თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. 15 ნოემბერს პირველად გაჟღერდება ქართული ლიტერატურის კლასიკოსების — ტერენტი გრანელისა და ოთარ ჭილაძის ტექსტებზე დაწერილი როკ-კანტატა.
მუსიკალურ ნაწარმოებს ჯგუფი „სინათლის წელიწადი“ შეასრულებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
კონცერტი „თბილისის საკონცერტო დარბაზში“ (ფილარმონიაში) ფონდ „იავნანას“ მხარდაჭერით გაიმართება, ხოლო შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
პროექტის ავტორი კომპოზიტორი და მუსიკოსი გიგი გეგელაშვილია, რომელიც ჯგუფ „სინათლის წელიწადის“ სოლისტიც არის.
„სინათლის წელიწადის“ მუსიკოსებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კაპელა, ბავშვთა გუნდი და ცნობილი მომღერლები ლუკა ზაქარიაძე, ოთო ნემსაძე, სოფო ტოროშელიძე და სოფო ხალვაში.