თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სენატორმა კალიფორნიის შტატიდან ბარბარა ბოქსერმა აშშ-ის სენატში პრეზიდენტის არჩევის სისტემის შეცვლის შესახებ კანონპროექტი შეიტანა, რაც „ამომრჩეველთა კოლეგიის“ გაუქმებას და პირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლას მოიაზრებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ Fox News-ზე დაყრდნობით.
ინიციატივის ავტორის განცხადებით, ამჟამინდელი სისტემა „მოძველებული და არადემოკრატიულია“.
„ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც შეიძლება მიიღო ხმების უმრავლესობა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები მაინც წააგო“, — განაცხადა ბოქსერმა.
როგორც Fox News აღნიშნავს, კანონპროექტი რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის გამარჯვების წინააღმდეგ „დემოკრატების“ მორიგი პროტესტი გახდა. ხმების დათვლის შედეგებით, მილიარდერის მეტოქემ ჰილარი კლინტონმა ამომრჩევლის მეტი ხმა მიიღო, თუმცა არჩევნების ორსაფეხურიანმა სისტემამ გამარჯვება ტრამპს არგუნა.
თუმცა, კანონპროექტის მიღების შანსი მინიმალურია, რადგან ადგილების უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ ეკუთვნის, იუწყება ტელეარხი. დოკუმენტი რომც მიიღონ, აუცილებელია, რომ შვიდი წლის განმავლობაში შტატების სამმა მეოთხედმა კანონის რატიფიცირება მოახდინოს — შეერთებულ შტატებში საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაა აუცილებელი.