლიდერისთვის სადღეგრძელოში უთქვამს, ხედავ, ფიდელ, ჩვენ კავშირის მასშტაბით სოციალიზმს ვაშენებთ, საქართველოში კი უკვე კარგა ხანია, აუშენებიათო.