„ექსპერიმენტორიუმი“
სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“ ბავშვებისთვის ნამდვილი საოცრებაა. აქ მათ შეუძლიათ ნახონ 80-მდე ექსპონატი, რომლებსაც ინტერაქტიურს უწოდებენ, რადგან მათი შეხება და გამოცდაც კი შეიძლება.
„ექსპერიმენტორიუმში“ შესაძლებელია მონაწილეობა ქიმიურ ცდებში, სანახაობრივ აზოტის შოუში, კოსმონავტის სავარჯიშო დანადგარის გამოცდა, უსასრულო დერეფნისა და ჭის ნახვა, ასევე, ქვიშის მეშვეობით განათებულ მინაზე ხატვა.
თქვენს ბავშვებს განსაკუთრებით გაართობს „მოლაპარაკე თავი“. მათ შეუძლიათ თავი შეყონ სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც მალავს ტანს და მხოლოდ თავს აჩვენებს სიცარიელეში.
მუზეუმი ყოველდღე, 10:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბავშვებთან ერთად ნამდვილად საინტერესო დღეს გაატარებთ.
აქ 52 ჰექტარ მიწაზე განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახლები. აქ შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები XVIII-XIX საუკუნეებში.
მუზეუმში ატარებენ უფასო გაკვეთილებს. ბავშვებსა და მოზრდილებს შეუძლიათ ქსოვის, ქარგვის, თიხისგან ძერწვისა და ხეზე კვეთის შესწავლა.
ეთნოგრაფიული მუზეუმი ყოველდღე 10-დან 18 საათამდე მუშაობს.
მედიათეკა ვაკის პარკში
მედიათეკა არის ადგილი, სადაც შესაძლებელია წიგნების კითხვა სასიამოვნო გარემოში, დასვენება და თამაშიც კი. მედიათეკის სტუმარი ხუთ წელს ზევით ასაკის ბავშვი უნდა იყოს.
მედიათეკის ბიბლიოთეკაში მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე საბავშვო ლიტერატურის მდიდარი კოლექციაა. წიგნის წაკითხვა შესაძლებელია როგორც ბიბლიოთეკის თანამედროვე შენობაში, ისე ეზოში.
მედიათეკა ვაკის პარკში მუშაობს 11-დან 20 საათამდე.
უქმეებზე, 12:00-დან 14:00 საათამდე ბავშვებს წიგნებს უკითხავენ, ხოლო 15:00-დან 17:00 საათამდე — მულტფილმებს უჩვენებენ.
ყოველ ხუთშაბათს, 18:00 საათზე იმართება შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ხოლო ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე — ფილმების ჩვენება.
ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი ბავშვების უდავოდ ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
ზოოპარკში შეგიძლიათ ნახოთ დაახლოებით 300 სახეობის ცხოველი. მათ შორის მარტორქები, თეთრი ვეფხვები, თეთრი ლომები, ველური აფრიკული ძაღლები და მრავალი სხვა. აქვეა ეგზოტარიუმი, სადაც მოთავსებულია ქვეწარმავლები და ულამაზესი ზღვის ბინადრები.
ზოოპარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი. აქ 5-დან 16 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მოისმინოს საინტერესო და სახალისო ლექციები ცხოველთა სამყაროზე და მცენარეებზე. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ატრაქციონებსა და კაფეს ეწვიონ.
ზოოპარკი მუშაობს: 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე — 10-დან 21 საათამდე, 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე — 10-დან 19 საათამდე, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე — 10-დან 18 საათამდე, 1 მარტიდან 1 მაისამდე — 10-დან 19 საათამდე.
კონტაქტური ზოოპარკი
კონტაქტურ ზოოპარკში წარმოდგენილია ათობით სხვადასხვა სახეობის ცხოველი და თევზი. ზოოპარკის ყველაზე დიდი ბინადარია სტრაუსი ემუ.
განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს ბავშვებში კონტაქტური მინი-ზოოპარკი — აქ შეიძლება ცხოველებთან თამაში, მათი ხელში აყვანა, მოფერება. ბავშვების საყვარელი ცხოველები კურდღლები და ბაჭიები არიან, შემდეგ მოდიან წიწილები და კუები. რაც შეეხება ტერარიუმს — აქ ბავშვები დიდხანს არ ყოვნდებიან.
კონტაქტური ზოოპარკი 11-დან 20 საათამდე მუშაობს.
ცირკი
თბილისის ცირკი 20 ოქტომბრიდან წარმოადგენს ახალ პროგრამას „არენის ტრიმფატორები“. ცირკის არენაზე იხილავთ მხედრებს, საჰაერო ტანმოვარჯიშეებს, ეკვილიბრისტებს, მოკრივე კენგურუს, გაწვრთნილ სპილოს, მაიმუნებს, ჯირითს სირაქლემებზე და სხვა არაერთ სახალისო და საინტერესო ნომერს, მათ შორის ჯამბაზების შოუ-პროგრამას, რომელშიც ასევე ცხოველები არიან ჩართული.
ცირკი 27 ნოემბრამდე იმუშავებს. შაბათს წარმოდგენა 17:00 საათზე იწყება, ხოლო კვირას — 13:00 და 17:00 საათზე.
გაატარეთ დრო ბავშვებთან ერთად საინტერესოდ და მხირაულად!