დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანდება ძალიან ცნობილი და ამავე დროს უცნაური წყვილი. მათ ზუსტად 20 წლის წინ იქორწინეს, 1996 წლის 15 ნოემბერს, მაგრამ დღემდე ვერავინ ბოლომდე ვერ ჩასწვდა მათ ურთიერთობებს… მათზე უამრავ რამეს წერდნენ და ჰყვებოდნენ, მათ კავშირს ერთგვარ გარიგებასაც კი უწოდებდნენ. ადამიანებმა ხომ ძალიან კარგად ვიცით განაჩენის გამოტანა, სხვისი გაკიცხვა და ჭორაობა ხშირად იმ თემაზეც, რაზეც ნამდვილად არა გვაქვს არავითარი წარმოდგენა.
დღეს ჩვენი სტუმრები არიან ლეგენდარული, უნიჭიერესი მაიკლ ჯექსონი და მასთან ერთად მისი მეორე მეუღლე და ორი შვილის დედა დები როუ, რომელთა კავშირი იყო ძალიან არაერთგვაროვანი. მათ ერთმანეთს, ტკივილთან ერთად, უამრავი ბედნიერი წუთი აჩუქეს.
მაიკლ ჯექსონმა და დებიმ ერთმანეთი გაიცნეს 1982 თუ 1984 წელს (ზუსტად ეს თარიღი რატომღაც არც ერთს არ ახსოვდა) ცნობილი ექიმი-დერმატოლოგის არნოლდ კლიაინის კლინიკაში, სადაც მაიკლი მკურნალობდა, დები კი მისი მედდა იყო. ის გაცნობის პირველივე დღიდან ძალიან ეხმარებოდა მაიკლს, რომელსაც პატარა ბავშვივით ეშინოდა საკმაოდ მტკივნეული სამედიცინო პროცედურების, განსაკუთრებით — ნემსების. ისინი მალე დამეგობრდნენ. მაიკლი საერთოდ არ იყო ამბიციური და სიამოვნებით ხვდებოდა დების კლინიკის გარეთაც, იწვევდა თავის კონცერტებზე, საათობით საუბრობდა მასთან ტელეფონით. 1993 წელს, როდესაც მაიკლმა დამწვრობის შემდეგ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, დები როუ მას დღეში ორჯერ აკითხავდა და, ბევრის აზრით, ის იყო ჯექსონის ირგვლივ იმ დროს მოტრიალე ადამიანებს შორის იმ მცირეთაგანი, ვისაც მართლა გულწრფელად შესტკიოდა მაიკლზე გული. თავისი უბრალო მანქანით დების მაიკლი ხშირად გაჰყავდა სასეირნოდ, რადგან ის ერიდებოდა ზედმეტ ყურადღებას და ჟურნალისტებს, ხოლო ცოტა მოძველებულ Toyota Celica-ში ჩამჯდარი მაიკლ ჯექსონი ვერავის წარმოედგინა და ამიტომაც ის დების გვერდით თავს თავისუფლად გრძნობდა.

თანაც, იმ პერიოდში მაიკლს სერიოზულად გაუფუჭდა ურთიერთობები თავის პირველ მეუღლესთან ლიზა-მარი პრესლისთან (ელვის პრესლის ქალიშვილთან). ისინი დაუსრულებლად ჩხუბობდნენ, ლიზას კატეგორიულად არ სურდა შვილის გაჩენა, ხოლო მაიკლი ოცნებობდა დიდ ოჯახზე. ერთხელ მან ისიც კი თქვა, რომ მას მინიმუმ 13 შვილი უნდოდა. 1996 წლის დასაწყისში მაიკლი და ლიზა-მარი ერთმანეთს დაშორდნენ და მაიკლი ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა.
აი, სწორედ მაშინ დებიმ მაიკლს შესთავაზა, რომ შეუძლია გაუჩინოს შვილი. მისი თქმით, მას მთელი გულით უნდოდა, რომ მაიკლისთვის ეჩუქებინა მამობის განცდა და ბედნიერება მიენიჭებინა. თავად მაიკლი იმდენად დაიბნა, რომ ორი კვირა პასუხს ვერ სცემდა დების, ბოლოს კი დათანხმდა. ლიზა-მარის ვერსიით კი, ეს უცნაური წინადადება დებიმ ჯერ კიდევ მაშინ მისცა მაიკლს, როდესაც ლიზა მისი მეუღლე იყო, მაგრამ მას ამაზე სულ არ უნერვიულია, რადგან დების კონკურენტად არასდროს თვლიდა.
ყველაზე საინტერესო და უცნაური ის არის, რომ დღემდე არ არის ცნობილი, ჰქონდათ თუ არა დების და მაიკლს ახლო ურთიერთობები. ორივე გაურბოდა ამ არაკორექტულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას. ისინი არც გრძნობებზე არ საუბრობდნენ სხვასთან. დების ერთხელ წამოსცდა — „რა კარგია, როდესაც ვიღაც გიყვარს და გეღვიძება მხოლოდ იმისთვის, რომ შეხედო, დატკბე ამ სიმშვიდით, მისი ამ სამყაროთი. მის სახეზე დღის განმავლობაში მიღებული სტრესები აისახება, და მე შემეძლო ასე საათობით მეყურებინა მძინარე მაიკლისთვის“.
მე კი ვარ ზედმეტად სენტიმენტალური, მაგრამ ქალი ასეთ სიტყვებს რომ წარმოთქვამს, ძალიან ძნელია იფიქრო, რომ ის იგონებს ამ გრძნობას. შესაძლებელია, მაიკლის მხრიდან არ იყო განსაკუთრებული სიყვარული, მგონია, რომ ის გადაიწვა ზედმეტად ემოციური და ბობოქარი ურთიერთობებით ლიზა-მარია პრესლისთან, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდ პატივს სცემდა დების და მადლობელი იყო ორი შესანიშნავი ბავშვის გაჩენისთვის. სხვათა შორის, დების მისთვის არ წაუყენებია პირობა, რომ ისინი უნდა დაქორწინებულიყვნენ. ეს რჩევა მაიკლს საკუთარმა დედამ მისცა და მაიკლიც ძალიან ღირსეულად მოიქცა. მიუხედავად ამისა, დები მაინც თვლიდა, რომ მაიკლს არასდროს გაქრობია სიყვარული ლიზა-მარიასადმი…

დები იხსენებდა, რომ როდესაც მან მაიკლს ფეხმძიმობის შესახებ უთხრა, მაიკლი გავარდა საფრენ ბილიკზე და სიხარულისგან ყვირილი დაიწყო. მან თავისი მომავალი შვილისთვის სიმღერაც ჩაწერა და ჯერ კიდევ მუცელში ყოფნის დროს ასმენინებდა.
მერე კი დაიწყო პაპარაცების მიერ მაიკლისა და ფეხმძიმე დების დევნა… დები მეგობართან ჩიოდა, რომ თურმე მისი ფოტო ფეხმძიმე მდგომარეობაში ნახევარი მილიონი დოლარიც კი ღირდა. „რა მოხდა, ფეხმძიმე ქალი არ უნახავთ?! თუ რადგან ეს მაიკლის შვილია, მე სხვანაირი ფეხმძიმობა მაქვს, ყველასგან განსხვავებული?“ — ასე გამოხატავდა დები თავის უკმაყოფილებას. მერე გაზეთებშიც დაიბეჭდა, თითქოს დებიმ პირველ შვილში მაიკლისგან 1 მილიონი დოლარი მიიღო, თუმცა ის სულ იმეორებდა, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია და ის არასდროს არ გააჩენდა მაიკლისთვის შვილებს ფულის გულისთვის. „მე ამას ვაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ მე ის მიყვარს და ის ჩემი მეგობარია“, — იმეორებდა დები.
მაიკლი ესწრებოდა დების მშობიარობას, რომელიც სრული 23 საათი გაგრძელდა. გვერდით ედგა მეუღლეს, ეფერებოდა და აწყნარებდა მას. დები ჰყვებოდა, რომ როდესაც ბავშვი გაჩნდა, მაიკლს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, როგორც არასდროს მანამდე. ის ბედნიერებისგან დაბნეულიც კი იყო. თვითონ მაიკლმა იმ დღეს განაცხადა — „ამის აღწერა შეუძლებელია. არ არსებობს ცხოვრებაში უფრო დიდი საოცრება, როცა საკუთარი შვილის დაბადებას უყურებ“.
სამწუხაროდ, დები როუ და მაიკლ ჯექსონი 1999 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. დები ამბობდა, რომ მას შეეძლო კიდევ გაეჩინა მაიკლისთვის შვილები, მაგრამ მან ვერ გაუძლო ასეთ ყურადღებას, განსაკუთრებით მასმედიის მხრიდან. ასეთი ცხოვრების წესი მისთვის იყო სტრესი და კატასტროფა. „მე ვერ გავუძელი ამ მუდმივ ზეწოლას. მაიკლი გენიოსი იყო, მე კიდევ ჩვეულებრივი ადამიანი. მე გავუჩინე მას ორი მშვენიერი შვილი, მაგრამ, რა ვქნა, სიმღერა და ცეკვა ნამდვილად არ მეხერხება“, — განაცხადა დებიმ. ბავშვები დარჩნენ მაიკლთან. სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო მათ გაზრდას, გარდაიცვალა სულ რაღაც 51 წლის ასაკში…
მაიკლი დაასაფლავეს ლოს-ანჯელესში, ფორესტ-ლოუნის სასაფლაოზე. მის საფლავზე თაყვანისმცემლებს დღემდე მიაქვთ უამრავი ყვავილი და წერილი, რომელშიც სიყვარულს უხსნიან საკუთარ კერპს — ძალიან არაორდინალურ და, სინამდვილეში, არც თუ ისე ბედნიერ კაცს. ამბობენ, რომ მათ ხშირად უახლოვდება ძალიან უბრალოდ გამოწყობილი დები და ტირილს იწყებს. მას აწყნარებენ და გულში იხუტებენ… და ჩემი თუ არ გჯერათ, მაიკლის თაყვანისმცემლებს მაინც დაუჯერეთ, მათ არ შეეშლებათ. ეს ქალი ამისი ღირსია. და რა არის ეს, თუ არა სიყვარული?..
გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და სიყვარულით გამთბარ დღეს!