თუ გსურთ, რომ თებერვლიდან გაზაფხულის ეფემერებმა დაგიმშვენონ ბაღი, უკვე დროა ამაზე იზრუნოთ. თეთრყვავილა (Galanthus), შროშანა (Convallaria), ცისთვალა (Scilla), ზაფრანა (Crocus), ყაზახა (Muscari armeniaca), სუმბული (Hyacinthus), ტიტა (Tulipa), ნარგიზი (Narcissus), შროშანი (Lilium) – აი, მცირე ჩამონათვალი იმ ბოლქვოვანებისა, რომელთა დარგვის დრო უკვე მოვიდა — ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე.
დარგვებს უფრო წვრილბოლქვიანი ყვავილებით იწყებენ — ყაზახა, ზაფრანა, თეთრყვავილა, ცისთვალა… შემდეგ ერთკვირიანი ინტერვალით ნარგიზები და სუმბულები, ბოლოს კი ფერადი ტიტები. თუ ამ წესს მიჰყვებით, გაზაფხულზე თქვენ ბაღში ყვავილთა საოცარ ხალიჩას იხილავთ.
ბოლქვების შერჩევისას მნიშვნელოვანია მათი ზომები — უფრო დაბალი ყვავილების ბოლქვები მცირე ზომისაა. ჯანმრთელი ბოლქვი აუცილებლად მკვრივი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს რბილი, დამჭკნარი, დამპალი, დაზიანებული ადგილები, ობის სუნი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბოლქვის ძირს — მშრალი და მკვრივი უნდა იყოს. თუ მანამდე არასდროს გქონიათ შეხება ბოლქვოვანებთან, გირჩევთ, მათ საყიდლად მხოლოდ გამოცდილ და სანდო პირებსა თუ საბაღე ცენტრებს მიმართოთ.
სასურველია დარგვის წინ ბოლქვოვანები დამუშავდეს ფუნგიციდით. გაითვალისწინეთ, რომ ერთხელ არასწორად ჩარგულმა დაავადებულმა ბოლქვმა შეიძლება თქვენ ბაღში ისეთი დაავადება შეიტანის, რომ მის აღმოფხვრას წლები დასჭირდეს.
გაზაფხულის ბოლქვოვანების უმეტესობას მზიანი, ღია, მაგრამ ქარისგან დაცული ადგილი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ნიადაგს წყლის კარგი გამტარუნარიანობა ჰქონდეს.
ყველა ბოლქვოვანი ყვავილი, მათი დარგვის ვადებისგან დამოუკიდებლად, შეიძლება ერთი და იმავე წესით ჩავრგოთ: ჩარგვის სიღრმე ჩასარგავი ბოლქვის დიამეტრზე სამჯერ მეტი უნდა იყოს. ნიადაგის მექანიკური შემადგენლობიდან გამომდინარე ეს სიღრმე შეიძლება 2-3 სმ-ით შემცირდეს თუ მძიმე თიხნარ ნიადაგებთან გვაქვს საქმე.
ბოლქვოვანები ზედმეტ წყალს ვერ იტანენ, ამიტომ კარგი იქნება თუ დარგვისას მათ ე.წ. „ქვიშის პერანგში“ მოვაქცევთ — ორმოს ძირში 3-5 სმ-ზე იყრება გარეცხილი მდინარის ქვიშა, წვეროთო ზემოთ თავსდება ბოლქვი, შემდეგ ბოლქვი წვერამდე იფარება ისევ ქვიშით და ორმო ბოლომდე ივსება ბაღის მიწით.
ბოლქვოვანები ვერ იტანენ მჟავე ნიადაგებს, ამიტომ მათთვის ჰუმუსით მდიდარი, ნეიტრალური არის მქონე გრუნტი შეარჩიეთ. ბოლქვების ჩარგვამდე ორმო კარგად დაასველეთ წყლით. ასევე არ დაგავიწყდეთ წყლის დასხმა ჩარგვის დასრულების შემდეგ.
კარგი იქნება თქვენს ჩარგულ ბოლქვებს თუ დამულჩავთ — ძლიერი ყინვებისგან დაცვის მიზნით.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბოლქვოვანი, გარდა ტიტებისა, შეგიძლიათ თამამად დატოვოთ გრუნტში 4-5 წლის განმავლობაში და მხოლოდ მაშინ დაკავდეთ მათი ამოღებითა და განახლებით, თუ შეატყობთ რომ ყვავილების ზომა და ყვავილობის ინტენსივობა შემცირდა.
გარდა ამ ჩამოთვლილი ბოლქვოვანებისა, გაზაფხულის ბაღის დასამშვენებლად სხვა ყვავილებიც მოიძიეთ: ჩაგირი, ღვინა, ფურისულა, ია, ყოჩივარდა, ზიზილა, კესანე, პირწმინდა, ალისიუმი, მედგარა, არაბისი, აუბრიეტა ფლოქსი და ვინკა. ლამაზი ყვავილი ბაღისთვის ზედმეტი არასოდეს არის, მთავარია სწორად შერჩეული ადგილი მზის ქვეშ, საარსებო გარემო და ფერთა გამა.