საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატებისთვის განახლებული სასწავლო ცენტრი გახსნა

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ მიზანს ადვოკატების სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვა წარმოადგენს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და ადვოკატებისთვის განახლებული სასწავლო ცენტრი გახსნა, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ცენტრი პროექტის „იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის რეფორმის მატერიალურ–ტექნიკური მხარდაჭერა“ ფარგლებში განახლდა და ის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და ადვოკატის სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვის ხელშეწყობას.

„ადვოკატის პროფესია ძალიან ძლიერ მორალურ სიმტკიცეს მოითხოვს, რადგან თქვენ ითავისებთ ბრალდებულის პოზიციას და ცდილობთ, საზოგადოებასა და სახელმწიფოს დაუმტკიცოთ, რომ ყველა ბრალში არსებობს რაღაც გამამართლებელი პოზიცია. თქვენ იცავთ სწორედ იმას, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუცია მეც მავალებს — ადამიანის უფლებებს“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორი მარგველშვილი ადვოკატთა კონფერენციაზე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ადვოკატები რთული გამოწვევების წინაშე დგანან

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრი საქართველოში გააძლიერებს ადვოკატების კორპუსს, რომლის გარეშე ქვეყანაში სამართლიანი საზოგადოება და სასამართლო არ იქნება.

„მიხარია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაიცვან, თავიანთი პროფესიული ცოდნის ნაწილს აქ, ამ სასწავლო ცენტრში მიიღებენ. ჩემი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვაშია, რეალურად, ყოველდღიურობაში კი ამას ახორციელებთ თქვენ და თქვენზე ნებისმიერ ზეწოლას მე განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომელთა დაცვასაც მეც და თქვენც გვავალებს კონსტიტუცია“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ადვოკატთა ასოციაციამ პრეზიდენტი, ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით დააჯილდოვა.

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენის ინიცირება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ 2014 წლის შემოდგომაზე მოახდინა. ჯილდო იურისტის პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0