თბილისი, 8 ნოემბერი- Sputnik. საქართველოს მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვაზე კონკურსი გამოაცხადა, განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოში ყველა კატეგორიის ტრანსპორტის აუცილებელი ტექნიკური ტესტირება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 2015 წლის თებერვალში მიიღო.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.
ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტით 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს”, — განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პერიოდული სავალდებულო ტესტირების ფასი ასევე იქნება მსჯელობის საგანი.
„ვფიქრობთ, რომ დადგინდება ზედა მაქსიმალური ზღვარი. ამ საკითხზე გვექნება ღია დისკუსია“, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მან განაცხადა, რომ სახელმწიფო არ აპირებს ბაზარზე რაიმე ტიპის შეზღუდვას — რომ შემოიყვანოს მხოლოდ ერთი ინვესტორი და მას მისცეს გარკვეული ტიპის ლიცენზია. ხოლო საკონსულტაციო კომპანია სახელმწიფოს უნდა დაეხმაროს იმ პროცესების გამართვაში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, თავისუფალ და ღია ბაზარზე არსებობდეს ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების შესაძლებლობა ყველანაირი კორუფციული რისკის გამორიცხვის ალბათობით.
ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის კონსულტანტი, ვეღარ შემოვა ბაზარზე როგორც ინვესტორი და ვერ ააშენებს მომსახურების ცენტრებს.
„ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა ადგილი არ ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.