თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა შემდგომ განვითარებას, წარმატებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემდგომი სიმაღლეების მისაღწევად… მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას“, — აღნიშნულია მარგველაშვილის მისალოც წერილში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ტრამპის საპრეზიდენტო მისია იმ პერიოდში იწყება, როდესაც კაცობრიობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ აუცილებელია ისეთი ფასეულობების დაცვა, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა, აღნიშნა მარგველაშვილმა.
„ამერიკის როლი იყო და რჩება უნიკალურად მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ლიდერობით ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო დაცულ, უსაფრთხო და წარმატებულ სამყაროს“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
საერთო ფასეულობები საქართველოსა და აშშ-ის ისტორიული მეგობრობის საფუძველია, აღნიშნა მან.
მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის.