ჩვენ, რაჭა, არტელი-რაჭა, "არტრა"...

© გ. მეძმარიაშვილიჩვენ: (მარჯვნიდან) კოტე ჯინჭარაძე, ლიკა ყოინაშვილი, გაიოზ ჯინჭარაძე, დათა ნარგიზიშვილი, გიორგი ლაბაური, თამთა დოლიძე, თინა ცხადაძე
ჩვენ:  (მარჯვნიდან)  კოტე ჯინჭარაძე, ლიკა  ყოინაშვილი,  გაიოზ ჯინჭარაძე, დათა  ნარგიზიშვილი, გიორგი ლაბაური,  თამთა  დოლიძე,  თინა  ცხადაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე არტისტების ვორქშოფი ფესტივალ „არტრა-2016“-ის პროექტი და ახალი ნამუშევრები, რომლებიც რაჭის მუზეუმების ძველ კოლექციებს შეემატება. მხატვარ თინა ცხადაძის დღიურები რაჭიდან.

შესავლის ნაცვლად:

„არტელი-რაჭა“ პატარა, მაგრამ ძალიან მოქნილი და ეფექტური არტ-ცენტრი გახლავთ, რომელიც სოფელ ჭყვიშში მდებარეობს და 2005 წლიდან ფუნქციონირებს. აქ მუდმივად ტარდება ვორქშოფები, არტ-ფესტივალები, რეგიონული გამოფენები და ა.შ. ეს ინიციატივა მიმართულია, რომ მოახდინოს ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული ცხოვრების სტიმულირება, დაეხმაროს ახალგაზრდებს – გაეცნონ თანამედროვე ხელოვნებას პროფესიონალ მხატვრებთან და არტმცოდნეებთან თანამშრომლობის მეშვეობით. ამ პროექტის მიზანია მასტერ-კლასების, დიალოგების, დისკუსიების დაგეგმვა და ორგანიზება ქართველ და უცხოელ არტისტებთან და ადგილობრივ აუდიტორიასთან ერთად. „არტელი–რაჭა“ თანამედროვე არტისტის კოტე ჯინჭარაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსდა. 

© კ. ჯინჭარაძე„არტელი–რაჭა“
„არტელი–რაჭა“ - Sputnik საქართველო
„არტელი–რაჭა“

წლევანდელ ფესტივალზე „არტრა–2016“ სხვა არტისტებთან ერთად ასევე ვიყავით მიწვეული მე და ჩემი სტუდენტების ჯგუფი — თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები: თამთა (თოლია) დოლიძე, გიორგი ლაბაური, ლიკა ყოინაშვილი, გაიოზ ჯინჭარაძე, დათა ნარგიზიშვილი. ამჯერად ფესტივალ „არტრა–2016“-ის კონცეფცია გახლდათ „წარსულსა და მომავალს შორის“. 

„არტელი-რაჭაში“ ათდღიანი ვორქშოფის განმავლობაში მუშაობა და ცხოვრება ჩვენთვის საინტერესო, ცოცხალი პროცესი იყო. ამიტომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი მოგითხროთ უბრალოდ, როგორც შევძლებ, ერთგვარი დღიურების სახით. შევეცდები გავიხსენო სახალისო მომენტები, ჩვენი ემოციები და ა.შ. იმედია, დაგაინტერესებთ.

რაჭა, სოფელი გონა - Sputnik საქართველო
საახალწლო „მიწუნწკლება“ და რაჭაში დაკარგული სამი დღე

 "ვორქშოფული“ დღიურები…  
 გამგზავრება

წინა დღით შევთანხმდით, რომ მეორე დილით, სადღაც 11 საათისთვის შევიკრიბებოდით „ველოსიპედთან“, ვარდების მოედანზე და გავემგზავრებოდით რაჭისკენ. ეს დრო გოგლიკამ (არქიტექტორი გიორგი მეძმარიაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორის თანაშემწე) დაგვინიშნა: ცოტა გამოძინება მაცალეთ, საკმაოდ შორი გზაა, დილაადრიან ნუ წამომახტუნებთო… იმავე საღამოს ფაცხაფუცხით ჩავალაგე ჩემი ზურგჩანთა, სახატავი მასალებიც შევარჩიე, მერე ჩემებს გადავურეკე — დავაწიოკე, ხვალ არ დააგვიანოთ-მეთქი, და სახვალიოდ სრულიად ჯარისკაცული მზადყოფნის განცდით ჩავეხუტე ძვირფას მორფეუსს… რა თქმა უნდა, დილით დამაგვიანდა! ჩემი მაღვიძარას იმედზე თქვენი მტერი იქნა, როცა მჭირდება, მაინც და მაინც მაშინ დადუმდება და ხმას არ იღებს, უნამუსო!..

© თ. ცხადაძეჩვენ და რაჭის პანორამა
ჩვენ და რაჭის პანორამა - Sputnik საქართველო
ჩვენ და რაჭის პანორამა

უკვე შორიდანვე დავინახე სიგარეტის კვამლში გახვეული გოგლიკა გაბრაზებული ბოლთას სცემდა მანქანასთან. ნუ, მე იხტიბარი არ გავიტეხე მაინც, რადგან აღმოჩნდა, სხვებსაც დაუგვიანიათ. მარტო თოლია და დათა დამხვდნენ, რომ მივედი. როცა, ბოლოს და ბოლოს, დავიძარით, კაი 12 საათი იყო უკვე. თანაც, სათითაოდ ყველას ზუსტად წამოსვლის წინ აგვიტყდა უაზრო წვრილმანების გაუთავებელი ყიდვა და ხან ერთი გარბოდა „ორი წუთით“ და ხან მეორე. მოკლედ, გოგლიკას საყვედურების ფონზე მანქანა გავტენეთ ბარგით, ჩვენც შიგ ჩავლაგდით-ჩავეკვეხეთ და დავიძარით, როგორც იქნა… სექტემბრის უთბილესი დღე, უთბილესი მზე, მანქანაში კარგი მუსიკა, მძღოლი–გოგლიკა, მე, ლიკა, თოლია, დათა, გიო… წინ რაჭა გველოდება! გზად ერთი-ორ ადგილზე კიდევ შევიარეთ, რომ კოტეს დირექტივები შეგვესრულებინა, მაგრამ ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ. ისე, კოტე მონდომებით გვირეკავდა ყოველ ნახევარ საათში – სადა ხართ, როგორ ხართ, როდის ჩამოხვალთო…

ვიმგზავრეთ სულ გიგინ-გიგინით, გოგლიკა უმაგრესი მძღოლია. ჰო, რა თქმა უნდა, გზად აუცილებელი საყოველთაო მშობლიური რიტუალიც არ დავივიწყეთ: სურამში უგემრიელესი ნაზუქების ყიდვა და „პერევალზე“ სოფელ შროშის თიხის ნაკეთობების გამოფენა-ბაზრობასთან შესვენება… რაჭის გადასახვევთან უკვე გაიოზაც შემოგვიერთდა და სრული შემადგენლობით გავაგრძელეთ გზა სოფელ ჭყვიშისკენ.

© თ. ცხადაძე„არტრა“
„არტრა“ - Sputnik საქართველო
„არტრა“

რაჭაზე უბრალოდ თქვა, რომ ლამაზია, არაფერსაც არ ნიშნავს. მაშინვე მთლიანად ჩაგიხუტებს, როგორც კი შედიხარ… შაორის ტბას კი საოცარი მისტიკა აქვს, ჩამთრევი, კრიალა, ზედაპირი სუნთქავს… გაბრუებულებმა ვერც ვიგრძენით, როდის მივადექით ჩვენი მგზავრობის საბოლოო დანიშნულების პუნქტს — კოპწია „არტელი–რაჭის“ ეზოს და ნელ-ნელა დავიწყეთ გადმობარგება მანქანიდან. „არტელი–რაჭის“ სახლი მართლა ჯადოსნურია. კოტემ თავისი მამა-პაპის ეს ძველი რაჭული კარ-მიდამო დიდი გემოვნებით აღადგინა, სრულიად შეუნარჩუნა ავთენტურობა. ორნამენტებიანი ჩამუქებული ხის აივნები, ოთახებშიც ყველგან ხის კედლებია, ძველი ბუხრები, სულ გამთბარი მზის, ხის და ვაშლის ჩირის სუნი ტრიალებს მთელ სახლში… მეგონა, სადღაც ჩემ შორეულ ბავშვობაში ამოვყავი თავი და  გავითიშე. ჩვენების მხიარულმა ყაყანმა და კიბეებზე ფეხის ნაბიჯების ხმამ გამომარკვია – ბარგს ეზიდებოდნენ და საქმიანად ფუსფუსებდნენ. 

უჰ, რა მაგარი იყო: საუკეთესო ათი დღე იწყებოდა საუკეთესო სახლში, საუკეთესო სამუშაო პირობებით და საუკეთესო ადგილზე — რაჭაში! 

(გაგრძელება იქნება…)   

ყველა ახალი ამბავი
0