თბილისი „შემოქმედ ქალთა ფესტივალს“ უმასპინძლებს

© Flickr / inger maaikehandmade
handmade - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალები ფესტივალზე წარმოადგენენ ხელნაკეთ ნამუშევრებს, რომელთა შორისაა სამკაულები, საახალწლო აქსესუარები, თექისგან დამზადებული ნივთები, ნახატები.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. „შემოქმედ ქალთა ფესტივალი“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნამუშევრები, თბილისში 27 ნოემბერს გაიმართება, აცნობეს „Sputnik საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

წელს ღონისძიებაში დაახლოებით 70 ქალი მიიღებს მონაწილეობას.

„ფესტივალის მიზანია — შემოქმედმა ქალებმა გაიცნონ ერთმანეთი და საკუთარი შემოქმედება წარმოადგინონ ფართო საზოგადოების წინაშე. ფესტივალზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილის შეძენა შესაძლებელი იქნება დამთვალიერებლებისთვის. ყველა ნაკეთობა ხელნაკეთია — სამკაულები, საახალწლო აქსესუარები, თექის ნაკეთობები, ნახატები“, — განაცხადა ორგანიზაციის „ქალები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა.

თავდაპირველად არ იგეგმებოდა, რომ პროექტი ყოველწლიური ყოფილიყო, თუმცა ინიციატივა თავად მონაწილეებისგან წამოვიდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ურთიერთობების დეფიციტი აქვთ და სურთ, გაიცნონ სხვა შემოქმედებითი ქალები და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.

ფესტივალი პირველად 2015 წელს გაიმართა. მასში 45 ქალი მონაწილეობდა.

მომავალი წლიდან ორგანიზატორები გეგმავენ, რომ „შემოქმედ ქალთა ფესტივალი“ უფრო მასშტაბური გახადონ და ჩართონ არა მხოლოდ თბილისელი, არამედ სხვა რეგიონების წარმომადგენელი ქალებიც.

ორგანიზაცია „ქალები საქართველოსთვის“ აერთიანებს ქალებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი საქმიანობის სფეროა ქალთა უფლებების დაცვა, ქალის როლის გაძლიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ორგანიზაცია მართავს საქველმოქმედო აქციებს, კონცერტებს, აუქციონებსა და პოეზიის საღამოებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0