ბატონი ვალერის ნიჟარების „სასახლე“ ძალიან იდუმალი და საუცხოოა. ეს იდუმალება იზიდავს და ატყვევებს ადამიანს. მის კოლექიაში შეხვდებით როგორც დელიკატეს, ისე შხამიან მოლუსკებს, შავ და თეთრ მარგალიტებს, მარჯანს და ა.შ. რაც უფრო ღრმა წყალში მობინარდეა მოლუსკი, მით უფრო თვალწარმტაცია მისი ნიჟარის სილამაზე და ფერთა გამა.
— 10 წლის ვიყავი, როცა პირველი ნიჟარა ბებიამ მაჩუქა. ხედავდა, როგორ მომწონდა ნიჟარები, ვეძებდი ყველგან, ამიტომ ანტიკვარიატის მაღაზიაში მიყიდა ვარდისფერი ნიჟარა, რომელსაც დღესაც ვინახავ. ამის შემდეგ დავიწყე კოლექციის შეგროვება. მიტაცებდა მათი ფორმები, ფერთა გამა.
– ახლა რამდენ სახეობას მოიცავს თქვენი კოლექია?
– დაახლოებით 900-მდე სახეობის ნიჟარა იქნება. რა თქმა უნდა, დედამიწაზე ბევრად მეტი, დაახლოებით 150 000 სახეობა არსებობს. ჩემ კოლექციაში ყველაზე ლამაზ და თვალსაჩინო სახეობებს მოვუყარე თავი. ძირითადად მაქვს ტროპიკული ქვეყნების ბინადარი ნიჟარები. აქ ნახავთ ჩრდილოეთში მობინადრე „ნეპტუნიას“, რომელიც დედამიწაზე გავრცელებული ყველაზე დიდი მოლუსკია. წყნარი ოკეანე, მალაიზია და ფილიპინები, ინდოეთი აფრიკის სანაპირო, ყვითელი ზღვა, ფლორიდის სანაპირო, კალიფორნიის ყურე — თითქმის მთელი დედამიწის მოლუსკებს ამ პატარა ოთახში მოვუყარე თავი. ძალიან საინტერესოა დიდი გიგანტური „ლიმა“, რომელიც ძალიან ღრმა წყალში, ტაილანდთან ახლოს ბინადრობს.
– მთელი დედამიწის მასშტაბით როგორ ახერხებთ მათ შეგროვებას?
— ვიწერ უცხოური საიტებიდან, ვყიდულობ.
– რომელიმეს თუ აქვს რაიმე განსაკუთრებული თავგადასავალი?
— თითოეულ ნიჟარას დიდი ისტორია აქვს და მრავალ წელს ითვლის. მე მაქვს ნიჟარა, რომელიც ფიდელ კასტროს ნაჩუქარია. იყო ცნობილი ბალერინა ნადია რაშჩეპკინა, რომელიც ჭაბუკიანთან ერთად ცეკვავდა. იგი ხუთი წელი ასწავლიდა ბალეტს კუბაზე. თვითონ ფიდელ კასტრომ აჩუქა მას ეს ნიჟარა, მან კი მე მაჩუქა.
– ყველაზე ძველი ნიჟარა რომელია?
— ყველაზე ძვერი ნიჟარა შაორის ტბის ბინადარი იყო. 150 მილიონი წლის წინანდელია, დინოზავრების ეპოქიდანაა. უკვე გაქვავებულია. იგი მე თვითონ ამოვიღე მდინარიდან.
– დელიკატესი მოლუსკი თუ გაქვთ კოლექციაში?
— დელიკატესად ითვლება „ზღვის კური“. ისინი ბინადრობენ წყნარ ოკეანეში, ახალ ზელანდიაში. ძალიან ლამაზი ნიჟარები აქვთ, გამოიჩევიან ულამაზესი სადაფით და არაჩვეულებრივი გემოთი.
– შხამიანი მოლუსკების ნიჟარებიც გაქვთ?
— დიახ შხამიან მოლუსკებსაც შეხვდებით ჩემ კოლექციაში. შხამიანი მოლუსკების სპეციალური სია არსებობს, სადაც წერია სახეობები და სიკვდიალიანობა. არის „კონუსების“ ოჯახი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ერთ-ერთი სახეობა „გეოგრაფუსი“ არის დედამიწაზე ყველაზე შხამიანი მოლუსკი. მისი ნაკბენი გველის ნაკბენის ტოლფასია და წამიერად შხამავს და კლავს ადამიანს. ბევრი შხამიანი მოლუსკის ნიჟარა კოლექციონერებისთვის ძალიან სასურველი ნიმუშია. აქ ხედავთ სახეობებს „დიდება ინდოეთს“ და „ზღვების დიდება“, რომლებიც ითვლებიან ამ ოჯახის უიშვიათეს სახეობად.
– მარგალიტებიც შევნიშნე კოლექციაში.
— დიახ, აქ მაქვს ნიჟარებიც, მარგალიტებიც და მარგალიტებისგან დამზადებული ნივთებიც. მაქვს შავი, თეთრი, ვარდისფერი მარგალიტი, მარჯანი. ძირითადად მარგალიტებს ბუნებაში პოულობდა ადამიანი, დღეს ხელოვნურად ზრდიან. არსებობს მთელი რიგი სამუშაოები, რის შედაგადაც მიიღებენ დამუშავებულ მარგალიტს. მარგალიტის მიღება ძირითადად ხდება სადაფიან ნიჟარებში. თვითონ ნიჟარა კალციუმის კარბონატისგან – კალციტისგან შედგება. მოლუსკი ზრდის პროცესში, როცა ნიჟარას იკეთებს, მას კალციტის ძალიან წვრილი კრისტალებისგან აგებულ მრავალ თხელ შრეს აფენს და ამ შრეებიდან არეკლილი სინათლის სხივები სადაფის ელვარებას ქმნის. რაც უფრო თხელია შრეები, მით უფრო მეტ სილამაზეს გვაძლევს. მართლა გასაოცარია ვარდისფერი, თეთრი, მწვანე სადაფი. მდინარეებში „უნიონიდებში“ პოულობდნენ მდინარის მარგალიტს, რომლითაც ალამაზებდნენ და ამკობდნენ ძირითადად ქართულ და რუსულ ხატებს. ეს წვრილ–წვრილი მარგალიტები სწორედ მდინარის ნიჟარებშია მოპოვებული.
– მსოფლიოში ყველაზე დიდი მარგალიტი რომელია?
— ამბობენ, რომ მისი ბოლო მფლობელი იყო სადამ ჰუსეინი. მისი სახელწოდებაა „ალაჰის გული“. ამ მარგალიტის ისტორია ძალიან ტრაგიკულია. 1934 წელს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ფილიპინების კუნძულ ფალავანთან, ადგილობრივი ტომის 18 წლის ბელადმა ეტემმა მარგალიტების საძებნელად წყალში ჩაყვინთა და გაუჩინარდა. ეტემი წყალში დაიღუპა, იგი მოულოდნელად უზარმაზარი მოლუსკის ტყვე გახდა. როცა ეტემი ნიჟარას მიუახლოვდა და მარგალიტის ძებნა დაიწყო, ამ დროს მოლუსკმა თავისი ხვრელი დახურა და ეტემის ხელი თან ჩაითრია. ბიჭმა ვეღარ შეძლო ხელის გათავისუფლება და ზღვის ზედაპირზე ამოცურვა. მცირეოდენი ბრძოლის შემდეგ ის დაიხრჩო. თანატომელებმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიაგნეს ეტამის სხეულს და მასთან ერთად უზარმაზარ ნიჟარასაც, რომლის შიგნითაც უიშვიათესი სიდიდის მარგალიტი იდო: მისი წონა 6,35 კილოგრამი იყო, ხოლო ზომები 24X14 სმ.
– ამ ეტაპზე ისევ აგრძელებთ ნიჟარების შეძენას?
— დიახ. ახლა ველოდები ტაილანდიდან ხმელეთის მოლუსკებს, რომლებიც ყველაზე რთული მოსაპოვებელი მოლუსკებია. საერთოდ ხმელეთის მოლუსკები უფრო იშვიათად ხვდებიან კოლექციაში, ვიდრე ზღვის მოლუსკები.
– ნიჟარის ყურთან მიტანის დროს რატომ გვესმის ზღვის და ოკეანის ხმა?
— ეს ჩვენი სისხლის მიმოქცევის ხმაა. სწორედ სისხლი გვაკავშირებს ოკეანესთან მარილიანობით და მოძრაობით. ეს საოცარი კავშირია.