ამ ისტორიების წაკითხვის შემდეგ პირველი ფრაზა, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს თავში, ვფიქრობთ, ასეთი იქნება: „რას არ გაიგებს კაცი?!“
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის პოლიციამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე 34 წლის მონიკა ჰარგროუვის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შეიარაღებული ძარცვის მუხლით იძებნებოდა. ფოტო რამდენიმე წლის წინანდელი იყო, რომელიც ჰარგროუვისთვის წინა დაპატიმრების დროს გადაეღოთ და კარტოთეკაში შეეტანათ.
სოციალურ ქსელში სურათის განთავსებიდან რამდენიმე დღეში პოლიციის განყოფილებაში ტელეფონმა დარეკა: გაბრაზებული მონიკა ფოტოს შეცვლას მოითხოვდა, ამბობდა, მაგ სურათში ცუდად გამოვიყურები და სხვა დადეთო.
პოლიცია შეპირდა, მობრძანდით განყოფილებაში, ახალ სურათს გადაგიღებთ და იმას ავტვირთავთო და… მონიკაც მივიდა.
განყოფილებაში ძებნილის მისვლა და დაპატიმრება ერთი იყო — პოლიციას უკვე გაემზადებინა ორდერი. მერე ახალი ფოტოც გადაუღეს და ისიც შეინახეს კარტოთეკაში. თუმცა ის ძველი სურათი დღესაც დევს Columbus Division of Police-ს ფეისბუქ-გვერდზე.
ირკვევა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომელმაც დამნაშავეს „შორს გაუთქვა სახელი“.
ასე მაგალითად, კალიფორნიელი ჯერემი მიქსი ქალაქ სტოკტონში მოწყობილი სროლებისას დააკავეს და მისი ფოტო სხვა სამი დაკავებულის ფოტოებთან ერთად პოლიციის ფეისბუქ-გვერდზე ატვირთეს. ჯერემიმ ისე მოხიბლა ფეისბუქ-მომხმარებლები, რომ მოკლე ხანში ასი ათასზე მეტი მოწონება და ამდენივე აღფრთოვანებული კომენტარი დააგროვა. რაღა თქმა უნდა, მომწონებლების უდიდეს ნაწილს ქალბატონები შეადგენდნენ.
მსგავსი რამ მოხდა მაშინაც, როდესაც კანადის პოლიციამ 21 წლის დამნაშავე გოგონა სტეფანი ბოდუა გამოაცხადა ძებნაში. სტეფანი სისხლის სამართლის ერთი კი არა, მთელი 114 მუხლით იძებნებოდა.
Stéphanie Beaudoin | Accusée d’avoir commis 40 vols avec un adolescent et un petit chien http://t.co/jfjUlgVZo2 pic.twitter.com/C006j30hN4
— Journal de Montréal (@JdeMontreal) 7 августа 2014 г.
მასმედიამ სასწრაფოდ გაავრცელა პოლიციის განცხადება და თან „ფეისბუქიდან“ აღებული ფოტოც დაურთო, რომელშიც სტეფანი შავ საცურაო კოსტიუმში იყო გადაღებული.
ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ ფოტომ დამნაშავე გოგონას სახელი კანადის საზღვრებს გადააცილა და მალე ის „ყველაზე სექსუალურ დამნაშავედ“ შერაცხეს.