ძველი ორნამენტებით და ქარგვის ხელოვნებით შთაგონებულმა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა დედა სიდონიასთან ერთად, ახალი, არაჩვეულებრივი და საოცარი კოლექცია შექმნა.
დიზაინერმა უახლესი კოლექცია ქართული ნაქარგობის ტრადიციის გამოყენებით, ფერადი ძაფებით, ბროლით და მარგალიტებით კონცეპტუალური ბრენდისთვის შექმნა. აბრეშუმის ბახრამებსა თუ დანარჩენ სამოსზე ნაქარგობა, თითოული ბისერი, თვალი, დედა სიდონიამ ხელით გადაიტანა. მას რამდენიმე მოსწავლე და მონაზონი უწევდა დახმარებას.
ნაქარგობის სამოსზე გადატანის სურვილი და იდეა დათუნა სულიკაშვილს ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების ორნამენტებიდან გაუჩნდა. ქსოვილებში გამოყენებულია ძირითადად ბროწეულის, ვაზის ფოთლის ფორმა. სამოსი ქართულ საზოგადოებას ცნობილმა მოდელებმა თაკო ჩხეიძემ, თამუნა გაბრიელაშვილმა, სალომე ღვინიაშვილმა, თიკა ფაცაციამ, ნინო ცქიტიშვილმა, რუსა ჩაჩუამ წარუდგინეს. საღამო სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა.
დათუნა სულიკაშვილი: „როცა დედა სიდონიას ნამუშევრები ვნახე გავოცდი, ეს იყო საოცარი ქმნილება, ფერთა არაჩვეულებრივი შეხამება, დახვეწილი ნამუშევრები. იმ წამსვე მომინდა სამოსზე გადმომეტანა ეს ნაქარგობა. დედაოც სიამოვნებით დამთანხმდა. კოლექციაში სულ 17 სამოსი გამოვიდა, რომლებიც მთლიანად ხელით არის შესრულებული. აღებული გვაქვს ძველი ქართული ორნამენტები… კოლექცია საკმაოდ მდიდრული და საინტერესო გამოვიდა."
დათუნას შემოქმედებაში ტრადიციისამებრ ძირითადად აქტუალურია კლასიკური სილუეტი, მარგალიტები და ფოჩები. მისი ნამუშევრები გამოირჩევა საოცარი, ნაზი და დახვეწილი ფერებით. ფერთა საოცარი გამა განსაკუთრებულ ელფერს მატებს ნამუშევრებს. ფეხსაცმელებში კი ძირითადად ხავერდი და ლაკი აქვს გამოყენებული.
დედა სიდონია: „აქამდე არც ერთ დიზაინერთან არ მიმუშავია სამოსზე, ეს პირველი შემთხვევა იყო. იდეა იმდენად საინტერესო იყო, რომ არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი. საეკლესიო ნამუშევრებს აქვს ჯვრები. როდესაც გაჩნდა იდეა, რომ ნაქარგობა სამოსზე გადაგვეტანა, ამოვიღეთ ჯვრები და დავტოვეთ მხოლოდ გარეთა ფორმები. ძირითადად გამოვიყენეთ ბროწეულის, ვაზის ფოთლების ფორმები. უფრო ცოცხალი, რომ გამოსულიყო, მოგვქონდა ფოთლები, ნიმუშად გვედო და ისე გადაგვქონდა ქსოვილზე. ვფიქრობ არაჩვეულებრივი გამოვიდა.“
დედა სიდონიას რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. „კახაბერი და ხანუმებისთვის“ შექმნა განსხვავებული და ორიგინალური სამკაული. მის გამოფენაზე სუხიშვილებმა დადგეს „სამაია“. სულ ცოტა ხნის წინ დედაოს ნაკეთობებით დაინტერესდა დიზაინერი საშა არუთინოვი. მან თავად შეარჩია ნამუშევრები, რომელსაც მოსკოვში წარადგენს.
ჩვენება სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახებიც. მოდელები დამსწერე საზოგადოებას ეკა ჩხეიძემ წარუდგინა.
ჩვენების დაწყებამდე თბილისურმა ბომონდმა ჯერ წითელ ხალიჩაზე იპოზიორა, კოქტეილის შემდეგ კი მოწვეული სტუმრებისთვის დახვეწილი და სასიამოვნო საღამო გაიმართა. კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.