ჩემში ბავშვობის დროინდელმა, მიძინებულმა გრძნობებმა და ემოციებმა გაიღვიძეს, როცა ქალბატონი ქეთევან ოთარაშვილის მიერ შექმნილი ლოყებწითელა, ყურებდაცქვეტილი, თმა აშლილი, მომღიმარი ელფი გოგო-ბიჭები გავიცანი. ხელოვანი ქალბატონი საკუთარი ხელით შექმნილ ელფებს ცოცხალ არსებებად აღიქვამს, ესაუბრება და ეფერება მათ.
— თიანეთის რაიონში დავიბადე. ოჯახში უმცროსი შვილი ვიყავი და ყველა მათამამებდა. შემოქმედი ბავშვი გახლდით, სულ ვწერდი ან ვხატავდი, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. ხელოვნება, ხელსაქმე დედამ შემაყვარა. მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, მატარებდა თბილისში შემოქმედებით წრეებზე, გამოფენებზე და ამით უფრო მიღვივებდა სიყვარულს ხელოვნებისადმი.
- გაიხსენეთ თქვენი შექმნილი პირველი თოჯინა.
— დავამთავრე სამხატვრო სასწავლებელი. თოჯინებს ადრეც ვკერავდი 90-იან წლებში, თუმცა დროის უქონლობის გამო იძულებული გავხდი თავი დამენებებინა. თოჯინების შექმნას სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ დავუბრუნდი. პირველი თოჯინა ძალიან დაემსგავსა ჩემს უსაყვარლეს დისშვილს, ნათიას და ნათუკა დავარქვი. დღემდე გამორჩეულად მიყვარს და ჩვენს ოჯახში საპატიო ადგილს იკავებს. ჩემგან დამოუკიდებლად თოჯინების უმრავლესობა ნათიას ემსგავსებოდა, ჩემი შვილიშვილის გაბრიელის დაბადების შემდეგ კი რატომღაც მას ემსგავსებიან. ჩემთვის ცოტა უცნაური და ამოუხსნელია ეს ყველაფერი, მაგრამ მართლა ასეა.
- თქვენი თოჯინები საოცრად ლამაზი და სათნო ელფები არიან. რატომ არიჩიეთ მაინცდამაინც ელფები?
— ელფები ჩემი სისუსტეა. ღრმა ბავშვობიდან მაინტერესებს მათი იდუმალი სამყარო. დღემდე მჯერა, რომ ფერიები, ელფები და სხვა ჯადოსნური არსებები მართლაც არსებობენ. წლების მატებასთან ერთად გამიმძაფრდა ეს გრძნობა და მათ ვაკეთებ ისეთს, როგორებიც ჩემს წარმოსახვაში არიან: კეთილები, მხიარულები და ოდნავ სევდიანებიც. ბავშვებში ეს პატარა არსებები საოცარ, ზღაპრულ გრძნობებს აღძრავენ. სულ მაინტერესებს სხვა ადამიანები როგორ აღიქვამენ ამ სამყაროს.
- რა მასალა გჭირდებათ მათ გასაცოცხლებლად?
— ჩემი თოჯინები ძირითადად ნაჭრისგან და სინტეპონისგან იქმნება, სახეს ვუხატავ აკრილის საღებავებით. მათი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის დიზაინერი და სტილისტიც თვითონ ვარ (იღიმის). ვერ წარმოიდგენთ რა გრძნობაა, როდესაც თვალების დახატვის შემდეგ თოჯინა თითქოს ცოცხლდება, ახალდაბადებული ბავშვივით ნელა ახელს თვალებს, მერე ლოყები უვარდისფრდება, გიღიმის ხან მორცხვად, ხანაც მხიარულად. მე მათ ცოცხალი არსებებივით ველაპარაკები და ვეფერები.
- მათ გარეგნობაზე თქვენი ხასიათი და განწყობა აისახება?
— მათ სახეზე ჩემი ემოციები არ აისახება. ისინი ჩემგან დამოუკიდებლად იბადებიან და არსებობენ.
- მათ შესაქმნელად განწყობა გჭირდებათ, თუ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აიღოთ მასალა და შეუდგეთ საქმეს?
— მათ შესაქმნელად ყოველთვის მზად ვარ. მიყვარს მუშაობის დროს სიმარტოვე, სიმშვიდე. როდესაც მათ გაცოცხლებას ვიწყებ მთლიანად ვწყდები რეალობას, ამიტომ ვცდილობ ყველა საქმე წინასწარ გავაკეთო. ჩემს ცხოვრებაში თოჯინებს ძალიან დიდი ადგილი უკავიათ. ამ საოცარი ელფების გარეშე არსებობა უკვე ვეღარ წარმომიდგენია. მათთან მიმართებაში ბევრი გეგმა მაქვს. იმედს ვიტოვებ მეყოფა დრო, მოთმინება და გონიერება, რომ ზოგიერთი მათგანი მაინც განვახორციელო.