თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლეში 22 ნოემბერს ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის კარლო კუკულაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიცია, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 105 წლისთავს ეძღვნება, 7 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამას გარდა ღონისძიებაზე კარლო კუკულაძისადმი მიძღვნილი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. მხატვრის საუკეთესო ნამუშევრების კრებული თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხელოვნების სასახლის მიერ გამოიცა, იუწყებიან ორგანიზატორები.
კარლო კუკულაძე 1911 წელს დაიბადა. 1926 წელს მოსე თოიძის ფერწერის სტუდია დაამთავრა, ხოლო 1931 წელს — თბილისის სამხატვრო აკადემია. იმავე წელს მხატვრის რანგში მუშაობა დაიწყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1934 წელს კუკულაძე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოსკოვის დიდ თეატრში გაემგზავრა.
კარლო კუკულაძის ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კერესელის მუსიკაზე დადგმული „ბაში-აჩუკი“, ბალანჩივაძის „მზია“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, „ქოშები“ „გედების ტბა“, დელიბის „ლაკმე“, თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“ და მრავალი სხვა.
თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კარლო კუკულაძეს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.