თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. კონფედერაციის შექმნა თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის მოლდოვისა და დნესტრისპირეთის მაგალითზე შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მომავალი გაერთიანების იურიდიული ფორმატებია აუცილებელი, მიიჩნევს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
დსთ-ის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ მოლდოვა დნესტრისპირეთში ტერიტორიულ კონფლიქტს კონფედერაციის შექმნის სახით გადაწყვეტს, ასეთი მოდელის გამოყენება შესაძლებელი იქნება აგრეთვე საქართველოსა და უკრაინაში პრობლემების გადასაჭრელად.
„კონფედერაციის შექმნა შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია, რა საფუძვლებზე — როგორი იქნება მომავალი კონფედერაციის იურიდიული ფორმატები. თუ ეს უბრალოდ ფიქცია იქნება იმ თვალსაზრისით, რომ, ვთქვათ, სამი დამოუკიდებელი ქვეყანა შეიკრიბება და ყველა მიიღებს საერთაშორისო აღიარებას, გაერთიანდებიან კონფედერაციაში, მერე კი, ორი-სამი წლის შემდეგ, მიიღეს რა ლეგიტიმაცია, დაიშლებიან — ეს არავის აწყობს“, — განუცხადა არეშიძემ „Sputnik საქართველოს“.
მიუხედავად იმისა, რომ კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა საფუძვლიან დამოკიდებულებასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე ფიქრი არ უნდა შეწყვიტოს და კონფლიქტის გადაჭრის საკუთარი მოდელები უნდა შესთავაზოს, მიიჩნევს ექსპერტი.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.