თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა მოუწოდა ევროპულ და ამერიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის თავისუფლებას ქადაგებენ, რომ მიიღონ ზომები იმ რეზოლუციის შესაჩერებლად, რომელიც ევროპარლამენტმა 2016 წლის 23 ნოემბერს მიიღო და რომელსაც ეწოდება „ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციები, როგორც მესამე მხარეების პროპაგანდის წინაღობა“.
ევროკავშირში სიტყვის თავისუფლებაზე შეტევის შეჩერების მოთხოვნითა და მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის ხელმოწერით შესაბამისი წერილი გაიგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროს, იუნესკოსა და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჩათვლით. რეზოლუცია ემსახურება ევროკავშირში პრესის თავისუფლების შეზღუდვას და, როგორც შედეგი, ისეთი საინფორმაციო საშუალების მოღვაწეობის შეჩერებას ევროპაში, როგორიცაა Sputnik-ი.
Sputnik-ის წერილში, კერძოდ, ნათქვამია: „რეზოლუცია პირდაპირ დარტყმას აყენებს მთელ რიგ ავტორიტეტულ საინფორმაციო საინფორმაციო საშუალებას, მათ შორის, სააგენტო Sputnik-ს და მიზნად ისახავს მათი საქმიანობის შეჩერებას ევროკავშირში. უფრო მეტიც, აღნიშნული რეზოლუცია პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავად ევროკავშირის ნორმატივებთან ადამიანის უფლებებისა და მასმედიის თავისუფლების კუთხით — ისეთებთან, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი, ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის მე-11 მუხლი და ევროკავშირის 2012 წლის 11 დეკემბრის რეზოლუცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ციფრული თავისუფლების სტრატეგიის შემუშავების თაობაზე“.
სააგენტო Sputnik-ის პრეს-სამსახურმა კომენტარი გააკეთა რეზოლუციის მიღებაზე: „რეზოლუცია მასმედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პირდაპირ დარღვევად გვევლინება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ მთელ რიგ ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა გაერო, იუნესკო, ეუთო, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, და მრავალრიცხოვან მედიაჯგუფებსა და პროფკავშირებს მოწოდებით, გამოიჩინონ სოლიდარობა და წინ აღუდგნენ ამ აღმაშფოთებელ დისკრიმინაციასა და ცენზურას. მოვუწოდებთ საერთაშორისო მედიათანამეგობრობას, რომლის სრულუფლებიანი წევრიც არის Sputnik-ი, შემოგვიერთდნენ, რათა გამოვთქვათ საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და დავიცვათ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებები“.
რეზოლუცია შეიცავს მთელ რიგ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის, ადარებს Sputnik-ის მოღვაწეობას ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის („ისლამური სახელმწიფო“) საქმიანობას. Sputnik-ი, როგორც გლობალური მედიაბრენდი და ახალი ამბების კონტენტის ავტორიტეტული წყარო, ამ შედარებას უაზროდ და აბსურდულად მიჩნევს. ამ შედარებაზე კომენტარის გაკეთებისას ევროპარლამენტის ფრანგმა დეპუტატმა ჟან-ლიუკ შაფჰაუზერმა განაცხადა: „რეზოლუციის ავტორს უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ პარალელი გაავლო რუსეთსა და ISIS-ს შორის. პირველი სამართლებრივი სახელმწიფოა, ხოლო მეორე — ტერორისტული ორგანიზაცია. მათ აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო“.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბები სადღეღამისო რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.