1633 წელს ჰოლანდიის ქალაქ ჰორნში ამ ყვავილის სამი ბოლქვის ქვის საცხოვრებელ სახლზე გადაცვლის ფაქტი მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც იმდროინდელი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი. მიხვდით, ალბათ, ტიტის ბოლქვებზეა საუბარი. ისინი 1570-იან წლებში მოხვდნენ სპარსეთიდან ჰოლანდიაში და უკვე 50 წლის შემდეგ მთელი ჰოლანდია და ევროპის დიდი სახელმწიფოები „ტიტამანიამ“ მოიცვა.
ტიტების ახალი ჯიშების გამოყვანისათვის სელექციონერებს ნამდვილი ხელჩართული ომი ჰქონდათ გაჩაღებული. რა გასაკვირია — ტიტების ახალი ჯიშების თითოეულ ბოლქვში ცვლიდნენ სახლებს, ცხენებს, ჰექტრობით მიწებს, ხორბალს. ფსონად დებდნენ ბანქოში და ოქროს ერთეულადაც იყენებდნენ. ტიტებს ეტრფოდნენ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტე, ავსტრიის იმპერატორი ფრანც მეორე, კარდინალი რიშელიე, ვოლტერი… ტიტები ფუფუნებისა და ძალაუფლების სიმბოლო გახდა.
ნამდვილ სენსაციად იქცა 1637 წელს შავი ტიტის გამოყვანა სელექციონერების მიერ. იმავე წლის 15 მაისს ამ მოვლენის აღსანიშნავად ქალაქ ჰარლემის ქუჩებში დღესასწაულიც კი მოაწყვეს — ქალაქის ქუჩებში შავი სამოსით მორთული მებაღეები თეთრ ტახტრევანზე დავანებულ შავ ტიტას დაატარებდნენ და ლექსებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ.
ამ თემაზე კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდით: „ტიტების ბიოგრაფები“ ამბობენ, რომ სინამდვილეში ნამდვილი შავი ტიტას დაბადების შესახებ სელექციონერებმა განაცხადი მხოლოდ 300 წლის შემდეგ — 1986 წლის თებერვალში გააკეთეს. მისი ავტორი 29 წლის დანიელი გერტ ჰაგემანი გახდა და ნამდვილი შავი ტიტას მისაღებად მას 7-წლიანი შრომა და 400 ათასი დოლარი დასჭირდა.
სავარაუდოდ, საქართველოში ტიტების ევროპული სელექცია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოხვდა, მაშინ, როდესაც მეფის რუსეთმა შავი ზღვის სანაპიროზე ტიტების ბაღების გაშენება გადაწყვიტა.
თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სპარსეთთან ერთად ტიტების სამშობლოდ კავკასია, კერძოდ კი საქართველოც შეიძლება ჩაითვალოს.
ამ ფაქტის დასადასტურებლად ქართველ მეცნიერებს მოჰყავთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი I-დან VII საუკუნემდე დათარიღებული ძეგლები, სადაც ტიტა ვაზთან ერთად არის გამოსახული.
საერთოდ, ტიტას სამშობლოს შესახებ თემა იმდენად საკამათოა, რომ ყოველ წელს სულ ახალ-ახალი სამეცნიერო სტატიები იბეჭდება და ერთ საერთო მოსაზრებამდე მეცნიერები დღემდე ვერ მისულან. ირანი, თურქეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, სომხეთი, მაროკო, ყაზახეთი, სირია, ყირიმის ნახევარკუნძული — ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც პრეტენზიას აცხადებენ „ტიტის აბორიგენობაზე“.
ამასთან, ისიც ფაქტია, რომ ველური ტიტის ორი სახეობა – ეიხლერის ტიტა — Tulipa eichleri Regal და ბიბერშტეინის ტიტა – Tulipa bibersteiniana მხოლოდ საქართველოში გვხვდება, ხოლო მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში მოყვანილი ტიტის კუთხური დასახელებები — ხოხნოტა, გომატი, ხახუტა, არაყა, კოტიტა — ძნელი დასაჯერებელია, მხოლოდ მას შემდეგ გაჩენილიყო, რაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შავი ზღვის სანაპიროზე ტიტის საბაღე ფორმები შემოიტანეს.
რაც შეეხება ყვავილის ჰიბრიდულ ფორმებს, ევროპელ სელექციონერთა 300-წლიან თავდაუზოგავ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეისათვის ტიტების 150 სახეობას და 10 000-მდე ჯიშს ითვლიან. ამ ბოლქვოვანი ეფემეროიდის ფერთა გამა ყვავილთა სამყაროში ალბათ ყველაზე დიდია — თეთრით დაწყებული და შავით დასრულებული. ყვავიან ადრე გაზაფხულიდან ივნისამდე და მათ გარეშე გაზაფხულის ბაღი სრულფასოვანი ვერ იქნება.
ეს კი პატარა ვიდორგოლი მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორ ხვდება ეს მრავალფეროვანი ყვავილები გრუნტიდან თაიგულებში: