თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. რიგით მეთოთხმეტე სიმღერის საბავშვო კონკურსი „ევროვიზია“ კვირას მალტის დედაქალაქ ვალეტეში გაიმართება. საქართველოს კონკურსზე ათი წლის შემსრულებელი მარიამ მამადაშვილი წარადგენს.
„ევროვიზიაში“ წელს 17 ქვეყანა მონაწილეობს. წლევანდელ კონკურსზე გარკვეული სიახლეებიც არის. ცვლილებები გავრცელდა მონაწილეთა ასაკობრივ შეზღუდვაზე. თუ მანამდე ბავშვების ასაკი 10-დან 15 წლამდე იყო, ახლა 9-დან 14 წლამდე იქნება.
გარდა ამისა, 2016 წლიდან კონკურსი გაიმართება არა გვიან საღამოს, არამედ დღისით. ასეთი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ გვიანი დრო საბავშვო კონკურსს არ შეესაბამება. ამგვარად, კონკურსის ტრანსლაცია დაახლოებით 16:00-დან 18:00 საათამდე დაიწყება.
მარიამ მამადაშვილმა ეროვნულ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა. საკონკურსო სიმღერა ევროვიზიისთვის კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ დაწერა მარიამთან ერთად.