თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. დასავლეთ საქართველოს რეგიონებს ძლიერმა ქარმა სერიოზული ზიანი მიაყენა — დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი გაზის მაგისტრალები. ფოთში 17 სახლის, ხუთი საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობას ქარმა სახურავები გადახადა. ქალაქის მერიაში საგანგებო შტაბია შექმნილი, შემთხვევის ადგილებზე სპეციალური მობილური ჯგუფები მუშაობენ.
სამეგრელოში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურები მთელი დღის განმავლობაში გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებდნენ.
„იმისთვის, რომ დადგინდეს ზარალის ოდენობა, სპეციალური კომისია მუშაობს და ზარალის კონკრეტული რაოდენობა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი“, — აღნიშნავენ ფოთის მერიაში.
ამ დროისთვის რეგიონის ყველა რაიონს მიეწოდება ელექტროენერგია, მხოლოდ ზუგდიდის, სენაკისა და ხობის რამდენიმე სოფელია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.
ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა იმერეთის რეგიონსაც, განსაკუთრებით რთული ვითარება სამტრედიაშია.
ქარმა ცხრა საცხოვრებელ სახლს, ხუთ საბავშვო ბაღსა და სამ ადმინისტრაციულ შენობას გადახადა სახურავები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ქარმა წააქცია ხეები.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დიდ ჯიხაიშში, სადაც ქარმა ბუნებრივი გაზის მაგისტრალი დააზიანა.
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ამინდის კიდევ გაუარესებასა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იმერეთსა და სამეგრელოში ქარის სიჩქარემ შეიძლება წამში 30 მ-ს მიაღწიოს. სინოპტიკოსების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 25 ნოემბრიდან გამოიდარებს. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 9-14 გრადუსამდე მოიმატებს, ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.