აშშ-ის ახალი პირველი ლედის მელანია ტრამპის სამი ცნობილი ციტატა

© AP Photo / J. Scott Applewhiteმელანია ტრამპი
მელანია ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით „Sputnik-ბელარუსმა“ ამერიკის 45-ე პრეზიდენტის მეუღლის მელანია ტრამპის საჯარო გამოსვლებიდან სამი ისეთი ციტატა შეარჩია, რომლებიც მასზე — როგორც ქალზე, მეუღლესა და საზოგადო მოღვაწეზე წარმოდგენას იძლევა.

მელანია ტრამპი 46 წლისაა. დონალდ ტრამპს, რომელიც ახლა 70 წლისაა და რომლისთვისაც ეს მესამე ქორწინებაა, ის 2005 წელს გაჰყვა ცოლად.

მელანიას ქალიშვილობის გვარი კნავსია. დამთავრებული აქვს სლოვენიის უნივერსიტეტი დიზაინერის სპეციალობით. ნიუ-იორკში 1996 წლიდან ცხოვრობს. თავდაპირველად სამოდელო ბიზნესში იყო ჩართული, ახლა კი აქტიურადაა დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. 2005 წელს აშშ-ის წითელი ჯვრის საზოგადოების კეთილი ნების ელჩი გახდა.

„ტრამპი ამერიკის ფანტასტიკური პრეზიდენტი იქნება“

მელანია ტრამპმა პენსილვანიაში 3 ნოემბერს გამოსვლისას განაცხადა:

„[ტრამპს] სჯერა ამერიკისა, ის ფანტასტიკური პრეზიდენტი იქნება“.

მის სიტყვას დარბაზიდან შეძახილი მოჰყვა: „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!“

მელანიას თქმით, დონალდ ტრამპთან თანაცხოვრების 18 წლის განმავლობაში არაერთხელ დარწმუნდა, რომ „მას სურს ეს ქვეყანა უკეთესი გახადოს“.

„გვინდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენთვის იბრძოლებს? მაშინ პრეზიდენტად დონალდ ტრამპს ვირჩევთ“, — განაცხადა მელანიამ დარბაზის გამამხნევებელი შეძახილების ფონზე.

ეს „ბიჭების საუბარი“ იყო

ასეთ კომენტარი გააკეთა მელანია ტრამპმა მისი მეუღლისა და NBC-ს ტელეშოუ „თუდეის“ წამყვან ბილი ბუშის სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ისინი ქალებზე უხამსად ლაპარაკობდნენ.

დონალდ ტრამპმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ათი წლის წინანდელი სიტყვებისთვის, მაგრამ თანაპარტიელმა ოფიციალურმა პირებმა მაინც გაკიცხეს ის, ხოლო ზოგმა საერთოდ უარი თქვა მის მხარდაჭერაზე.

მელანია ტრამპმა ტელეარხ CNN-ს 18 ოქტომბერს განუცხადა, რომ ეს უბრალოდ „ბიჭების საუბარი“ იყო, მისი მეუღლე კი „პროვოკაციაზე წამოაგეს… ცუდი და ბინძური რაღაცეები ათქმევინეს“.

„როგორც კადრში ხედავთ, კამერები ჩართული არ არის, მუშაობს მხოლოდ მიკროფონი. საინტერესოა, საერთოდ თუ იცოდნენ, რომ მიკროფონი ჩართული იყო“, — აღნიშნა მელანიამ და იქვე დაამატა, რომ დონალდს ასეთ კაცად არ იცნობს.

„მე დავიცავ ქალებისა და ბავშვების უფლებებს“

მელანიამ პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მოსახლეობას აღუთქვა, რომ მისი მეუღლის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში თავს ბავშვთა უფლებების დაცვას მიუძღვნის.

მელანიას თქმით, სოციალურ ქსელებში ბავშვებისა და მოზარდების თანატოლების თავდასხმებისგან დაცვა მისი მოღვაწეობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

„ბავშვები და მოზარდები ძალიან მოწყვლადები შეიძლება იყვნენ. სწყინთ, როცა მათ გარეგნულ თუ გონებრივ მონაცემებს ეჭვით უყურებენ. ეს მათ ცხოვრებას ურთულებს და ისინიც საკუთარ თავში იკეტებიან“, — თქვა მან.

მელანია ტრამპი ასევე დებს პირობას, რომ ბავშვების გარდა დაიცავს და იბრძოლებს ქალთა უფლებებისთვისაც.

ყველა ახალი ამბავი
0