თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ექვსი მოადგილე აირჩიეს, რომელთა შორის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.
საპარლამენტო უმრავლესობიდან ვიცე-სპიკერები გახდნენ გია ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და თამარ ჩუგოშვილი, უმცირესობიდან – სერგი კაპანაძე, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ — ირმა ინაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი ილია ნაკაშიძე იქნება.
მანამდე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაამტკიცა. აღნიშნულ პოსტზე დეპუტატებმა მხარი 38 წლის ირაკლი კობახიძეს დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, ხოლო უმცირესობა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგანაა დაკომპლექტებული.