სულ ახლახან ბათუმში, საზღვაო აკადემიაში ელიზბარ გოგიტიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.
ქართველ კაპიტანს ბიოგრაფიაც ასევე განსხვავებული, ანუ არასაბჭოური აქვს. 1931 წელს მან ოდესის სასაზღვრო სასწავლებელი, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში არსებული „ლოიდის“ (LIoyd) სასაზღვრო სასწავლებელი დაამთავრა. ის პირველი იყო საბჭოთა კავშირში კაპიტნებს შორის, ვისაც უფლება ჰქონდა, მსოფლიოს ნებისმიერ სასაზღვრო ნავსადგურში ლოცმანის გარეშე შესულიყო. 1931-1935 წლებში შავი ზღვის ფლოტის გემებზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მას ტვირთი ამერიკიდან საბჭოთა კავშირის ნავსადგურში გადაჰქონდა. ელიზბარ გოგიტიძე იყო გემების "როსია", "ლატვია" და "შოთა რუსთაველი" კაპიტანი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ის 1997 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელიზბარ გოგიტიძის შვილიშვილი დღეს ოდესაში ცხოვრობს. საინტერესოა ისიც, რომ ელიზბარის და, ფადიმე გოგიტიძე აჭარაში პირველი მფრინავი ქალი იყო. ჩვენ ქობულეთში მცხოვრებ მის ერთ-ერთ შთამომავალს, პროფესიით ექიმს, ბატონ ნუგზარ გოგიტიძეს დავუკავშირდით.
- ბატონო ნუგზარ, ჩვენ სურვილი გვაქვს, მკითხველს შევახსენოთ, ვინ იყო ელიზბარ გოგიტიძე…
— ელიზბარი ბაბუაჩემის ძმისშვილი იყო. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში დაიბადა. მისი ოჯახი საცხოვრებლად ფოთში გადავიდა. უდიდესი პიროვნება იყო. საზღვაო აკადემია დიდ ბრიტანეთში ჰქონდა დამთავრებული. ეს მაშინ იშვიათი რამ იყო. მის სახელს არაერთ ამბავს და ლეგენდას უკავშირებენ. რა საინტერესოა, იცით? დაახლოებით ორი თვის წინ დამირეკეს და მიმიწვიეს ბათუმში, სადაც საზღვაო აკადემიაში მისი სახელობის აუდიტორია გაიხსნა. ეს იყო პირველი, რაც ამ ხნის მანძილზე ელიზბარ გოგიტიძის სახელს დაუკავშირეს, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ საქართველოს მასშტაბით. შემდეგში მუზეუმის გახსნას აპირებენ და დამპირდნენ, გაგაგებინებთო. ამის მერე პირველი ჟურნალისტი ხართ, ვინც მასზე მეკითხება…
- მის პირდაპირ შთამომავლებზე თუ გსმენიათ რაიმე?
— ელიზბარი ოდესაში ცხოვრობდა. მას ჰყავდა ორი შვილი: იური, რომელიც შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო და ევგენი, პროფესიით დიპლომატი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა და საკონსულოში, თუ არ ვცდები, კუვეიტში მუშაობდა. ელიზბარის ერთ-ერთი ძმა ბათუმში ცხოვრობდა და პორტში მუშაობდა, თუმცა ზღვაოსანი არ იყო. მისი შვილი, ელიზბარის ძმისშვილი აკაკი გოგიტიძე ცოცხალია და ბათუმში ცხოვრობს.
- მათთან კავშირი თუ გაქვთ?
— ეს კავშირი დაკარგული იყო და ახლა ვცდილობ, აღვადგინო. მივაგენი ელიზბარის შვილიშვილს, ევგენის, რომელიც ოდესაში ცხოვრობს. ვნახე ერთი ოდესელი, რომელიც მას ოდესაში შეხვდა. ელიზბარი ოდესაშია დასაფლავებული და სახლს, სადაც ცხოვრობდა მემორიალური დაფა აქვს.
- პირადად თუ გყავთ ნანახი ელიზბარ გოგიტიძე?
— მე პირადად მყავს ნანახი გემზე „შოთა რუსთაველი“, სადაც მამაჩემი დაპატიჟა. გემზე გადაღებული მამაჩემის და მისი ფოტო მქონდა, მაგრამ სადღაც გამებნა. მამას მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მერე მამამაც დაპატიჟა სოფელში და ეს შეხვედრა ალამბარში, ჩემს სახლში დღემდე მახსოვს. მამისგან ვიცი, რომ ინგლისში „ლოიდ“ კლუბი ყოფილა, რომელიც კაპიტნის წოდებას ანიჭებდა. ომის დროს ამერიკიდან იარაღსა და პროდუქტებს ეზიდებოდა.
- ბატონო ნუგზარ, ელიზბარს არანაკლები ბიოგრაფიის და ჰყავდა, რომელიც პირველი მფრინავი ქალი იყო აჭარაში…
— დიახ, მისი და ფადიმე გოგიტიძე აჭარაში პირველი მფრინავი ქალი იყო. იმ დროს ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო და მან ეს გმირობა ჩაიდინა — ქალი თვითმფრინავში ჩაჯდა და მფრინავი გახდა. იგი, თუ არ ვცდები, 1935 წელს საცდელი ფრენის დროს დაიღუპა. მისი ბიუსტი აეროპორტის წინ დგას. მანამდე რამდენიმე ადგილი გამოუცვალეს — ჯერ მოსწავლეთა პარკში იყო ბათუმში, შემდეგ ახალ ბულვარში. ფადიმეს საფლავი არავინ იცოდა და მე აღმოვაჩინე. ის ბათუმში, ფერიის სასაფლაოზეა დაკრძალული. ახლა, როცა მივაგენი, მინდა, რომ მოვუარო. მისი შთამომავლები პეტერბურგში ცხოვრობენ.
- დღეს ელიზბარ გოგიტიძის სახელს ბევრ ლეგენდას უკავშირებენ და რომელიმეს ხომ ვერ გაიხსენებთ?
— ასეთი რამ მსმენია: ამერიკელებს თურმე დატყვევებული ჰქონდათ ადოლფ ჰიტლერის პირადი გემი, რომელსაც, ზუსტად არ ვიცი, მგონი, „ჰიტლერი“ ერქვა. მან შეძლო და ის გემი საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანაო. გემი ძალიან ძვირფასად ყოფილა მოწყობილი და სულ ხისგან იყო დამზადებული. ამ ფაქტის გამო მას სტალინის მადლობა ჰქონია მიღებული. შემდეგში ამ გემს „როსია“ უწოდეს და ელიზბარი მისი კაპიტანი იყო.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.