თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სავარძელზე უარი განაცხადა.
ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას ედგა სათავეში. პარტიამ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში 21-დან 5 ადგილი მიიღო.
„დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მე მომცემს საშუალებას, უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ხალხს და ვითანამშრომლო ჩემ გუნდთან. პირადად მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიქნები აჭარაში, საქართველოში. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან მივდივარ“, — განაცხადა ვარშალომიძემ ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ, მიუხედავად დაფიქსირებული დარღვევებისა, ვერ შეძლო თავისი ამომრჩევლების ხმების დაცვა. ასე დაასაბუთა მან თავისი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას უკვე აცნობა.
მანამდე ვარშალომიძემ მხარი დაუჭირა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეას არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების შესახებ, მაგრამ იძულებული გახდა, შეგუებოდა პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ბრძოლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ორივე ტურში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
არჩევნების შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 14 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 5, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 1 და „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 1.