სანდრო ცნობილაძე
ქართულ ფეხბბურთში „ცვლილებების სიო“ შარშანდელიდან მოყოლებული უბერავს. თუ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის არსებულ შედეგებს გავითვალისწინებთ, ეს სიო კი არა, საკმაოდ ძლიერი ქარია. საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება! სისტემაზე, რომლითაც ეროვნული პირველობა ტარდება, უკვე ძალზე ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო მეტი ითქვა, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდეთ და მომხდარი ფაქტის გაანალიზებას შევეცადოთ. გადაწყვეტილია — საჩემპიონო ფინალში ერთმანეთს „სამტრედია“ და „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. როდესაც ესა თუ ის მოვლენა გარკვეული პროცესის შედეგია, ამასთან დაკავშირებით კითხვის დასმა, როგორც წესი, ზედმეტია ხოლმე, ვინაიდან არსებობს არგუმენტი, რომელიც ყველაფერს წონის — პროცესმა და კონტექსტიდან ამოვარდნილმა არაერთმა ფაქტმა დააყენა ის შედეგი, რომელიც გვაქვს. ამიტომ დიახაც — საქართველოს ჩემპიონობისთვის სწორედ ამ ორმა კლუბმა უნდა იბრძოლოს, ვინაიდან ეს უფლება მათ თუნდაც მოკლევადიანი, მაგრამ მაინც პროცესის შედეგად მოიპოვეს.
მოდით, ახლა იმის გაანალიზება ვცადოთ, თუ რისი მეშვეობით მიაღწიეს ამ გუნდებმა წარმატებას და ვცადოთ განვსაზღვროთ, როგორი იქნება მათ შორის გამარჯვებულის მომავალი ჩემპიონთა ლიგაზე. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ საჩხერელთა თავკაც სოსო ფრუიძეს ჩვენ ფეხბურთში ერთგვარი რეკორდი ეკუთვნის — ერთი და იმავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უწყვეტად რვა წელი არავის უმუშავია. ფრუიძემ „ჩიხურას“ შესახებ ყველაფერი იცის. მან ეს კლუბი ჯერ კიდევ მაშინ ჩაიბარა, როდესაც იგი პირველ ლიგაში იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ კლუბთან ერთად წინ იარა და საბოლოოდ გულშემატკივრებს 2014 წლის 24 ივნისი აჩუქა, როდესაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან თურქული „ბურსა“ გამოაგდო. ორრაუნდიან ბრძოლაში ეს საბოლოო გამარჯვება, თამამად შეიძლება ითქვას, კლუბის ისტორიაში ჯერჯერობით უდიდესია. არის თუ არა წარმატების საწინდარი, როდესაც გუნდს რვა წელია ერთი და იგივე მწვრთნელი ჰყავს და მის ხელში ეს გუნდი პროგრესირებს? რა თქმა უნდა არის!
საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ახალი თაობის სპეციალისტი გია ცეცაძე წვრთნის. კლუბში იგი ამ სეზონის წინ მივიდა. ცეცაძეს ზურგს უმაგრებს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მუშაობის გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ ეს ის ნაკრებია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ჩვენს გულშემატკივარს თავი ლაღი, შემტევი ფეხბურთით დაამახსოვრა. ცეცაძეს მომენტალურად და დამსახურებულადაც მიანიჭეს ახალგაზრდებთან კარგად მომუშავე სპეციალისტის სახელი. მის გუნდში, ბუნებრივია, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათი აბსოლუტური უმრავლესობა შემტევია. არის თუ არა საქართველოს ჩემპიონატში წარმატებისთვის ახალგაზრდებთან უნარიანი მუშაობა წარმატების წინაპირობა? რა თქმა უნდა, არის!
ჩავხედოთ გათამაშების ცხრილს. ორივე გუნდს უახლოეს მდევრებთან ექვსქულიანი უპირატესობა აქვს. „ჩიხურას“ კვალში თბილისის „დინამო“ უდგას. ამ შემთხვევაში საჩხერელების წარმატება მარტო ფრუიძის უნარიანი მუშაობის ნაყოფი არაა. „ჩიხურას“ საჩემპიონო ფინალში მონაწილეობას სეზონის სტარტზე „დინამოში“ არსებულმა ვითარებამაც შეუწყო ხელი. რაც შეეხება „სამტრედიას“, იგი კენჭისყრის შემდეგ მომენტალურად ფავორიტად იქნა შერაცხული და სტატუსი გაამართლა კიდეც.
ქართულ რეალობაში გუნდებში სეზონიდან სეზონამდე უამრავი ფეხბურთელი იცვლება. ეს პროცესი აუცილებლად მოხდება „სამტრედიაშიც“ და „ჩიხურაშიც“. მთავარი — კონტინგენტის სწორი შერჩევა იქნება. უნდა გვქონდეს თუ არა იმედი, რომ ევროტურნირებს ჩემპიონატის უძლიერესი კლუბები ღირსეულად შეხვდებიან?— უფრო „კი“, ვიდრე „არა“. ოპტიმისტური განწყობის საფუძველს კი პირველ რიგში მათი მთავარი მწვრთნელების კვალიფიკაცია განაპირობებს.