მებაღეებს ეს ლიანა განსაკუთრებული დეკორატიულობის, ხანრძლივი ყვავილობის და პლასტიურობის გამო უყვართ. ამ მცენარისგან ყველაფრის ფორმირება შეიძლება, რაზეც ფანტაზია გეყოფათ: ცოცხალი ღობე, მოყვავილე ფარდა, ლიანა, ბუჩქი, მაღალი ხე თუ ჯუჯა ბონსაი. მას ცოტა უცნაური სახელი აქვს — ბუგენვილია (Bougainvillea), რომლითაც იგი მსოფლიო მცენარეთა კატალოგში 1786 წელს შევიდა.
სახელი მცენარეს ცნობილი ფრანგი მოგზაურის, პარიზის სამეცნიერო აკადემიის წევრის, მსოფლიოს გარშემო პირველი ფრანგული ექსპედიციის ხელმძღვანელის, ადმირალ ლუი ანტუან დე ბუგენვილის (1729-1811) პატივსაცემად ეწოდა.
თავად ადმირალი არ იყო ამ მცენარის აღმომჩენი და აღმწერი, თუმცა მიაჩნდა, რომ სწორედ ამ მცენარის წყალობით დარჩებოდა ისტორიაში მისი სახელი.
მცენარე კი ევროპისთვის აღმოაჩინა და აღწერა ბუგენვილის მეგობარმა, ფრანგმა ნატურალისტმა, ფრანგული ექსპედიციის წევრმა ფილიბერ კომერსონმა (1734-1773). ამბობენ, იგი ცოტათი შეშლილიც კი იყოო, და ამ შეშლილობას მცენარეების შეგროვებით მის გატაცებას უკავშირებენ. სწორედ კომერსონმა უწოდა რიო-დე-ჟანეიროს გორაკებზე აღმოჩენილ ულამაზეს მოყვავილე ლიანას მისი მეგობრის, ადმირალ ბუგენვილის სახელი.
თუმცა, არც ასე მარტივად ყოფილა საქმე. ექსპედიციის დოკუმენტაციის თანახმად, კომერსონს, ფეხების დაავადების გამო, ფეხიც არ დაუდგამს ბრაზილიის სანაპიროზე. კომერსონის ფეხები და თვალები ბრაზილიის ნაპირებზე მისი თანაშემწე (ზოგი წყაროს ცნობით, სატრფოც) ქალბატონი ჟანა ბერე გახლდათ. მასვე ერგო პატივი, ყოფილიყო პირველი ქალი, რომელმაც გემით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. სწორედ ბერემ შეაგროვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ევროპისთვის მანამდე უცნობი მცენარეების ათასობით ნიმუში და მათ შორის ბუგენვილიაც.
ეს მოგზაურობა ჟანასთვის არც ისე უმტკივნეულო ყოფილა. იგი გემზე არალეგალურად, მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული ავიდა, როგორც კომერსონის თანაშემწე.
„ეტუალი“ სამხედრო ფრეგატა გახლდათ და იმ დროს ქალებს არა თუ მოგზაურობა, ფეხის დადგმაც კი ეკრძალებოდათ სამხედრო გემზე. ფრეგატაზე 5 ოფიცერი, 113 უნტერ-ოფიცერი და მატროსი, ასევე რამდენიმე სამოქალაქო პირი იმყოფებოდა. ძნელი მისახვედრი არაა, თუ რა რთული იქნებოდა ქალისთვის 2 წლის მანძილზე, 30-მეტრიან გემზე ასეთ საზოგადოებაში თავისი რეალური სახის დამალვა. მას იმის თქმაც კი მოუწია დაეჭვებული გემის კაპიტნისთვის, რომ საჭურისი იყო…
საბოლოოდ კვანძი კუნძულ ტაიტიზე გაიხსნა. როგორც კი ჟანამ ფეხი დადგა მიწაზე, აბორიგენებმა მაშინვე ამოიცნეს მასში ქალი და იქვე ამხილეს. ამ ინციდენტის შემდეგ კომერსონმა და ბერემ ექსპედიციის დატოვება გადაწყვიტეს. ისინი კუნძულ მავრიკიაზე დარჩნენ. თავად ბუგენვილი ამ გადაწყვეტილებით დიდად კმაყოფილი დარჩა.