თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith საქართველოში პირველად გამოვა — კონცერტი 2017 წლის 20 მაისს გაიმართება.
საქართველოში კონცერტის შესახებ აღნიშნულია ანსამბლის საგასტროლო ტურში ოფიციალურ ვებგვერდზე. კონცერტი Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში, შეკვეთილში გაიმართება.
საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith 2017 წლის ტურნეს ფარგლებში გამოვა.
საქართველომდე ჯგუფი ეწვევა ისრაელს, ხოლო საქართველოს შემდეგ — რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.
Black Sea Arena-ს სცენაზე უკვე გამოვიდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორიცაა Scorpions, კრისტინა აგილერა და ვანესა მეი.
ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი“.