სანდრო ცნობილაძე
მუსიკოსებს რომ ვკითხოთ, თუ რა არის მსოფლიოში ყველაზე ცუდი მოვლენა, მათი დიდი უმრავლესობა გვიპასუხებს — „ორკესტრი, რომლის წევრებიც ვერ გრძნობენ რიტმს და ტაქტს, ანუ, როდესაც ისინი მხოლოდ თავისთვის უკრავენ“. კონცერტი შეიძლება ერთი საათი გაგრძელდეს და იმ კონცერტის მოსმენა, რომელსაც ასეთი დაბალი დონის ორკესტრი ასრულებს, თუნდაც იგი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ასრულებდეს, საშინელებაა.
მუსიკიდან ფეხბურთზე გადმოვერთოთ, მით უმეტეს, რომ მუსიკალური და საფეხბურთო ტერმინები ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე. მაგალითად, სიტყვა „მაესტრო“ მიესადაგება როგორც მუსიკას, ასევე ფეხბურთს. ფეხბურთის „მაესტროებად“ მოიხსენიებდნენ როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების „მაესტრო“, წესით, ვლადიმერ ვაისი უნდა იყოს, მაგრამ მისი ორკესტრი, ანუ გუნდი დაშლილია და იგი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, როგორც დაშლილი ორკესტრი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას უკრავს.
ახლა იმის შესახებ, თუ რისთვის არ არიან მზად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს ნაკრები. თავიდანვე უნდა აღვნიშნო: ეს წერილი არ ემსახურება „ორკესტრირებულ შეტევას“. არადა, გარკვეულ წრეებში სწორედ ასე მოიხსენიება ბოლო დროის კრიტიკა. მაშ ასე, სფფ არაა მზად იმისთვის, რომ მან სწორად შეარჩიოს ნაკრებში მწვრთნელები! ჯერჯერობით ბედნიერი გამონაკლისი 21-წლამდელთა ნაკრებია. და რა მოხდა სხვა ასაკობრივ ნაკრებში ახალი მწვრთნელები დანიშვნის შემდეგ? 17-წლამდელებმა გურამ ასპინძელაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე მატჩი წააგეს, თან ისე, რომ გოლი ვერ გაიტანეს. 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც, სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, ელიტ-რაუნდში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და ასევე ბოლო ადგილზე გავიდა. აქ საინტერესო შემდეგი ფაქტია: საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ-რაუნდში გუნდი ვასილ მაისურაძემ გაიყვანა, მაგრამ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ელიტ-რაუნდისთვის გიორგი ყიფიანი დანიშნეს. რამდენიმე დღის წინ კი თბილისში დასრულებული „ოთხთა ტურნირი“ ამ გუნდის სრული კრახი იყო — ბოლო ადგილი და არც ერთი გატანილი გოლი! მწვრთნელების „კარუსელმა“ ბოლო ბრუნი ვაისის დანიშვნისას გააკეთა, რის შედეგადაც უკვე ოთხი ტურის შემდეგ 2018 წლის მუნდიალზე მოხვედრის ყველანაირი შანსი დავკარგეთ. ანუ, გამოდის, რომ ოთხი მწვრთნელიდან სფფ-მ ვერ გამოიცნო სამი!
თუმცა, ყველა მინუსთან ერთად საქართველოს ნაკრებს ერთი პლუსიც აქვს. ეს პლუსი მათი დამსახურება არაა, თუმცა ფაქტია, რომ ის არსებობს. მატჩების ჩატარების გეოგრაფიიდან გამომდინარე, გულშემატკივრებს არასდროს გვიწევს ღამეების თენება, რასაც ვერ ვიტყვით იმ ხალხზე, ვისი რჩეული გუნდებიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არიან. არგენტინის ნაკრების ქომაგობა ნელ-ნელა მაზოხიზმში გადადის. თამაშები იწყება მაშინ, როდესაც თბილისში გვიანი ღამეა, მიმდინარეობს დაშლილი ორკესტის მუსიკასავით და სრულდება კრახით. ორკესტრის წევრები, იქ რომ არიან, ისეთი ინატროს ბევრმა სხვამ, მაგრამ რად გინდა! „მაესტრო“ იქაც დაბალი დონისაა. ერთ ჩემს მეგობარს ჰკითხეს, ფეხბურთში ყველაზე მეტად რას ნანობო. მისი პასუხი კი ასეთი იყო: იმ დღეს, როდესაც პირველად არგენტინელების თამაში ვნახე და მათი გულშემატკივარი გავხდიო. ლეო, კუნი, პიპიტა, მაშე, ანხელიტო… არგენტინის ნაკრების ქომაგთათვის ეს ფეხბურთელები თითქმის ოჯახის წევრები არიან. ყოველ კვირას იმ კლუბების მატჩების ყურება, სადაც ისინი თამაშობენ, უკვე ჩვევაა, ამიტომაც ისინი იმდენად ახლობლებად მიგვაჩნია, რომ გვარებით და სახელებით კი არა, ზედმეტსახელებით, ოდნავ ფამილარულადაც კი მოვიხსენიებთ. ამ წერილის დაწერის მომენტში სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლის ჯგუფში „ალბისელესტე“ მეექვსე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მუნდიალის მიღმაა. მსოფლიო ჩემპიონატზე, იმედი მაქვს, არგენტინის ნაკრები მაინც მოხვდება, მაგრამ ედგარდო ბაუსას მწვრთნელობით იქ რა უნდა გააკეთოს გუნდმა, სრულიად ბუნდოვანია.
ამ დროს კი რა ხდება ევროპაში? გრანდები და ფავორიტები თამაშს თამაშზე იგებენ და ვადაზე ადრე აპირებენ გაინაღდონ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. რობერტო მარტინესის ბელგიას უკვე 12 ქულა და ოთხ მატჩში გატანილი 21 გოლი აქვს. საუკეთესო შედეგით თავს იწონებენ გერმანიის და შვეიცარიის ნაკრებებიც, თან პირველ მათგანს საკუთარ კარში გოლიც კი არ მიუღია.