მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც – კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს!

© ეროვნული არქივიგიორგი შავგულიძე - კადრი ფილმიდან "ქეთო და კოტე"
გიორგი შავგულიძე - კადრი ფილმიდან ქეთო და კოტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს თბილისურად განსაკუთრებული დღეა, ამიტომაც ჩვენს აივანსაც და ჩვენს აქედან გადმოხედულ ლამაზ თბილისსაც გულში სხვანაირი სითბო ეღვრება, რადგანაც სითბო არა მხოლოდ მზეს მოაქვს… ეს ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვანაირი ხიბლით, განუმეორებელი ადამიანებით და, აქედან გამომდინარე, განუმეორებელი ურთიერთობებით.

დღეს, როდესაც სევდიანად ვიხსენებთ იმ ხალხს, ვინც ჩვენს თბილისს მოაკლდა, ყოველთვის გვახსენდება საოცარი ადამიანის და პოეტის მიხეილ ქვლივიძის სიტყვები: „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“… სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ბევრია, მაგრამ დღეს ჩვენი აივნის სტუმარია სწორედ  ის კაცი, ვისაც ბატონმა მიშამ ეს ლექსი მიუძღვნა – დიდი არტისტი და შესანიშნავი პიროვნება გიორგი (ჟორა) შავგულიძე, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1910 წლის 16 ნოემბერს.

დიდმა ვერიკო ანჯაფარიძემ მასზე თქვა — „ყველას გვახსოვს შავგულიძე… ახოვანი, ლამაზი ტანის, დიდი ოსტატის ხელით გამოქნილი ქანდაკების მსგავსი“.

© ეროვნული არქივიგიორგი შავგულიძე და მარინე თბილელი
გიორგი შავგულიძე და მარინე თბილელი - Sputnik საქართველო
გიორგი შავგულიძე და მარინე თბილელი

ცნობილი თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილი კი იხსენებდა: „გიორგი შავგულიძისთვის ცხოვრება იყო დიდი წიგნი და იგი მთელი თავისი არსებით სწავლობდა არა მარტო ქვეშეცნეულად, არამედ თვით ცოცხლობდა ამ წიგნის ფურცლებზე. გამოჩენისთანავე მაყურებელთა დარბაზი სიყვარულით შესცქეროდა, ეს ნიჭი აიძულებდა მას დღედაღამ ეფიქრა როლზე, თავდაუზოგავად ემუშავა რეპეტიციაზე“.

სამწუხაროდ, ჩვენამდე თითქმის არ შემორჩენილა კადრები მის მიერ თეატრში განსახიერებული როლებიდან. ის სულ ახალგაზრდა, 49 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ეს მოხდა 1959 წელს, ანუ ჩემ დაბადებამდე, ამიტომ მე არასდროს შორიდანაც კი არ მინახავს ის ცოცხლად, მაგრამ რამდენი სითბო და სიყვარული უნდა დაეტოვებინა ამ ადამიანს, რომელსაც, ყველას ასე გვგონია, რომ ახლოს ვიცნობდით… მას დღესაც საოცარი სითბოთი იხსენებენ მისი მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, ხალხი, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა.

© ეროვნული არქივიგიორგი შავგულიძე და ლია ელიავა. კადრი ფილმიდან "ქალის ტვირთი"
გიორგი შავგულიძე და ლია ელიავა. კადრი ფილმიდან ქალის ტვირთი - Sputnik საქართველო
გიორგი შავგულიძე და ლია ელიავა. კადრი ფილმიდან "ქალის ტვირთი"

ბატონ გიორგის ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, ულამაზესი მსახიობი, თავადიშვილი ლიზიკო ვაჩნაძე, დედით ანდრონიკაშვილი. ისინი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც პარტნიორები იყვნენ. განუმეორებელი წყვილი იყო… და, თურმე, ბატონ გიორგის პორტსიგარში მეუღლის სურათი სულ თან დაჰქონდა! ამან მთლად მომიღო ბოლო – ვგიჟდები კაცებზე, რომლებსაც არ ერიდებათ საკუთარი გრძნობების გამოვლენა და არ ეშინიათ, რომ ვინმე ამის გამო დასცინებს. ჩემთვის ამ ფაქტს კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ ჩემს მამიკოს ბოლომდე ედო ჯიბეში ჩემი დედიკოს სურათი.

ყველას გვახსოვს საოცარი ფილმი „ქეთო და კოტე“, რომელიც ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით გადაიღეს რეჟისორებმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა. მასში მონაწილეობდა ქართული კინოს მთელი თანავარსკვლავედი და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენაა — ნიკოს (ოპერაში — საქოს) როლის შემსრულებლის გიორგი შავგულიძის შესანიშნავი პლასტიკა და ცეკვა. 

ხომ სულ პატარა მონაკვეთია, მაგრამ მიყვარს ეს კაცი და რა ვქნა!

მით უმეტეს იმდენი რამ მაქვს მოსმენილი მასზე, მის არაჩვეულებრივ ადამიანურ თვისებებზე, თავმდაბლობაზე, იუმორის გრძნობაზე…

როგორც ჩვენი უსაყვარლესი ბატონი გივი ბერიკაშვილი ჰყვება, ერთ-ერთი სპექტაკლი იწყებოდა იმით, რომ შუა სცენაზე, საწოლზე იწვა სანდრო ჟორჟოლიანი. ამ დროს ირეკებოდა ზარი კარზე. მას უნდა ჩაეცვა ფლოსტები და გაეღო კარი. სპექტაკლის წინ ბატონ სანდროს ლურსმანის დაჭედების ხმა კი გაუგია, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ეგონა, სცენის მუშები მუშაობდნენ. როდესაც სცენარით განსაზღვრული ზარი დაირეკა, ბატონი სანდრო ადგა, ჩაჰყო ფლოსტებში ფეხი და… დაეცა. თურმე ბატონ გიორგის (ახლობლები მას ჟორჟიკასაც ეძახდნენ) ფლოსტები სცენაზე მიუჭედებია… მაგრამ ეს მისი პატარა „ხულიგნობები“ სერიოზულად არავის წყინდა. სამაგიეროდ, ბატონი სანდროს იუბილეზე გიორგი შავგულიძე, ყველასგან მოულოდნელად, ჭერიდან, კალათში ჩამჯდარი ჩამოეშვა.

© ეროვნული არქივიკადრი ფილმიდან "ქეთო და კოტე"
კადრი ფილმიდან ქეთო და კოტე - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ქეთო და კოტე"

ბატონი კახი კავსაძე იხსენებს, რომ გიორგი შავგულიძე იყო პირველი დიდი მსახიობი, ვისაც ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა კახი დაელაპარაკა. „როგორ გიყურებდა, როგორ გცემდა პასუხს, როგორ გისმენდა… მისთვის არ არსებობდა „უმცროსი“ კოლეგა, მას ყველასთან თბილი და თანასწორი დამოკიდებულება ჰქონდა“…

მინდა შემოგთავაზოთ პატარა ეპიზოდი ფილმიდან „გაზაფხული საკენში“.

აი, ახლა მითხარით, რა გასაკვირია, რომ ქალები გიჟდებოდნენ ბატონ გიორგიზე? მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მისი მეუღლე, ქალბატონი ლიზიკო ჰყვებოდა, რომ როდესაც ის ქუჩაში მის გვერდით მიდიოდა, ბატონი გიორგისთვის მსოფლიოში სხვა ქალი არ არსებობდა.

ცნობილი თეატრმცოდნე, ქალბატონი ნათელა არველაძე ჰყვება, რომ როცა ის კინოსტუდიის გვერდით განთავსებულ მე-13 ქალთა სკოლაში სწავლობდა, იქ  ხშირად, ხეზე მიყუდებული იდგა გიორგი შავგულიძე. ფილმი „გაზაფხული საკენში“ უკვე გამოსული იყო და ბატონ გიორგიში ბავშვურად შეყვარებულმა მე-7 კლასელებმა მუსიკის ტექსტი შეცვალეს და გვერდით რომ ჩაუვლიდნენ, „საკენშია ერთი ქალის“ ნაცვლად მღეროდნენ ხოლმე „საკენშია ერთი ვაჟი, მე იმ ვაჟზე დამრჩა თვალიო“… ბატონ გიორგის კი სულ ეცინებოდა ხოლმე. ერთხელაც ჩაუარეს და ეს სიმღერა არ უმღერეს, მაშინ თავად დაუწყია — „საკენშია ერთი…“

ბატონი გიორგის კოლეგები იხსენებენ, რომ მისი ამ გათამაშებების სიყვარულის, მხიარული და ოპტიმისტური აურის მიუხედავად ის საოცარი სერიოზულობით ეკიდებოდა თავის სამუშაოს. სპექტაკლამდე 3 საათით ადრე მოდიოდა თეატრში, იკეტებოდა თავის პატარა საგრიმიოროში და ემზადებოდა როლისთვის…

სხვათა შორის, მარჯანიშვილის თეატრის სუფლიორი მკაცრად იყო გაფრთხილებული, რომ თუ ვინიცობაა, გიორგი შავგულიძეს სიტყვები დაავიწყდებოდა, არ უნდა ეკარნახა, რადგან არაჩვეულებრივად გამოსდიოდა იმპროვიზაციები.

კიდევ ბევრი რამ მინდა მოგიყვეთ, მაგრამ რამდენიც არ უნდა მოვყვე, მაინც, ალბათ, ბოლომდე ვერ შევიგრძნობთ, რამხელა პიროვნებაა ბატონი გიორგი შავგულიძე და ამიტომ ისევ ლექსით დავასრულებ:

…ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,

ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,

მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს,

კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს!

და ახლა, როცა ქუჩაში, სადმე,

თვალს მოვკრავთ ღიმილს — ნაცნობს და ალალს,

წარმოგვიდგება ძვირფასი სახე

კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს!

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და თბილისში ჩახუტებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0