ვასო გოძიაშვილი 1905 წლის 14 (27) ნოემბერს დაიბადა. მისი მამა, დავითი ვაქირელი გლეხკაცის შვილი იყო. მას მეტეხთან ღვინის პატარა სარდაფი ჰქონია. ადრე დაოჯახებულა და ცოლად ეკატერინე ხატიაშვილი მოუყვანია. ვასო მეთექვსმეტე, ნაბოლარა და განებივრებული შვილი იყო.
ვასო გოძიაშვილი შიკრიკად მუშაობდა ჯერ ქალაქის თავის, ცნობილი ხატისოვის კანცელარიაში, ხოლო შემდეგ დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩამტარებელ კომისიაში. ამ პერიოდში ის თბილისელი მილიონერების მანთაშოვის, თამამშევის, ბოზარჯიანცის, მილოვის, პიტოევის მდიდრულ სახლებში დადიოდა. ვასო დიდგვაროვან ქართველ არისტოკრატებსაც ემსახურებოდა.
„წამოდი, შაურიანს გაშოვნინებ“, - უთხრა ერთხელ ვასოს მეზობლის ბიჭმა და ოპერაში წაიყვანა. კაპელდინერმა ყმაწვილი იცნო და მეგობართან ერთად შენობაში შეუშვა. როცა კულისებში შევიდნენ, ბიჭებს თეთრი ტანსაცმელი გადააცვეს, ვარდების კალათები მისცეს და სცენაზე გაიყვანეს. ისინი ნეფე-დედოფალს წინ უძღოდნენ და ვარდებს უფენდნენ. მოგვიანებით ვასომ გაიგო, რომ „აბესალომ და ეთერის“ ქორწინების ეპიზოდში მონაწილეობდა. მღეროდნენ ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი. იმ დღიდან ვასომ მეზობლებს მოსვენება დაუკარგა — ხან მურმანის არიას მღეროდა და ხან აბესალომის. მეზობლის გოგო-ბიჭებთან ერთად სპექტაკლიც დადგა, თვითონ ხან აბესალომი იყო, ხან – მურმანი. რამდენიმე წლის შემდეგ ვასო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა.
ვასოს „დებიუტი“ ტკაჩოვის დასში: თბილისში რუსეთიდან ჩამოსულმა ი. ტკაჩოვმა „დეზერტირკის“ ბაზართან მოძრავი საცირკო შენობა — „პალატკა“ გამართა. მან დასი შეკრიბა და დიდძალი მაყურებელი მიიზიდა: მედროგეები, კინტოები, წვრილი ვაჭარ-ხელოსნები და ა.შ. ვასო „ბალაგანის“ მუდმივი სტუმარი გახდა, ჩუმად რეპეტიციებსაც ესწრებოდა. ტკაჩოვმა ყურადღება მიაქცია 13-14 წლის მშვენიერი გარეგნობის ბიჭუნას, მისი სიმღერაც მოეწონა და ვასომ სატირულ-იუმორისტული კუპლეტების სიმღერა დაიწყო და ცეკვავდა კიდეც. მისი აკომპანიატორი იყო სახელგანთქმული თბილისელი მეგარმონე ბახჩო დანიელიანი. ტკაჩოვი ვასოს კარგად უხდიდა და მალე საცირკო კლოუნის — დონატოს საცირკო სკოლაშიც მოაწყო.
პატარა არტისტის შესახებ ყური მოუკრავს ვასოს ძმას და ის ტკაჩოვის ბალაგანს ესტუმრა. როცა თავისი ძმა დაინახა, რომელიც სახელოსნოში ზეინკლის ხელობის დაუფლების ნაცვლად ცირკში გამოდიოდა, ავარდა მანეჟზე, გაასილაქა და ბალაგანში გამოსვლა აუკრძალა. ვასოს ცირკში შეგროვილ თანხას დედისა და ძმის დანაზოგი დაემატა და მომავალი მსახიობი გიმნაზიაში შეიყვანეს. მისი კლასელები იყვნენ: აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, პროფესორები ქუჯი ძიძიშვილი, ლუარსაბ იაშვილი… უკვე გიმნაზისტმა პირველად ნახა „ოტელო“, რომელშიც მთავარ როლს ალექსანდრე იმედაშვილი ასრულებდა. ამ დიდებული მსახიობისადმი პატივისცემა ვასოს ბოლომდე გაჰყვა.
გასაბჭოება და წითელარმიელი ვასო გოძიაშვილი. 1921 წელს ვასო გოძიაშვილი გიმნაზიაში სწავლის ბოლო წელს ვერ ასრულებს და, დეკრეტის თანახმად, წითელი არმიის რიგებში შედის. ის სამხედრო სკოლის საარტილერიო განყოფილების კურსანტია. აქ გოძიაშვილთან ერთად სწავლობდნენ შემდეგში სამამულო ომის გმირი ლესელიძე და ქართველი გენერლები — ჯინჭარაძე, რაზმაძე. ვასო ვერ შეეგუა სკოლის მკაცრ რეჟიმს და წითელარმიელთა თვითმოქმედ კოლექტივში აქტიური მონაწილეობა დაიწყო.
ვასო გოძიაშვილი აკაკი ფაღავას შექმნილ დრამატულ სტუდიაშია. სტუდიაში ჩაბარება ბევრს სურდა. საგამოცდო კომისიაში იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ალექსანდრე იმედაშვილი, აკადემიკოსები ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, მხატვრები იოსებ შარლემანი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი… გამოცდაზე კოტე მარჯანიშვილს ახალგაზრდა ვასო მოსწონებია, ის სტუდიაში ჩაურიცხავთ და სულ მალე ნიჭიერსა და მუყაით მოსწავლეს სუმბათაშვილ-იუჟინის სახელმწიფო სტიპენდია დაუნიშნეს. სტუდიის დამთავრების შემდეგ, 1924-30 წწ. ვასო გოძიაშვილი რუსთაველის თეატრის დასის მსახიობია, შემდეგ მუშაობა გააგრძელა მარჯანიშვილის თეატრში.
ვასო გოძიაშვილმა თეატრში უამრავი როლი ითამაშა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პიესებში. მისი პირველი საესტრადო გამოსვლები ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაიწყო. 1939 წელს ვასო გოძიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ესტრადის მსახიობთა პირველ საკავშირო კონკურსში, სადაც „მსოფლიო მიმოხილვა“ წარადგინა. მას ესტრადის ცნობილ არტისტთან არკადი რაიკინთან ერთად პრემია მიაკუთვნეს. ამავე კონკურსზე ვასო 11 მედუდუკის თანხლებით ქართულ მუხამბაზებს კითხულობდა.
2000-იანი წლების დასაწყისში ვასო გოძიაშვილის ფენომენით დაინტერესებულმა რამდენიმე მსახიობსა და რეჟისორს მივაკითხე. დღეს მათ კომენტარებს პირველად ვაქვეყნებთ.
სოფიკო ჭიაურელი: ვინ იყო ვასო გოძიაშვილი? აი, დიდი მსახიობი რასაც ჰქვია — ის იყო ვასო გოძიაშვილი. ახალგაზრდებს ხომ შეიძლება დაუსვა კითხვა — როგორ წარმოგიდგენიათ მსახიობი? მე როცა პატარა ვიყავი, ასეთ პასუხს გავცემდი — ისეთი, როგორიც ვასო გოძიაშვილია! ის ნამდვილი მსახიობი იყო. ჯერ მარტო „ძველ ვოდევილებში“ რომ მღერის „ჩემო კედლებო“, მარტო ეს სიმღერა რად ღირს? საოცრებაა! სცენაზე ყოველ მის გამოჩენაზე ვნატრობდი: „ღმერთო, ნეტა იმღეროს, ნეტა ისეთი სცენა ჰქონდეს, რომ მისი ხმა გავიგონო!“ თვით ვასო იყო ცალკე თეატრი.
გივი ბერიკაშვილი: მე მინახავს ვასოს თამაშით სიცილისგან გულშეწუხებული ხალხი, მე მინახავს ვასოს თამადობა და იმ სუფრაზე ღვინო თუ დაულევიათ, თორემ საჭმელს არ მიჰკარებიან. ბუმბერაზი არტისტი იყო და ამასთან – გულუბრყვილო, რასაც გინდა მოატყუებდი. ვერ გავიხსენებ შემთხვევას, რომ სცენაზე ვინმე არ მეცნო, მაგრამ ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში ახალი სპექტაკლის სანახავად შევედი, მთელი მოქმედება ვუყურე და ვასო ვერ ვიცანი. აი, გარდასახვის საოცარი მაგალითი!
რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე: ვასო გენიალური არტისტი იყო. თავისი „ბაბოჩკით“, საოცარი არტისტიზმით, ქუჩაში, რომ გაივლიდა — უკვე თეატრი იყო. არისტოკრატი… მას განუსაზღვრელი დროით შეეძლო მდგარიყო სცენაზე და მაყურებელი დაეპყრო. 1965 წელი იყო და მე დამევალა ვასო გოძიაშვილის იუბილეს გამართვა, რომელიც კახეთში უნდა გაგრძელებულიყო. მთელ გზაზე, ყოველი სახლის წინ — მარჯვნივ და მარცხნივ სუფრა იყო გაშლილი, მსახიობის ასეთი აღიარება არ მენახა — მე ვტიროდი… ვასო მართლა სახალხო არტისტი იყო!
დიდი მსახიობის აქ მოყვანილი ბიოგრაფიული ამბები, ამოვიკითხე გიორგი ციციშვილის წიგნში „ვასო გოძიაშვილი“.