პარლამენტი სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს

© REUTERS / David Mdzinarishviliსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრა რულოვსმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იღებდა მონაწილეობას, პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

რულოვსი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი იყო. ის სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

„აღნიშნული საკითხის განხილვა რეგლამენტის თანახმად მოხდება. როგორც თქვენთვისაა ცნობილი, კომიტეტის სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს განცხადების შემოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ და მომდევნო კვირაში, შესაბამის ვადებში, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს“, — განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
პუტინი: სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელების შეურაცხყოფაა

სავარაუდოდ, სანდრა რულოვსის ადგილს პარლამენტში კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიაში №28 იყო.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად – 8 და 30 ოქტომბერს გაიმართა. 150 დეპუტატიდან 77 პარტიული სიით, 73 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან 115 პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია, 27 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 6 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. ორი ადგილი წილად ერგოთ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელ სიმონ ნოზაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

ყველა ახალი ამბავი
0