თბილისში, პარლამენტის შენობასთან 20 ნოემბერს „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა“ მოეწყო, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა (World Day of Remembrance for Road Traffic Victims).
აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შეერთებოდნენ მათ და ხელისუფლებისგან საქართველოს გზებზე სიტუაციის გაუმჯობესება მოეთხოვათ.
„ერთად შევაჩეროთ განუკითხაობა საქართველოს გზებზე და ქალაქებში, რასაც წელიწადში 600 ადამიანის სიცოცხლე და ყოველი ჩვენგანის ცხოვრების ხარისხი ეწირება”, — მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორები Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს ქალაქებში დღითიდღე უარესდება პირობები ქვეითად მავალთათვის: საზოგადოებრივი სივრცეების გაქრობასთან, დაურეგულირებელ მშენებლობებთან და ჰაერის დაბინძურებასთან ერთად გზებზე და უკვე ტროტუარებზე დაშავებულ ქვეითთა რაოდენობა უპრეცედენტო რიცხვს აღწევს!
გასულ წელთან შედარებით ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 11%-ით არის გაზრდილი, ყოველი მესამე ასეთი შემთხვევის მონაწილე კი ქვეითია, აცხადებენ ორგანიზატორები. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ ქვეითად მოსიარულეთათვის ელემენტარული პირობების შექმნას, ტროტუარებზე პარკირების აკრძალვას და უკანონო პარკირებისთვის ჯარიმის გაზრდას.