საქართველოს მოსახლეობა სერიალების მიმართ გულგრილი ნამდვილად არაა, ამიტომ ცენტრალური ტელეარხები უცხოური საპნის ოპერებითაა აჭრელებული. ბოლო წლებში ქართულმა კინემატოგრაფმაც დაიწყო აქტიურად სერიალების გადაღება, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ჩემი ცოლის დაქალები“
სატირულ-იუმორისტული სერიალი მოგვითხრობს სკოლის მეგობრებზე, რომლებმაც უკვე 30 წელს გადააბიჯეს. მათ სხვადასხვა ცხოვრება, გემოვნება, შეხედულებები აქვთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, ერთად გაებან სხვადასხვა ფათერაკში. ფემინისტი თინა, თავქარიანი კატო და დიასახლისი ნინო დიდი ხანია ქართველი მაყურებლის საყვარელი გმირები გახდნენ.
გიორგი ლიფონავასა და რატი რამიშვილის სურათის წარმატებაზე ათი სეზონი მეტყველებს. სერიალს უკვე მეექვსე წელია, ყოველ უქმეებზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში აჩვენებენ.
„ხელოვნური სუნთქვა“
რეჟისორ გიორგი ლიფონავას დრამის ჩვენება 2016 წლის ზაფხულში დაიწყო.
მოვლენების ცენტრშია სასწრაფო დახმარების ექიმი, მარტოხელა მამა შოთა, რომელიც 11 წლის შვილ მელანოსთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. თუმცა, ყველაფერი იცვლება, როცა შოთა ურთიერთობას იწყებს ამბიციურ ჟურნალისტთან – თამუნასთან. ესაა ორი რთული ნატურის შეტაკება, რომლებსაც არანაკლებ რთულ ვითარებაში უწევთ ერთმანეთთან ცხოვრება.
შეძლებენ თუ არა შოთა და თამუნა ახალი ცხოვრების დაწყებას, ჯერჯერობით უცნობია. სერიალს „რუსთავი 2“ კვირაში ორჯერ აჩვენებს.
„ტიფლისი“
ისტორიული სერიალია, რომლის ჩვენებაც 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. მოვლენები მე-19 საუკუნის საქართველოში ვითარდება. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ თავადაზნაურობა გავლენის სფეროებს ინაწილებს და ადამიანებს ატერორებს. მათ წინააღმდეგ იბრძვიან ტყეში გახიზნული ყაჩაღები. ეს დაპირისპირება ტფილისში გადმოინაცვლებს.
დინამიური სიუჟეტი, ატმოსფერული დეკორაციები და მაღალი კლასის სამსახიობო შემადგენლობა — ამან საქართველოს ათასობით მცხოვრები ტელევიზორებს მიაჯაჭვა.
ლევან დაბრუნდაშვილისა და ნოდარ მარშანიშვილის ფილმს ტელეარხი GDS უჩვენებს.
„ქერჩი — დაკარგული გმირები“
ნამდვილ მოვლენებზე დაფუძნებული სამხედრო დრამაა. ლევან დაბრუნდაშვილის კინოსაგა 1942 წელს ქერჩის ფრონტზე დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს ეძღვნება.
„შუა ქალაქში“
კიდევ ერთი იუმორისტული სერიალი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უკვე თითქმის ათი წელია გადის. ამ ტელენოველის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ აქ ყოველ პერსონაჟში მაყურებელი იცნობს საკუთარ თავს, მეზობელს, ნათესავს ან თანამშრომელს.