რეკორდომანია

© Borussia DortmundBorussia Dortmund
Borussia Dortmund - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად ტურნირის ისტორიაში გოლები ერთ მატჩში მონაწილე რვა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, ხოლო ერთ-ერთი ბურთი მასპინძელთა მხრიდან ფელიქს პასლაკმა გაიტანა.

სანდრო ცნობილაძე

„სიგნალ იდუ ნა პარკი“ ჩემპიონთა ლიგის თითქოს არაფრით გამორჩეული მატჩი. დორტმუნდის „ბორუსია“, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანს აქვს, აუტსაიდერ ვარშავის „ლეგიას“ მასპინძლობს. 90-ე წუთზე გერმანული კლუბის ერთ-ერთ ლიდერ მარკო როისს სტუმართა კარში რიგით მერვე გააქვს. ყველასთვის არა, მაგრამ ბევრი ქომაგისთვის ნათელი ხდება. დორტმუნდში ახალი ისტორია დაიწერა!!!

12 გოლი აქამდე ჩემპიონთა ლიგის არც ერთ მატჩში არ გასულა. აქამდე საუკეთესო შედეგი „მონაკო“-„დეპორტივოს“ მატჩზე დაფიქსირდა, რომელიც ფრანგულმა კლუბმა ანგარიშით 8:3 მოიგო. ეს ფაქტი, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველამ არა, მაგრამ ბევრმა ქომაგმა დააფიქსირა. სამაგიეროდ, ამ მართლაც ისტორიულ მატჩში დაფიქსირებულ სხვა რეკორდებს სტატისტიკოსები მთელი ღამის მანძილზე იკვლევდნენ. საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ ამ მატჩმა არაერთი აქამდე არმომხდარი რამ დააფიქსირა.  

© Borussia Dortmundფელიქს პასლაკის გოლი "ლეგიას" კარში
ფელიქს პასლაკის გოლი ლეგიას კარში - Sputnik საქართველო
ფელიქს პასლაკის გოლი "ლეგიას" კარში

პირველად ტურნირის ისტორიაში გოლები ერთ მატჩში მონაწილე რვა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, ხოლო ერთ-ერთი ბურთი მასპინძელთა მხრიდან ფელიქს პასლაკმა გაიტანა. პასლაკი აღმოჩნდა ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მატჩში თავი გამოიჩინა. 2016 წლის 22 ნოემბერს პასლაკი 18 წლის და 177 დღის იყო. მან იულიან დრაქსლერის რეკორდი გააუმჯობესა. არამარტო გერმანიის, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა ამ ტურნირზე კარში გოლი მაშინ შეაგდო, როდესაც იგი 19 წლის და 13 დღის იყო. 

„ბორუსიას“ ქომაგები ყველა ახალგაზრდა და კარიერის წარმატებულად დამწყებ ფეხბურთელს ლარს რიკენს ადარებენ. ეს სწორედ ის რიკენია, რომელმაც 1996-97 წლების გათამაშების ფინალში მოედანზე გამოსვლიდან 16 წამში ანჯელო პერუცის საკმაოდ შორიდან ბურთი თავზე გადაუგდო და „ბორუსია“ გადამწყვეტ მატჩში ორ ბურთიანი უპირატესობით მეორედ დააწინაურა. საბოლოოდ, უდიდესი ტალანტის მქონე რიკენმა დიდი ფეხბურთი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშა. რიკენთან შედარებას უკვე პასლაკიც ვეღარ აცდება. „დორტმუნდელთა“ ტალანტმა ჩამქრალი ტალანტის შედეგი გააუმჯობესა. პასლაკი ყველაზე ახალგარდა „ბორუსიელია“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მან სწორედ რიკენის მიღწევა გააუმჯობესა.  

© Borussia Dortmundდორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელები "ლეგიასთან" მატჩის შემდეგ
დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელები ლეგიასთან მატჩის შემდეგ - Sputnik საქართველო
დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელები "ლეგიასთან" მატჩის შემდეგ

შეხვედრის პირველ 52 წუთში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „ლეგიას“ მეკარე არ ჰყავდა. სხვა რამის წარმოდგენა მართლაც ძნელია. ამ პერიოდში მასპინძლებმა სტუმართა კარში ზუსტად ექვსჯერ დაარტყეს და ამდენჯერვე გაიტანეს. გაირკვა, რომ ესეც ახალი რეკორდია, ისევე როგორც ახალი სარეკორდო მაჩვენებელია 15 წუთი და 5 წამი. სწორედ ეს დრო დასჭირდათ მასპინძლებს იმისთვის, რომ ხუთი გოლი გაეტანათ. წინა მიღწევა დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნოდა. რვა წლის წინ უკრაინულმა კლუბმა „ბატეს“ ამდენივე გოლი 16 წუთში და 16 წამში გაუტანა. 

რეკორდების დიდი ნაწილი, რომელიც ამ შეხვედრაში დამყარდა, „დორტმუნდელებს“ ეკუთვნით, მაგრამ მსგავსი მატჩები იმითაა მომხიბვლელი, რომ რეკორდსმენად დამარცხებული მხარეც გვევლინება. თუმცა, ამ შემთხვევაში ის, რომ „ლეგია“ აღმოჩნდა პირველი კლუბი ვინც ოთხჯერ გაიტანა, მაგრამ მაინც წააგო, უფრო ანტირეკორდია ვიდრე რეკორდი. არადა სტუმართათვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. ვარშაველებმა ანგარიში გახსნეს, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მათ მეორედ მოუვიდათ. პირველად ასეთი შემთხვევა 21 წლის წინ დაფიქსირდა. 

და ბოლოს, „ლეგიას“ კომიკურ ვითარებაში ჩავარდნა კიდევ უფრო სასაცილო იქნებოდა რომ არა ერთი გარემოება, რომელიც ბოლომდე ვარშავულ კლუბის მდგომარეობაზე გართობის საშუალებას არ იძლევა. „ლეგიაში“ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ირიცხება. საბედნიეროდ, ვარშაველთათვის სამარცხვინოდ განვითარებულ მატჩში მას მონაწილეობა არ მიუღია.   

 

 




ყველა ახალი ამბავი
0