კონკურსში „ფიტნეს-ამერიკა —2016“, რომელიც 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, უთხრა Sputnik-საქართველოს გამარჯვებულმა. მეიშვილმა კონკურსში მონაწილეობის საშუალება მას შემდეგ მიიღო, რაც 2015 წელს აშშ-ს ფიტნესის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. მეიშვილი ამერიკაში 25 წლის ასაკში ჩავიდა. მანამდე იგი მთელი ცხოვრება მხატვრული ტანვარჯიშით იყო დაკავებული და მისი თქმით, ამ ასაკში შეუძლებელია ამ სახეობაში სხვა სპორტსმენებთან მეტოქეობა, ამიტომ გადაწყვიტა ფიტნესით დაკავებულიყო.
„როცა მე გამიჩნდა დრო და ფინანსები, გადავწყვიტე საყვარელ საქმეს დავბრუნებოდი, მხატვრულ ტანვარჯიშთან ყველაზე ახლოს ფიტნესი დგას, ამიტომაც ავირჩიე იგი“, — თქვა მეიშვილმა.
სპორტსმენი ფიტნესით ბოლო რვა წელია დაკავებული და მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი დრო და ძალა მიდის, ამბობს, რომ შეჩერება ჯერ არ შეუძლია.
„ყოველთვის, როცა მორიგ კონკურსზე გავდივარ, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს ბოლოა, მაგრამ როგორც კი ვიგებ, უკვე ფიქრს ვიწყებ მომავალ კონკურსებზე“, — აღნიშნა მეიშვილმა და დასძინა, რომ უკვე ფიქრობს 2017 წლის კონკურსში მონაწილეობაზე.
ლას ვეგასში მეიშვილს სამი შვილი ჰყავს — ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან და ტყუპი ქალ-ვაჟი მეორე ქორწინებიდან. ნიკოლოზი და მზია აშშ-ში დაიბადნენ. უფროსმა ქალიშვილმა ნინიმ, სპორტსმენის თქმით კარგად იცის ქართული, უმცროსები კი ბეჯითად სწავლობენ.
ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი ამბობს, რომ უკითხავს მათ წიგნებს მშობლიურ ენაზე, ასმენინებს ხალხურ სიმღერებს და შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოჰყავს საქართველოში.
„მე გადავწყვიტე მეპოვნა ჩემი ამერიკული ოცნება და ვიპოვე. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ის ახდა. ჩემი ქალიშვილი კოლეჯში სწავლობს, თავის სკოლაში პირველი ჩოგბურთელია და მიაღწია იმას რაც უნდოდა. ოცნებები სრულდება, მთავარია რაღაც ძალიან ძლიერად გინდოდეს და შრომობდე“, — თქვა მეიშვილმა.
ყველა შეჯიბრზე, ჩემპიონატზე და კონკურსზე მეიშვილი მხოლოდ საქართველოს დროშით გამოდის და თითქმის ყველა მისი ნომერი ეროვნული მუსიკის თანხლებით სრულდება.