თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთელ უკრაინაში მისმა მხარდამჭერებმა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისთვის მუშობა დაიწყეს.
„დღეს, საინიციატივო ჯგუფების დაახლოებით ასობით წარმომადგენელი ჩვენს ოფისში შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხვედრა უკრაინის უშიშროების მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართა, ყველას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ჩვენ რაღაც ახალ და ძალიან მნიშვნელოვანს ვქმნით, და ძველი პოლიტიკური კლანები ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ უკრაინის თითოეულ რეგიონში მუშაობა დავიწყეთ“, — დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ექს-გუბერნატორმა თავის აქტივისტებსა და მოკავშირეებს კიევში, 27 ნოემბერს ვიაჩესლავ ჩერლოვუს ძეგლთან შეკრებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ყველა დემოკრატიულ-პოლიტიკურ ძალებს ვიწვევთ, რომ შემოგვიერთდნენ. ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების კარდინალურ ცვლილებას ვაპირებთ! პარლამენტის მუშაობის მეორე წარუმატებელ წელს ჩვენ ჩვენს მოთხოვნებს გამოვაცხადებთ და დავიწყებთ საკადრო რეზერვის დახმარებით პოლიტიკური ელიტის განახლებას“, — აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში 2015 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინ ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შტატგარეშე თანაშემწე გახდა, ასევე — პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2015 წლის მაისიდან სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. ამ თანამდებობიდან ის საკუთარი სურვილით 7 ნოემბერს გადადგა და თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა არ სურს.