სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თითქოს დავიწყებას მიეცა ქართული კერამიკული კულტურა. შეიძლება ითქვას, ქალბატონმა ნატომ დაუღალავი შრომით, დიდი ძალისხმევით ქართულ თიხას და კერამიკას კუთვნილი ინტერესი დაუბრუნა.
იგი საკმაოდ დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს და ამბობს, რომ,,კერამიკული დაავადება“ ბავშვობაში შეეყარა. მეგობრებთან ერთად დააფუძნა გალერეა White studio, სადაც თიხას სათანადოდ ამუშავებენ, მისგან ჭურჭლის ფორმებს ძერწავენ, წვავენ და დეკორით ამკობენ. ამის შესახებს დაწვრილებით ქალბატონი ნატო გიამბობთ.
– ბავშვობიდან ვხატავდი. შემდეგ გადავწყვიტე აკადემიაში ჩამებარებინა, თუმცა, არ ვიცოდი რა განხრით წავსულიყავი. მშობლებმა რჩევის საკითხავად მიმიყვანეს ჩვენი ახლობლების რეზო იაშვილის და ალდა კაკაბაძის ოჯახში. ეს არის კერემიკოსთა საოცარი ოჯახი. იქ შესვლისთანავე დამეუფლა გრძნობა, რომ საოცრებათა სამყაროში მოვხვდი. მონუსხული ვუსმენდი, როგორ ჰყვებოდნენ კერამიკის შესახებ, რა ტიპის სამუშაოა, როგორი საინტერესო დარგია, რა სპეციფიკა აქვს თიხას, ცეცხლით გამოწვას და ა.შ. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა და გადაწყვიტა კიდეც ჩემი ბედი. მაშინ ალდეც და რეზოც აკადემიაში მუშაობდნენ და მეც მათთან ჩავაბერე. ასე აღმოვჩნდი კერამიკის სამყაროში. ამის მერე ხშირად დავდიოდი მათ ოჯახში, მაყვარებდნენ ამ ხელოვნებას და მალე,,კერამიკული დაავადება“ დამემართა.
იმ დროიდან ვემსახურები კერამიკას. ნელ-ნელა დაიწყო ჩემი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბება, დავიწყე ნამუშევრების შექმნა, შემდეგ დავიწყე გამოფენებზე გასვლა. პირველი გამოფენა-გაყიდვა იყო ამერიკაში და ამის მერე დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნები, დაიწყო მიწვევები. ჩემ ნამუშევრებში ქართული კულტურა და ტრადიცია იჩენს თავს, მაგრამ ძირითადი ხაზი მაინც თანამედროვე კერამიკაა. საქართველოსთვის ეს ცოტა უცხოა. თანამედროვე კერამიკა დღეს იდგამს ფეხს ჩვენ ქვეყანაში. ვცდილობ აქაც გავაკეთო თანამედროვე კერამიკის გამოფენები. ჩემ მეგობრებთან ერთად შევქმენი ასოციაცია,,კერამიკოსთა თიხის ოფისი“ და საქართველოში ერთობლივად ძალიან ბევრი კერამიკული აქტივობა ჩავატარეთ. გავაკეთეთ ფესტივალი, ჩამოგვყავდა უცხოელი მხატვრები, ვაკეთებდით ერთობლივ პროექტებს, ასევე ვასწავლიდი აკადემიაში და სტუდენტებს ვუზიარებდი ცოდნა–გამოცდილებას.
მინდა ჩვენი ახალგაზრდები ეზიარონ იმ თანამედროვე ტენდენციებს, ტექნიკას, ტექნოლოგიას, რაც მთელ მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული და აპრობირებულია. ამიტომ ჩვენ ცოტა გადავუხვიეთ ქართულ ტრადიციას და ძირითადად ვქმნით პერფორმანსს, სტილიზებულ დეკორაციას, რომელიც არის შემოქმედებითი ნამუშევარი. კერამიკა, რა თქმა უნდა, არ იწყება და არ მთავრდება დოქით და ფიალით. ეს არის უკვე სხვა ხაზი, რომელიც დიზაინში და არქიტექტურაში გამოიყენება. როცა საზღვარგარეთ ვმოგზაურობდი, იქ ვხვდებოდი საოცრად დახვეწილ სახელოსნო-გალერეებს. ყოველთვის მწყდებოდა გული, რადგან საქართველო ამ ყველაფერს მოკლებული იყო. სურვილი გამიჩნდა, საქართველოშიც ყოფილიყო მსგავსი ტიპის გალერეა და საქართველო კერამიკის განვითარების გზაზე დამდგარიყო. მინდა საზოგადოებას დავანახო, რა შესაძლებლობები და მასშტაბები აქვს ამ მასალას. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ White studio, რომელმაც უნიჭიერეს მხატვრებს მოუყარა თავი.
– ქართული მასალით მუშაობთ თუ უცხო ქვეყნებიდან შემოგაქვთ?
– ჩვენ ვიპოვეთ შესაფერისი ქართული თიხა და პირველებმა დავიწყეთ მისი გამოყენება, ნამუშევრებად ქცევა. თიხას „ქართული ფაიფური“ დავარქვით. ჩვენ სალონში მრავლად შეხვდებით გამოსაყენებელ ნივთებს, რაც ძალიან მისაღებია საზოგადოებისთვის. სურვილი გვაქვს ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივაჩვიოთ საზოგადოება ხარისხიანი ხელნაკეთი ნივთის შეძენას, ასევე ვაჩვენოთ, რომ კერამიკას შეუძლია შობოს არა მხოლოდ ჯამი და ჭურჭელი, არამედ ბევრი საინტერესო დეკორაცია.
– საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა სხვა რა მიმართულებით მუშაობთ?
– ვმუშაობთ დიზაინშიც. ვქმნით ინტერიერისვით და ექსტერიერისთვის ნივთებს, დეკორაციებს. ამ გალერეაში რასაც ხედავთ, ყველა ნივთი არის ერთეული, უნიკალური და არასოდეს არ მეორდება.
– როგორ იქმნება თითოეული ნივთი?
– ძალიან მიყვარს კერამიკა. ეს დარგი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია. მინდოდა სხვებისთვისაც გამეზიარებინა რამდენად საინტერესო და შრომატევადია, რამდენად საფრთხილო და აზარტული, ამიტომ აქვე, ყველას თვალწინ, ამ გალერეაში იქმნება თითოეული ნივთი. ძალიან რთული, ამავე დროს საოცრად საინტერესოა კერამიკაზე მუშაობა. თიხა თავისთავად არის ერთადერთი მასალა, რომელთანაც მხატვარი არის პირდაპირ კონტაქტზე, ამიტომ ენერგეტიკას, რასაც მხატვარი გასცემს, მასალა აუცილებლად იღებს და გრძნობს. თიხას ჯერ სჭირდება დამუშავება, მერე ხდება ფორმის მიცემა, მოწესრიგება, გასუფთავება, დამუშავება, შემდეგ პირველი გამოწვაა, რომელსაც მოსდევს მეორე გამოწვა და მოხატვა. არასდროს იცი, შედეგად რა გამოვა, ვინაიდან ცეცხლის ჩარევის დროს შეუძლებელია განსაზღვრო, რა სიურპრიზს გვიმზადებს იგი. ის მისტიკა, რაც თან სდევს კერამიკას, ყოველთვის ამოუცნობია. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გახსნა ღუმელი და გამოგივიდეს შედევრები, ან ისეთი ნივთი, რომელსაც არც ელოდი და ვერც მიხვდე რა გამოვიდა. ეს შეიძლება მოხდეს ყველანაირი ცოდნის და გამოცდილების მიუხედავად. დამერწმუნეთ, რომ კერამიკის გაკეთება ერთგვარი აზარტია.
– რა პროცესები მიმდინარეობს ღუმელში?
– ღუმელში ძალიან ბევრი ქიმიური პროცესი მიმდინარეობს. ბევრი რამ ცეცხლის მოძრაობაზეა დამოკიდებული. ყოველი დღე, როდესაც ღუმელი იხსნება, არის მოულოდნელობით და მოლოდინით აღსავსე. ჩვენ ვსაუბრობთ ხელნაკეთ ნივთზე. ქარხანაში, რა თქმა უნდა, სულ სხვა გათვლებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ემოცია და განცდა, რაც ხელით შეხებისას გადმოდის ადამიანზე.
– როგორ ხდება ქართული თიხის დამუშავება?
– თეთრი თიხა, რომელიც სხვადასხვა მასალის გადამუშავების შედეგად მიიღება, თვისებებით ფრანგულ და ინგლისურ ფაიფურს არ ჩამოუვარდება, თუმცა მას ქარხნულად დამუშავება სჭირდება. იგი ჩვენამდე მოდის ბელტებად. საქართველოში ქარხანა არ არსებობს, ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ დამუშავება ხელით, პირველყოფილი მეთოდებით გვიწევს. ვაცლით ზედმეტ მინარევებს, ვწურავთ, ვაშრობთ, ვცრით და ა.შ. თეთრ თიხას აკლია ტექნოლოგიური, ქარხნული დამუშავება და არის ცოტა ველური. ამიტომ ჩვენ გარკვეულ ნივთებში ვიყენებთ თეთრ თიხას, გარკვეულ ნივთებში კი უკვე დამზადებულ თიხას, რომელიც ჩამოგვაქვს უცხოეთიდან. როგორც აღვნიშნე, ჩვენთან პირობები არ არის, რომ დამუშავდეს ჩვენი თიხა, რაც ძალიან სამწუხაროა. მთელი საქართველო დგას წითელ თიხაზე, ჩვენ კი არ გვაქვს საშუალება, რომ ვიმუშაოთ ნორმალური მასალით. იმან, რომ საქართველოში კერამიკის ხარისხი იყო ძალიან დაბალი, გარკვეული კვალი დაამჩნია ამ ხელოვნებას და დღესაც ვებრძვით, ვცდილობთ გამოვასწოროთ ხარვეზი.
– რა არის თქვენი მიზანი?
– ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი კერა გაჩნდეს, მეტი ადამიანი დაინტერესდეს კერამიკის წარმოებით, აღდგეს საქართველოში ეს კულტურა. დღეს რომ ნახოთ ის ადგილები, სადაც იყიდება ქართული სუვენირები, მართლა სირცხვილი და საცოდაობაა. არ უნდა ვკადრებდეთ ასეთი დაბალი ხარისხის პროდუქტს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ტრადიციას, შემდეგ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმარს, რომელსაც სურს კარგი ხარისხის სუვენირი წაიღოს თავის ქვეყანაში. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.