ნადეჟდა ტიმონენი ქართულმა სამზარეულომ რამდენიმე წლის წინ გაიტაცა. მან იმდენად დაიპყრო ფინელი ქალის გული და გონება, რომ ქართული სამზარეულოს შესწავლა გადაწყვიტა. ამჟამად ის ჰელსინკიში ქართული სამზარეულოს გაკვეთილებს ატარებს, ხოლო სამომავლო გეგმებში ქართული რესტორნის გახსნა აქვს.
საინტერესო გაცნობა
საქართველოს გაცნობის ჩემი ისტორია საკმაოდ უჩვეულოა. დიდი ხნის განმავლობაში ფარმაცევტულ ბიზნესში ვმუშაობდი, ბევრს ვმოგზაურობდი ჩემთვისაც და ბიზნესისთვისაც. ერთხელ მატარებლით სანქტ-პეტერბურგიდან ჰელსინკიში მივდიოდი. ჩემი თანამგზავრიც ფინელი აღმოჩნდა. საუბარი დავიწყეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის — კერძებზე.
მან მითხრა, რომ ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო. ყოველთვის, როცა მეგობრები და ახლობლები სტუმრობენ, ქართულ რესტორანში მიჰყავს. ისეთი მონდომებით ჰყვებოდა ამას, რომ ძალიან დამაინტერესა. მაშინ არაფერი ვიცოდი საქართველოზე და ქართულ სამზარეულოზე, ხაჭაპურიც კი არ მქონდა გასინჯული.
შემდეგ ჯერზე, როდესაც პეტერბურგში ჩავედი, მეგობრებთან ერთად ქართულ რესტორანს ვეწვიეთ. ყველას ძალიან მოგვეწონა და მათ საქართველოში წასვლა შევთავაზე. რამდენიმე დღეში ბილეთები ვიყიდეთ. ეს, სადღაც, 2013 წლის თებერვალი იყო, და იმავე წლის მაისში საქართველოში ჩამოვფრინდით. ასე ჩამოიყვანა ერთი ფინელის მონათხრობმა მეორე საქართველოში.
პირველი შთაბეჭდილებები
პირველი, რაც ძალიან დამამახსოვრდა და თვალში მომხვდა — ეს ქართული სტუმართმოყვარეობაა. მეგობრებთან ერთად ავტომანქანა დავიქირავეთ. მაშინ უკვე გამაკვირვა საქართველომ. ჩვენი გაგებით მანქანის დაქირავება — ესაა კონტრაქტის გაფორმება, შეთანხმება, ნორმების მკაცრად დაცვა…
აქ კი ავტოსალონის პატრონმა ავტომობილი სახლში მოგვიყვანა, გვაჩუქა ღვინო, კიდევ რაღაც საჩუქრები, და ყველაფერი, რაც გჭირდება და ამ მომსახურებას უკავშირდება, ისე მივიღეთ — უბრალოდ, ვთხოვეთ. ჩვენთან ყველაფერი ოფიციალურადაა, მაშინვე უნდა შეავსო ქაღალდები, აქ კი სიტყვაზე გენდობიან. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირია.
მეგობრებთან ერთად დასვენების მთელი ორი კვირა საქართველოში ვმოგზაურობდი. სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა არაჩვეულებრივი ადამიანები გვხვდებოდნენ. როდესაც ახალციხიდან ბათუმისკენ მივეშურებოდით, ერთ რესტორანში შემთხვევით ერთდროულად სამ დაბადების დღეზე მოვხვდით. მიგვიწვიეს სუფრასთან, ვიმხიარულეთ, დრო შესანიშნავად გავატარეთ, ქართულ სუფრას ვეზიარეთ, საღამოს შემდეგ კი მასპინძელმა სახლში მიგვიწვია ღამის გასათევად, რადგან დასარჩენი არსად გვქონდა. ასეთი ისტორია მრავლად გადაგვხდა თავს…
კვლავ საქართველოში
როცა შინ დავბრუნდი, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი უკან, საქართველოში დაბრუნება. ასე თუ ისე, კიდევ უნდა წავსულიყავი ქვეყანაში, მემოგზაურა, კვლავ შემეგრძნო ის, რამაც საქართველოში ასე დამატყვევა.
რამ მომხიბლა ყველაზე მეტად ქართულ სამზარეულოში? ალბათ, თავად გემომ. ბევრ კერძშია ისეთი არომატები, რომლებიც ჩვენ სამზარეულოში არ გვხვდება. არის გარკვეული სუნელები, რომლებიც ფანტასტიკურ გემოს ანიჭებენ კერძს, რაც სხვას არ ჰგავს. ეს უკვე მოგვიანებით გავიგე, როდესაც მისი პროფესიულად შესწავლა დავიწყე.
2014 წელს გადავწყვიტე, სწავლა ჰელსინკის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა რესტორნის მენეჯმენტის განხრით. და ეს ჩემ ცხოვრებაში ცვლილებების დასაწყისი გახდა. მივატოვე ჩემი სამუშაო და მთლიანად სწავლაში „გადავეშვი“.
რადგან მიმართულება უნდა ამერჩია, ქართული სამზარეულო ვარჩიე, რადგან მაინტერესებს. 2015 წელს კვლავ დავბრუნდი ორი თვით საქართველოში. რას ვაკეთებდი? უბრალოდ, ვმოგზაურობდი, ვეცნობოდი ადამიანებს, ვაგროვებდი გამოცდილებას საკვებისა და ღვინის კუთხით.
შევხვდი პროფესიონალ მზარეულებსაც და უბრალო ადამიანებსაც, რომლებიც სახლში თავისი ოჯახისთვის ამზადებდნენ. მაინტერესებდა ყველაფერი, რადგან სამზარეულო ხალხიდან მოდის, მისი ტრადიციებიდან და კულტურიდან.
აქედან გამომდინარე, სწავლის პრაქტიკული კურსის გავლა საქართველოში გადავწყვიტე. სამუშაოდ თბილისის ერთ-ერთი მსხვილ სასტუმროში წამოვედი. იქ დაახლოებით ნახევარი წელიწადი ვიმუშავე. რა თქმა უნდა, იქ მენიუში ბევრი ქართული კერძი არ იყო, მაგრამ იყო ქართული კერძებისა და კულტურის ატმოსფერო, ვმუშაობდი ადგილობრივი ადათებითა და ტრადიციებით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ჩაწვდე და გაიგო სამზარეულოს ხასიათი.
იქ გავიგე, როგორი არიან ქართველები ყოფაში, თავიდან, ჯობს, ადამიანებს გაუგო. ჩვენთან, ფინეთში ადამიანებთან ასეთი ახლო ურთიერთობები არ გვაქვს. ერთი მეტრი შენ ირგვლივ — ეს პირადი სივრცეა, რომელიც არავინ უნდა გადმოკვეთოს. როცა სამუშაოზე მივედი, არ ვიცოდი, რას შევეჯახე და როგორ მომექცეოდნენ, მაგრამ პირველივე დღიდან საკუთარივით მიმიღეს.
ძალიან მომწონს, მაგალითად, ის, რომ სამზარეულოში ქალები მძიმე ყუთებს არ ათრევენ. ჩვენთან მიღებულია, რომ თუ ქალი სამზარეულოში მუშაობს, ის ყველანაირად მამაკაცის თანასწორია. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ქალის, როგორც სუსტი სქესის პატივისცემა.
ჩვენთან სამზარეულოში სამუშაოდ ქუჩიდან ვერ მოხვდები. დიპლომის გარეშე მზარეულად ვერავინ შეძლებს მუშაობას. საქართველოში ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, სამსახური იშოვო, მზადების პროცესში ისწავლო. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, უბრალოდ, ეს სხვანაირადაა.
ქართული სამზარეულოს საღამოები
ერთ მაგიდასთან ჯდომა, სხვადასხვა კერძის ჭამა ერთი თეფშიდან და რაღაც მოვლენების განხილვა ძალიან აახლოებს ადამიანებს. ეს ქართული სუფრის ტრადიციაა. ძალიან მომინდა, საქართველოს რაღაც ნაწილი ჩემ სამშობლოში წამეღო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჰელსინკიში ქართული სამზარეულოს საღამოები მომეწყო.
ადამიანების გარკვეულ რაოდენობაზე კერძების ფიქსირებული რაოდენობა მაქვს. ჩვეულებრივ ისე ხდება, რომ მსურველი მეტია, ვიდრე ადგილი. შესაძლებლობებიც შეზღუდული მაქვს, ყველაფერს ხომ მე ვაკეთებ. ჩემი სტუმრები — მათ კლიენტებს არ ვუწოდებ — მეგობრად აღმიქვამენ. ჩემი მთავარი მიზანია, სასიამოვნო საღამოს მეგობრული ატმოსფერო შევინარჩუნო. ყოველთვის ვრთავ ქართულ მუსიკას.
ჩემ მენიუში მხოლოდ ტრადიციული ქართული კერძები არაა. ისეც ხდება, რომ რაიმე ჩემსას ვაკეთებ, ერთხელ გოგრისგან ფხალი გავაკეთე — საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
საქართველო და ფინეთი
შინ დაბრუნებისას ყოველთვის ჩემში რაღაც ცვლილებებს ვგრძნობ. ჩემი ხასიათი და ჩვევები იცვლება, სამშობლოში არ შემიძლია ისეთი გულგახსნილი ვიყო, როგორც საქართველოში. მომწონს, როგორც საქართველოში ვგრძნობ თავს.
შეიძლება ჰელსინკისა და თბილისის შედარება. საქართველოში, რა თქმა უნდა, სრული ქაოსია. ფინეთში გზებზე ყველა წესებს იცავს. ჩვენთან ყველგან მიიღებ კარგ მომსახურებას, აქ კი შეგრძნება გაქვს, რომ ადამიანებისთვის სულ ერთია, ვის როგორ ემსახურებიან.
ჩვენთან ადამიანები მიეჩვივნენ საკუთარი მიზნისკენ სვლას, აქ კი ადამიანებს ყველაფერი და ერთბაშად უნდათ — შევნიშნე, რომ ქართველებს ეს ახასიათებთ.
ჰელსინკი ისტორიულად გააზრებული, დაგეგმილია, იქ შემთხვევით არ აღმოცენდება ბიზნეს-ცენტრი გაუგებარ ადგილზე გაუგებარი მიზეზით; თბილისი — ამის სრული საპირისპიროა. ჩემთვის გაუგებარია, ასე რატომ ხდება. ჩვენთან ყველაფერი წესებით, სწორად მიდის, თქვენთან — ყველაფერი არასწორად, მაგრამ მაინც, აქ შეიძლება კომფორტულად ცხოვრება.
მიყვარს მთებში სიარული. საქართველო მდიდარია მთებით, ეს ძალიან მახარებს. ჩემი საყვარელი მთა ყაზბეგია. მხიბლავს ეს მთა, მისი ნახვა ჩემთვის ბედნიერებაა. მიყვარს იქ სეირნობა. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ადგილი. გერგეტის სამება — ჩემი ეკლესიაა.
მომავალში ქართული რესტორნის გახსნას ვფიქრობ. ახლა თავს არ წარმოვაჩენ, როგორც მზარეული ან რესტორატორი. ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისა და საქმის ძიებაშია. და საქართველომ, ქართულმა სამზარეულომ მაჩუქა შესაძლებლობა, ვეძებო და განვვითარდე ჩემთვის საინტერესო მიმართულებით.